ამოსი 1

ივლისი 23, 2015
ძველი აღთქმა
ამოსი
11 ამოსის, თეკოაყელი მწყემსის სიტყვები, რომლებიც იხილა მან ისრაელის გამო იუდას მეფის ყუზიას დროს და ისრაელის მეფის იერობყამ იოაშის ძის დროს, მიწისძვრამდე ორი წლით ადრე. 2 თქვა: „უფალი იგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს ისრაელიდან; ატირდებიან მწყემსთა საძოვრები და გახმება ქარმელის მწვერვალი. 3 სამ დანაშაულს ვაპატიებ დამასკოს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გილყადს. 4 ცეცხლს შევუნთებ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შეჭამს ბენ-ჰადადის დარბაზებს. 5 დავლეწავ დამასკოს ურდულებს, ამოვძირკვავ ავენის ხეობის მკვიდრთ და ყედენის სახლის კვერთხის მპყრობელს; გადაიხვეწება არამის ხალხი კირში”, – ამბობს უფალი. 6 ასე თქვა უფალმა: „სამ დანაშაულს ვაპატიებ ღაზას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან დედაბუდიანად გადახვეწეს ისრაელი, რომ ედომს დარჩენოდა ქვეყანა. 7 ცეცხლს წავუკიდებ ღაზას გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს. 8 ამოვძირკვავ აშდოდის მკვიდრთ და აშკელონელ კვერთხის მპყრობელს; ყეკრონზეც შევმართავ ხელს და საბოლოოდ გაწყდება ფილისტიმელთა ნატამალი,” – ამბობს უფალი. 9 ასე ამბობს უფალი: „სამ დანაშაულს ვაპატიებ ცორს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს, აღარ გაიხსენეს ძმური აღთქმა. 10 ცეცხლს წავუკიდებ ცორის გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს.” 11 ასე ამბობს უფალი: „სამ დანაშაულს ვაპატიებ ედომს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან მახვილით ხელში დევნიდა თავის ძმას, ჩაიხშო სიბრალული, მუდამ ბრდღვინავს რისხვით და ბრაზს ინახავს გულში. 12 ცეცხლს წავუკიდებ თემანს და ცეცხლი შთანთქავს ბოცრას დარბაზებს.” 13 ასე თქვა უფალმა: „სამ დანაშაულს ვაპატიებ ყამონელებს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ფატრავდნენ ორსულ ქალებს გილყადში, რომ გაეფართოვებინათ თავიანთი საზღვრები. 14 ცეცხლს წავუკიდებ რაბას გალავნებს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს ყიჟინით ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი ქარიშხლიან დღეს. 15 ტყვედ ჩავარდება მათი მეფე დიდებულებთან ერთად”, – ამბობს უფალი.

იოველი                                                                                                                                                     თავი მეორე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close