ძველი აღთქმა
4 მეფეთა
91 ელისე წინასწარმეტყველმა მოუხმო წინასწარმეტყველთა ერთ-ერთ ძეთაგანს და უთხრა: „შეიბი სარტყელი წელზე, აიღე ეს ზეთის ჭურჭელი და წადი გილყადის რამოთს. 2 და მიხვალ და ნახავ იქ იეჰუს, ნიმშის ძის იოშაფატის ძეს. მიხვალ და წამოაყენებ მისი ძმებისგან და უკანა ოთახში შეიყვან. 3 და აიღებ ზეთის ჭურჭელს და ზეთს დაასხამ თავზე. ეტყვი: ‘ასე ამბობს უფალი: მე გცხებ ისრაელის მეფედ.’ და კარს გააღებ და დაუყოვნებლივ გაიქცევი და არ მოიცდი.” 4 და წავიდა ყმაწვილი, წინასწარმეტყველის მსახური, გილყადის რამოთს. 5 მივიდა და აჰა, სხედან ჯარის სარდლები. და უთხრა: „სიტყვა მაქვს შენთან, სარდალო.” და თქვა იეჰუმ: „რომელ ჩვენგანთან?” და თქვა: „შენთან, სარდალო.” 6 და ადგა და შევიდა სახლში. და გადაასხა ზეთი თავზე და უთხრა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘მე გცხებ უფლის ერის, ისრაელის, მეფედ. 7 შენ მოსპობ შენი ბატონის, ახაბის, სახლს, რომ ავიღო ჩემს მსახურთა – წინასწარმეტყველთა – სისხლი და უფლის ყველა მსახურის სისხლი, [რომელნიც დაეცნენ იზებელის ხელით. 8 და განადგურდება ახაბის მთელი სახლი, და ამოვუძირკვავ ახაბს კედელთან მიმშარდავს, და ყმასა და აზატს ისრაელში. 9 და ვაქცევ ახაბის სახლს იერობყამ ნაბატის ძის სახლივით, და ბაყაშა ახიას ძის სახლივით. 10 იზებელს კი ძაღლები შეჭამენ იზრეყელის ველზე და არავინ იქნება დამმარხველი.’“ და გააღო კარი და გაიქცა. 11 და გავიდა იეჰუ თავისი ბატონის მსახურებთან და უთხრეს: „ხომ მშვიდობაა? რისთვის მოვიდა შენთან ეგ შეშლილი?” და უთხრა მათ: „თქვენ იცით ეს კაციც და მისი ნალაპარაკევიც.” 12 და თქვეს: „ტყუილია, გვითხარი.” და თქვა: „ასე და ასე მითხრა, ასე ამბობსო უფალი: ‘მე გცხებ ისრაელის მეფედ.’“ 13 და საჩქაროდ დასტაცეს ხელი თავ-თავის მოსასხამებს და ზედ საფეხურებზე დაუფინეს. და ბუკსა ჰკრეს და გამოაცხადეს: „გამეფდა იეჰუ!” 14 აუჯანყდა იეჰუ იორამს, იოშაფატ ნიმშის ძის ძეს. ხოლო იორამი მთელ ისრაელთან ერთად არამის მეფეს, ხაზაელს, უდარაჯებდა გილყადის რამოთში. 15 თავად იორამ მეფე უკან დაბრუნდა, რათა იზრეყელში მოერჩინა ჭრილობები, არამელებმა რომ მიაყენეს ხაზაელთან, არამის მეფესთან, ბრძოლის დროს. და თქვა იეჰუმ: „თუ თანახმა ხართ, ნურავის გაუშვებთ ქალაქიდან იზრეყელში შესატყობინებლად.” 16 და ამხედრდა იეჰუ და გასწია იზრეყელისაკენ, რადგან იქ იწვა იორამი და იუდას მეფეც იქ იყო მისული იორამის სანახავად. 17 ებგური იდგა კოშკზე იზრეყელში. და დაინახა, იეჰუს ჯარი რომ მოდიოდა, და თქვა: „ჯარს ვხედავ.” და თქვა იორამმა: „აიღე და გაგზავნე მხედარი მისაგებებლად, ჰკითხონ: ‘მშვიდობაა?’“ 18 და წავიდა მხედარი მისაგებებლად და უთხრა: „ასე ამბობს მეფე: ‘მშვიდობაა?’“ და თქვა იეჰუმ: „შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? უკან წამომყევი.” შეატყობინა ებგურმა: „მივიდა მათთან მოციქული და აღარ ბრუნდება.” 