18 მაშინ დიდად განურისხდა უფალი ისრაელიანთ, და თავიდან მოიშორა ისინი. მხოლოდ ერთი იუდას ტომიღა შერჩა. 19 არც იუდა იცავდა უფლის, თავისი ღმერთის მცნებებს და ისრაელიანთა წესებს მისდევდა, როგორც ისინი იქცეოდნენ. 20 და შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი მოდგმა, და მოდრიკა იგი, და მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა თავიდან. 21 და როცა მოწყდა ისრაელი დავითის სახლს და გაამეფეს იერობოყამ ნებატის ძე, მაშინ ჩამოაშორა იერობოყამმა ისრაელი უფალს და დიდად აცდუნა. 22 და დადიოდნენ ისრაელის ძენი იერობოყამის ცოდვებში, რომლებიც მას ჰქონდა ჩადენილი, და არ განრიდებიან მათ, 23 ვიდრე არ განირიდა უფალმა ისრაელი, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავის მსახურ წინასწარმეტყველთა პირით. და გადასახლებულია ისრაელი თავისი მიწიდან აშურში და დღემდეა იქ.