ძველი აღთქმა
4 მეფეთა
161 ფეკახ რემალიაჰუს ძის მეჩვიდმეტე წელს გამეფდა ახაზი, იუდას მეფის იოთამის ძე. 2 ოცი წლისა იყო ახაზი, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. არ აკეთებდა სწორს უფლის, თავისი ღვთის, თვალში, როგორც იქცეოდა მამამისი დავითი. 3 და დადიოდა ისრაელის მეფეთა გზით. თავისი შვილიც კი ცეცხლში გაატარა იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან. 4 მსხვერპლს სწირავდა და საკმეველს აკმევდა გორაკებზე, ბორცვებზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ. 5 მაშინ აღდგნენ რეცინი, არამის მეფე, და ისრაელის მეფე ფეკახ რემალიაჰუს ძე იერუსალიმის წინაააღმდეგ საომრად, მოიმწყვდიეს ახაზი ალყაში, მაგრამ ვერ სძლიეს მას. 6 იმხანად დაუბრუნა რეცინმა, არამის მეფემ, ელათი არამს და აჰყარა იუდაელები ელათიდან. და ედომელები შევიდნენ ელათში და დღემდე იქ ცხოვრობენ. 7 და გაუგზავნა ახაზმა თიგლათ-ფილესერს, აშურის მეფეს, მოციქულები და შეუთვალა: „შენი მსახური და შენი შვილი ვარ მე. მოდი და მიხსენი არამის მეფისა და ისრაელის მეფისგან, რომელნიც აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ.” 8 და აიღო ახაზმა ოქრო-ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში იპოებოდა და ძღვნად გაუგზავნა აშურის მეფეს. 9 და ისმინა მისი აშურის მეფემ და მოადგა აშურის მეფე დამასკოს, აიღო იგი და ხალხი კირაში გადაასახლა, ხოლო რეცინი მოკლა. 10 და წავიდა მეფე ახაზი აშურის მეფის, თიგლათ-ფილესერის, მისაგებებლად დამასკოში, და ნახა სამსხვერპლო, დამასკოში რომ იყო, და გაუგზავნა მეფე ახაზმა ურია მღვდელს სამსხვერპლოს ნახატი და მთელი ნაგებობის გეგმა. 11 და ააშენა ურია მღვდელმა სამსხვერპლო. როგორც შეუთვალა მეფე ახაზმა დამასკოდან, ისე გააკეთა ყველაფერი ურია მღვდელმა მეფე ახაზის დაბრუნებამდე დამასკოდან. 12 და დაბრუნდა მეფე დამასკოდან და იხილა მეფემ სამსხვერპლო, და მიეახლა მეფე სამსხვერპლოს და მიიტანა მსხვერპლი. 13 და დაწვა სრულადდასაწველი და პურეულის შესაწირავი, და დაღვარა საღვრელი, და თავისი სამშვიდობო მსხვერპლის სისხლი ასხურა სამსხვერპლოს. 14 სპილენძის სამსხვერპლო კი, უფლის წინაშე რომ იდგა, გადაანაცვლა ტაძრის წინა მხრიდან, სამსხვერპლოსა და უფლის სახლის შუა ადგილიდან, და მოათავსა სამსხვერპლოს გვერდით, ჩრდილოეთის მხარეს. 15 და უბრძანა მეფე ახაზმა ურია მღვდელს: „დიდ სამსხვერპლოზე დაწვი დილის სრულადდასაწველი და საღამოს პურეულის ძღვენი, მეფის სრულადდასაწველი და მისი პურეულის ძღვენი, ქვეყნის მთელი ერის სრულადდასაწველი, მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელი. ყოველი სრულადდასაწველის სისხლი და ყოველი საკლავის სისხლი ასხურე მას. სპილენძის სამსხვერპლო კი ჩემი მისახედი იქნება.” 16 ყველაფერი ისე გააკეთა ურია მღვდელმა, როგორც უბრძანა მას მეფე ახაზმა. 17 და მოახლიჩა მეფე ახაზმა ფიცრები კვარცხლბეკებს და მოხსნა მათი საბანელი, და ჩამოიღო ზღვა სპილენძის ხარებიდან, რომლებზეც იდგა ის, და ქვის იატაკზე დადგა. 18 საშაბათო ტალანი, ტაძართან რომ იყო აშენებული, და გარეთა სამეფო შესასვლელი უფლის ტაძრისკენ მოაქცია აშურის მეფის გულისთვის. 19 ახაზის დანარჩენი საქმენი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 20 და განისვენა ახაზმა თავის მამებთან და დაიმარხა მამათა გვერდით დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად მისი ძე ხიზკიაჰუ გამეფდა.