ეზეკიელი 47

By
აგვისტო 25, 2015
ძველი აღთქმა
ეზეკიელი

471 და დამაბრუნა სახლის შესასვლელში და ვნახე იქ წყალი, გამომდინარე სახლის ზღურბლის ქვეშიდან, აღმოსავლეთით, რადგან სახლი აღმოსავლეთით იყო მიქცეული და წყალი ჩამოდიოდა სახლის მარჯვენა მხარის ქვევიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით. 2 და გამომიყვანა ჩრდილოეთის კარიბჭის გზით და გამატარა გარეთა გზით გარეთა კარიბჭესთან, გზით, რომელიც აღმოსავლეთით იყო მიქცეული და მოედინებოდა იქ წყალი მარჯვენა მხრიდან. 3 როდესაც გადიოდა ეს კაცი აღმოსავლეთით, მას ხელში ზონარი ეჭირა და გაზომა ათასი წყრთა და გამატარა მე წყალში – მუხლისთავამდე იყო წყალი. 4 და გაზომა ათასი და გამატარა წყალში – მუხლებამდე იყო წყალი, და გაზომა კიდევ ათასი და კვლავ გამატარა – წყალი ამჯერად წელამდე იყო. 5 და კიდევ გადაზომა ათასი – და იყო ხევი, რომლის გადალახვა არ შემეძლო, რადგან აიწია წყალმა. წყალი საცურაო იყო, ხევი კი ვერ გადაილახებოდა. 6 და მითხრა მან: „ნახე, ძეო კაცისავ?” და წამიყვანა მან და დამაბრუნა ხევის ნაპირზე. 7 და როდესაც დავბრუნდი, ვნახე მდინარის სანაპიროზე ძალზე ბევრი ხე ორივე მხრიდან. 8 და მითხრა მან: ‘ეს წყლები გადიან აღმოსავლეთის მხარეში, ჩავლენ ტრამალზე და შევლენ ზღვიდან ზღვაში, იქ რომ არიან, და განიკურნება წყალი. 9 და ყოველი სულიერი არსება, რომელიც იძვრის ყველგან, სადაც მივლენ ეს ხევები, იცოცხლებს და იქნება ძალზე მრავალი თევზი, რადგან მივლენ იქ ეს წყლები, და განკურნავენ, და ცოცხალი იქნება ყველაფერი, სადაც მივა ეს ხევი. 10 და დადგებიან მასზე მეთევზენი: ყენ-გადიდან ყენ-ეგლაიმამდე ბადეთა გასაშლელი იქნება. იმავე ჯიშის იქნება მათი თევზები, როგორც დიდი ზღვის თევზია, ძალზე მრავალი. 11 მისი ჭაობები და მისი ტბები არ განიკურნება – მარილისთვის მიეცემა. 12 და ხევზე, მისი სანაპიროს ორივე მხარეს, ამოვა ყველანაირი ხე საჭმელის მომცემი, მისი ფოთლები არ დაჭკნება და მისი ნაყოფი არ მოილევა. ყოველ თვეს დამწიფდება ახალი ხილი, რადგან მისი წყლები საწმიდრიდან გამოდიან. და იქნება მისი ნაყოფი საჭმელად და მისი ფოთლები წამლად.” 13 და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ესაა საზღვარი, რომლითაც დაუნაწილებ ამ ქვეყანას ისრაელის თორმეტ ტომს: იოსებს ექნება ორი წილი 14 და დაინაწილებთ მას, თითოეული თანაბრად. როდესაც ავწიე ჩემი ხელი, დავიფიცე მიმეცა თქვენი მამებისათვის და თქვენ გხვდათ წილად ეს ქვეყანა სამკვიდრებლად. 15 ეს არის ამ ქვეყნის საზღვარი: ჩრდილოეთის მხარეს დიდი ზღვიდან ხეთლონის გზით ცედადის მიმართულებით, 16 ხამათი, ბეროთა, სიბრაიმი, რომლებიც დამასკოს საზღვარსა და ხამათის საზღვარს შორისაა, ხაცერ-ჰათიქონამდე, რომელიც ხავრანის საზღვართანაა. 17 იქნება საზღვარი ზღვიდან ხაცარ-ყენონამდე; დამასკოსა და ჩრდილოეთით ხამათის საზღვრამდე. და ეს არის ჩრდილოეთის საზღვარი. 18 და აღმოსავლეთის საზღვარი –ხავრანს შორის და დამასკოს შორის და გილყადს შორის და ისრაელის ქვეყანას შორის, იორდანეზე, აღმოსავლეთის ზღვის საზღვრიდან გადაზომეთ. და ეს არის აღმოსავლეთის კიდე. 19 და სამხრეთის საზღვარი – სამხრეთისაკენ თამარიდან მერიბოთ-კადეშის წყლებამდე, ხევის გაყოლებაზე დიდი ზღვისაკენ. და ეს არის სამხრეთის საზღვარი, სამხრეთით. 20 და დასავლეთის საზღვარი – დიდი ზღვა, სამხრეთის საზღვრიდან ხამათში მიმავალ გზამდე. ეს არის დასავლეთის საზღვარი. 21 გაინაწილეთ წილისყრით ეს ქვეყანა თქვენს შორის, ისრაელის ტომების მიხედვით. 22 და როცა გაანაწილებთ წილისყრით მას სამკვიდრებლად თქვენთვის და თქვენს შორის მცხოვრებ მდგმურთათვის, რომელთაც თქვენს შორის შობეს შვილები. იქნებიან ისინი თქვენთან, როგორც მკვიდრნი ისრაელის ძეთა შორის. თქვენთან გაინაწილებენ წილისყრით სამკვიდრებლად ისრაელის ტომთა შორის. 23 და იმ ტომში, რომელშიც მდგმური იცხოვრებს, იქ მისცემთ მას სამკვიდრებელს,” – სიტყვა უფალი ღმერთისა.

თავი ორმოცდამეექვსე                                                                                                                   თავი ორმოცდამერვე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close