ძველი აღთქმა
4 მეფეთა
111 როცა დაინახა ღოთოლიამ, ახაზიაჰუს დედამ, რომ მოკვდა მისი შვილი, ადგა და ამოწყვიტა სამეფო მოდგმა. 2 მაგრამ იეჰოშებაყმა, მეფე იორამის ასულმა, ახაზიაჰუს დამ, აიყვანა იოაში, ახაზიაჰუს ძე, და მოიპარა დასახოცად განწირულ უფლისწულთა შორის და მის ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში დამალეს ღოთოლიასგან, და ვერ მოკლეს. 3 ექვს წელს იმალებოდა მასთან ერთად უფლის სახლში, ღოთოლია კი მეფობდა ქვეყანაზე. 4 მეშვიდე წელს დაიბარა იეჰოიადაყმა მცველთა და მალემსრბოლთა ასისთავები და შეიყვანა ისინი უფლის სახლში. და აღთქმა მოსთხოვა მათ, და დააფიცა უფლის სახლში და აჩვენა უფლისწული. 5 და უბრძანა: „აი, როგორ უნდა მოიქცეთ: თქვენგან მესამედმა, შაბათს მომსვლელთაგან, მეფის სასახლეში უნდა იყარაულოს. 6 მესამედმა – სურის კარიბჭესთან, მესამედმაც – კარიბჭესთან, მალემსრბოლთა უკან რომ არის. მორიგეობით იყარაულეთ სასახლეში. 7 თქვენგან ორმა მესამედმა, შაბათს გამომსვლელთაგან, უფლის სახლში უნდა იყარაულოს მეფის წინაშე. 8 გარს შემოერტყით მეფეს იარაღით ხელში და, ვინც რიგებში შემოვა, მოკვდეს. ედექით მეფეს მისი გამოსვლისას და შესვლისას.” 9 ყველაფერი ისე გააკეთეს ასისთავებმა, როგორც დაარიგა მათ იეჰოიადაყ მღვდელმა: წაიყვანეს თავ-თავისი ხალხი – შაბათს მომსვლელნი, შაბათის გამსვლელებთან ერთად – და იეჰოიადაყ მღვდელთან მივიდნენ. 10 და დაურიგა მღვდელმა ასისთავებს შუბები და ფარები, მეფე დავითს რომ ჰქონდა უფლის სახლში, 11 და დადგნენ მალემსრბოლები იარაღით ხელში სახლის მარჯვენა ფრთიდან სახლის მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან და სახლთან, მეფის ირგვლივ. 12 და გამოიყვანა უფლისწული, დაადგა შარავანდი და მისცა მოწმობა, და გაამეფეს და სცხეს ზეთი. ტაშს უკრავდნენ და ამბობდნენ: „იცოცხლოს მეფემ!” 13 და შემოესმა ღოთოლიას ხალხის ჩოჩქოლი და გავიდა ხალხთან უფლის სახლში. 14 და დაინახა სვეტზე მდგარი მეფე, წესისამებრ, და სარდლები და საყვირები მეფის გვერდით. მხიარულობს ქვეყნის ერი და საყვირებს ახმიანებენ. და შემოიგლიჯა სამოსელი ღოთოლიამ და იყვირა: „ღალატია! ღალატი!” 15 და უბრძანა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს – ჯარის მეთაურებს, და უთხრა: „გარეთ გაიყვანეთ ღოთოლია და ვინც უკან გაჰყვება, მახვილით მოკალით”, რადგან იფიქრა მღვდელმა, უფლის სახლში არ მოკლანო. 16 და გზა მისცეს და წავიდა „ცხენთა შესასვლელით” სასახლისკენ, და იქ მოკლეს. 17 და დადო იეჰოიადაყმა აღთქმა უფალს, მეფეს და ერს შორის, რათა საუფლო ერი ყოფილიყო, და ასევე მეფესა და ერს შორის. 18 და შევიდა მთელი ქვეყნის ერი ბაყალის სახლში და დაანგრიეს იგი სამსხვერპლოიანად, და დალეწეს მისი გამოსახულებანი და მოკლეს მათანი, ბაყალის ქურუმი, სამსხვერპლოების წინ. და დააწესა მღვდელმა ზედამხედველობა უფლის სახლზე. 19 და წამოიყვანა ასისთავები, სასახლის მცველები, მალემსრბოლები და ქვეყნის ერი და მათაც გამოიყვანეს მეფე უფლის სახლიდან. მცველთა შესასვლელით სამეფო სახლში მივიდნენ; და მეფეთა ტახტზე დაჯდა იგი. 20 და გამხიარულდა მთელი ქვეყნის ერი და დაწყნარდა ქალაქი. ხოლო ღოთოლია მახვილით მოკლეს სამეფო სახლში. 21 იეჰუს მეშვიდე წელს გამეფდა იოაში