19 და გაგზავნა მეორე მხედარი. ისიც მივიდა მათთან და თქვა: „ასე ამბობს მეფე: ‘მშვიდობაა?’“ და თქვა იეჰუმ: „შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? უკან წამომყევი.” 20 შეატყობინა ებგურმა: „მივიდა მათთან და აღარ ბრუნდება. ქცევით იეჰუ ნიმშის ძესა ჰგავს, რადგან გადარეულივით იქცევა.” 21 და თქვა იორამმა: „შემიკაზმეთ.” და შეუკაზმეს ეტლი და გავიდნენ იორამ ისრაელის მეფე და ახაზიაჰუ, იუდას მეფე, თავ-თავისი ეტლებით. და გავიდნენ იეჰუს შესახვედრად და შეეყარნენ მას ნაბოთ იზრეყელელის მინდორზე. 22 და როცა დაინახა იორამმა იეჰუ, თქვა: „მშვიდობაა, იეჰუ?” და თქვა: „რა მშვიდობა უნდა იყოს დედაშენის, იზებელის, გარყვნილებისა და მისი ამდენი ჯადოქრობის მერე?” 23 და უკან გატრიალდა იორამი და გაიქცა, და უთხრა ახაზიაჰუს: „ღალატია, ახაზია!” 24 და მოზიდა მშვილდი იეჰუმ, და ბეჭებს შორის დაჰკრა და გულს უწვდინა ისარი. და ჩაიჩოქა თავის ეტლზე იორამმა. 25 და უთხრა იეჰუმ ბიდეკარს, თავის მხლებელს: „აიღე და გადააგდე იგი ნაბოთ იზრეყელელის ყანაში. და გაიხსენე, წყვილად რომ მივყვებოდით უკან ცხენდაცხენ მე და შენ მამამისს, ახაბს, და ეს განაჩენი რომ გამოუტანა უფალმა. 26 განა ნაბოთის და მისი შვილების სისხლი არ ვიხილე გუშინ? – ამბობს უფალი, – ამავე ყანაში მოგკითხავ სამაგიეროს’. აიღე და გადააგდე ყანაში უფლის სიტყვისამებრ.” 27 ეს რომ დაინახა ახაზიამ, იუდას მეფემ, ბეთ-ჰაგანისკენ გაიქცა. და გაეკიდა იეჰუ და თქვა: „მაგასაც დაჰკარით მისსავე ეტლზე.” და დაჰკრეს მას გურის მაღლობზე. იბლეყამთან, მეგიდოში. და გაიქცა და იქ მოკვდა. 28 და წაასვენეს მისმა მსახურებმა იერუსალიმს და დამარხეს იგი თავის სამარხში, მამათა გვერდით, დავითის ქალაქში. 29 იორამ ახაბის ძის მეთერთმეტე წელს გამეფდა ახაზია იუდაში. 30 და მივიდა იეჰუ იზრეყელში და, როცა მოესმა ამბავი იზებელს, საოლავი წაისვა თვალებზე, თავი გაილამაზა და გაიხედა სარკმელში. 31 და შევიდა თუ არა იეჰუ კარიბჭეში, ქალმა თქვა: „ხომ მშვიდობითაა ზიმრი საკუთარი ბატონის მკვლელი?” 32 ახედა სარკმელს კაცმა და დაიძახა: „ვინ არის ჩემს მხარეზე, ვინ?” და გადმოხედა მას ორმა-სამმა კარისკაცმა. 33 და თქვა: „გადმოაგდეთ ქალი!” და გადმოაგდეს და მიესხა სისხლი კედელს და ცხენებს. და მათ გადათელეს იგი. 34 და მივიდა იეჰუ, და ჭამა და სვა, და თქვა: „მოძებნეთ ის შეჩვენებული და დამარხეთ, რადგან მეფის ასულია.” 35 და წავიდნენ მის დასამარხავად, მაგრამ ვერაფერი ნახეს მისგან, თავის ქალისა და ხელ-ფეხის მეტი. 36 და დაბრუნდნენ და მოახსენეს. და თქვა იეჰუმ: „ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც გამოაცხადა მან თავისი მსახურის, ელია თიშბელის პირით: იზრეყელის ველზე შეჭამენო ძაღლები იზებელს. 37 და იქნება იზებელის გვამი, როგორც ნეხვი ყანაში იზრეყელის ველზე, რომ ვერავინ თქვასო: „აი ეს არის იზებელი.”