ძველი აღთქმა
ოსია
101 რქაკეთილი ვენახია ისრაელი, ნაყოფსაც თავის მსგავსს იძლევა; რა უხვი ნაყოფიც ჰქონდა, ასევე გააუხვა სამსხვერპლოები; რა კარგი მიწაც ჰქონდა, ასევე დაამშვენა სვეტები. 2 ორგულნი არიან, მაგრამ ახლა კი მსჯავრი დაედებათ; შემუსრავს მათ სამსხვერპლოებს, დალეწავს მათ სვეტებს. 3 რადგან ახლა ამბობენ, მეფე არა გვყავსო, რადგან უფლის არ გვეშინიაო; მეფემ კი, – რა უნდა გვიყოსო? 4 მხოლოდ სიტყვებს ლაპარაკობენ, ცრუდ ფიცულობენ აღთქმის დადებისას; აღმოცენდება მსჯავრი, როგორც შხამიანი ბალახი ყანის ხნულებში. 5 შეშინდებიან სამარიის მცხოვრებნი ბეთ-ავენის ხბორების გამო, რადგან იგლოვებენ მას მისი ერი და მისი ქურუმები, მისით რომ ხარობდნენ; გამოიგლოვებენ მის დიდებას, რადგან განეშორა მას. 6 თავად მას კი იარებ მეფეს მიართმევენ ძღვნად; სირცხვილი აიტანს ეფრემს და ისრაელს შერცხვება თავისი განზრახვისა. 7 გაქრება სამარია თავისი მეფითურთ, როგორც ქაფი წყლის ზედაპირზე. 8 განადგურდება ავენის გორაკები – ისრაელის ცოდვა; ნარ-ეკალი და ძეძვი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე და ეტყვიან მთებს: გადაგვეფარეთ და ბორცვებს – თავზე დაგვემხეთო! 9 გიბყას დღეებიდან მოყოლებული სცოდავ, ისრაელო! იქ დგანან; არ მიწვდენიათ მათ გიბყაში უკეთურების ძეთა წინააღმდეგ გალაშქრება. 10 ჩემი ნებისამებრ დავსჯი მათ; შეიკრიბებიან მათ წინააღმდეგ ხალხები, როცა შეპყრმობილნი იქნებიან ორმაგი დანაშაულის გამო. 11 გამოქნილი დეკეულია ეფრემი, კალოს ნაჩვევი; მე თავად გადავივლი მის სქელ ქედზე და გამოვქნავ ეფრემს: იუდა შეუდგება ხვნას, იაკობი კი დაუფარცხავს. 12 თესეთ თქვენთვის სიმართლე და მოიმკით წყალობას, გატეხეთ თქვენთვის ყამირი; დროა უფლის ძიებისა, ვიდრე მოვიდოდეს და სიმართლეს გაწვიმებდეთ. 13 თქვენ ხნავდით ბოროტს და იმკიდით უსამართლობას; ჭამდით სიცრუის ნაყოფს, რადგან ესავდით თქვენს გზას, თქვენი მეომრების სიმრავლეს. 14 აურზაური ატყდება შენს ხალხში და ყველა შენი ციხე-სიმაგრე დაიქცევა; როგორც შალმანმა დააქცია ბეთ-არბელი ბრძოლის დღეს, დედა აკუწეს შვილებთან ერთად. 15 ასე დაგმართებთ თქვენ ბეთელი თქვენი უზომო ბოროტებისათვის. ამოვა ცისკრის ვარსკვლავი და აღარ იქნება ისრაელის მეფე.