ძველი აღთქმა
4 მეფეთა
131 იუდას მეფის, იოაშ ახაზიაჰუს ძის, ოცდამესამე წელს გამეფდა იეჰოახაზ იეჰუს ძე ისრაელზე სამარიაში და [იმეფა] ჩვიდმეტი წელი. 2 და ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში და მიჰყვებოდა იერობყამ ნაბატის ძის ცოდვების კვალს, რომელმაც აცთუნა ისრაელი, და არ განრიდებია მას. 3 და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის ძეთა მიმართ და ჩაუგდო ისინი ხელში ხაზაელს, არამის მეფეს; და ბენ ჰადადს, ხაზაელის ძეს, დიდი ხნით. 4 და შეევედრა იეჰოახაზი უფალს და უსმინა მას უფალმა, რადგან დაინახა ისრაელის ძეთა შეჭირვება, როგორ აჭირვებდა მათ არამის მეფე. 5 და მისცა უფალმა ისრაელს მხსნელი, და დააღწიეს თავი არამის ბატონობას, და იწყეს ცხოვრება ისრაელის ძეთ თავ-თავის კარვებში, როგორც გუშინ და გუშინწინ ცხოვრობდნენ. 6 ოღონდ არ განრიდებიან იერობყამის სახლის ცოდვებს, რომელმაც აცთუნა ისრაელი, მისდევდნენ მათ და ხემხვივანებიც კვლავინდებურად იდგა სამარიაში. 7 ორმოცდაათი ცხენოსანი, ათი საომარი ეტლი და ათი ათასი ქვეითიღა შერჩა იეჰოახაზს, რადგან გაანადგურა ისინი არამის მეფემ და მიწის მტვერივით დასათრგუნი გახადა. 8 იეჰოახაზის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა და მისი გმირობანი ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 9 და განისვენა იეჰოახაზმა თავის მამებთან და დამარხეს იგი სამარიაში. და მის ნაცვლად მისი ძე იოაში გამეფდა. 10 იუდას მეფის, იოაშის ოცდამეჩვიდმეტე წელს გამეფდა იოაშ იეჰოახაზის ძე ისრაელზე სამარიაში და თექვსმეტი წელი იმეფა. 11 ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, არ მიუტოვებია ცოდვები იერობყამ ნაბატის ძისა, რომელმაც აცთუნა ისრაელი, არამედ მისდევდა მათ. 12 იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, მისი გმირობანი, იუდას მეფეს, ამაციას რომ ეომებოდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 13 და განისვენა იოაშმა თავის მამებთან და დაჯდა მის ტახტზე იერობყამი. და იოაში სამარიაში დაიმარხა ისრაელის მეფეთა გვერდით. 14 და დასნეულდა ელისე და მოკვდა კიდეც ამ სენისგან. და ჩავიდა მასთან იოაში, ისრაელის მეფე, თავზე დასტიროდა და ეუბნებოდა: „მამავ, მამავ, ისრაელის ეტლო და მხედრობავ!” 15 და უთხრა ელისემ: „აიღე მშვილდ-ისარი,” მანაც აიღო მშვილდ-ისარი. 16 და უთხრა ისრაელის მეფეს: „დააადე ხელი მშვილდს”, მანაც დაადო ხელი. და ელისემ მეფის ხელზე დააწყო თავისი ხელები. 17 და თქვა: „გააღე აღმოსავლეთის სარკმელი.” და გააღო. და თქვა ელისემ: „სტყორცნე.” და სტყორცნა. და თქვა: „ძლევის ისარი უფლისაგან და ძლევის ისარი არამისკენ. სძლევ არამს აფეკში საბოლოოდ.” 18 თქვა: „აიღე ისრები.” და აიღო. და უთხრა ისრაელის მეფეს: „დაჰკარი მიწას.” სამგზის დაჰკრა მიწას და გაჩერდა. 19 და გაუბრაზდა ღვთისკაცი და უთხრა: „ხუთგზის ან ექვსგზის რომ დაგეკრა. საბოლოოდ სძლევდი არამს. ახლა სამგზის სძლევ არამს.” 20 და მოკვდა ელისე და დამარხეს იგი. და მოაბის მოთარეშენი დაეცნენ ქვეყანას წლის დამდეგს. 21 ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ და აჰა, როცა დაინახეს მოთარეშენი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში, და როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა. 22 ხაზაელი, არამის მეფე, აჭირვებდა ისრაელის ძეთ იეჰოახაზის მეფობის მთელს ხანში. 23 და შეიბრალა ისინი უფალმა და შეიწყალა, და მოხედა მათ აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმის გამო, და არ ინება მათი მოსპობა. და თავიდან არ მოუშორებია ისინი დღესამომდე. 24 და მოკვდა ხაზაელი, არამის მეფე, და მის ნაცვლად მისი ძე ბენ-ჰადადი გამეფდა. 25 და უკანვე დაიბრუნა იოაშ იეჰოახაზის ძემ ბენ-ჰადად ხაზაელის ძისგან ქალაქები, რომლებიც ბრძოლით ჰქონდა წართმეული მისი მამისთვის, იეჰოახაზისთვის. სამგზის სძლია მას იოაშმა და დაიბრუნა ისრაელის ქალაქები.