HomeUncategorized

3 მეფეთა 20

ძველი აღთქმა
3 მეფეთა
201 ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, შეკრიბა მთელი თავისი ჯარი, თან იახლა ოცდათორმეტი მეფე, და ცხენებითა და ეტლებით დაიძრა, შემოადგა სამარიას და ბრძოლა გაუმართა. 2 და გაუგზავნა მოციქულები ახაბს, ისრაელის მეფეს, ქალაქში, 3 და შეუთვალა: „ასე ამბობს ბენ-ჰადადი: ‘ჩემია შენი ვერცხლი და შენი ოქრო, ჩემია შენი ცოლები და შენი საუკეთესო ვაჟები.’“ 4 და მიუგო ისრაელის მეფემ და უთხრა: „შენი სიტყვისამებრ იყოს, მეფე-ბატონო! მეც შენი ვარ და ჩემი საბადებელიც შენია.” 5 კვლავ მოვიდნენ მოციქულები და თქვეს: „ასე ამბობს ბენ-ჰადადი: ‘რაკი შემოგითვალე, მომეცი შენი ოქრო-ვერცხლი, შენი ცოლები და შენი ვაჟები. 6 ხვალ ამ დროს გამოგიგზავნი ჩემს მსახურთ, რომ გაჩხრიკონ შენი სახლი და შენს მსახურთა სახლები, და ხელი დაადონ ყველაფერს, რაც ძვირფასია შენს თვალში, და წამოიღონ.’“ 7 და უხმო ისრაელის მეფემ ქვეყნის მთელს უხუცესობას და უთხრა: „კარგად შეიგნეთ, რომ ცუდს გვიპირებს ეს კაცი, რადგან ჩემი ცოლების, ჩემი ვაჟიშვილების და ჩემი ოქრო-ვერცხლის წასართმევად გამოგზავნა ხალხი, მე კი უარი არ მითქვამს მისთვის.” 8 და უთხრეს მთელმა უხუცესობამ და მთელმა ერმა: „ყურს ნუ დაუგდებ და ნურც დათანხმდები.” 9 და უთხრა მან ბენ-ჰადადის მოციქულებს: „ასე უთხარით ჩემს მეფე-ბატონს: რაც პირველად შემოუთვალე შენს მსახურს, იმას გავაკეთებ. მაგრამ ამ საქმის გაკეთება არ შემიძლია.” და წავიდნენ მოციქულები და მიუტანეს პასუხი. 10 და შეუთვალა ბენ-ჰადადმა: „ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და მეტიც დამმართონ, თუ სამარიის მტვრის თითო პეშვი შეხვდეს ყველას, ვინც უკან მიდგას.” 11 და მიუგო ისრაელის მეფემ და თქვა: „ნუ იტრაბახებს სარტყლის შემომრტყმელი სარტყლის შემხსნელივით.” 12 და გაიგონა ეს შემოთვლილი სიტყვა ბენ-ჰადადმა, რომელიც მეფეებთან ერთად ჩარდახის ქვეშ სვამდა, და უთხრა თავის მსახურთ: „შემოეწყვეთ!” ისინიც შემოეწყვნენ ქალაქს. 13 და აჰა, მიუახლოვდა ერთი წინასწარმეტყველი ახაბს, ისრაელის მეფეს და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ‘ხომ ხედავ ამ უამრავ ხალხს? ხელში ჩაგაგდებინებ დღეს ყველას, რათა იცოდე, რომ მე უფალი ვარ.’“ 14 და თქვა ახაბმა: „ვისი წყალობით?” და თქვა: „ასე ამბობს უფალი: ‘მხარეთა მთავრების მსახურთა წყალობით.’“ და თქვა: „ვინ წამოიწყებს ბრძოლას?”და თქვა: „შენ”. 15 და დათვალა მხარეთა მთავრების მსახურნი და აღმოჩნდა ორასოცდათორმეტი კაცი, მათ მერე დათვალა მთელი ხალხი, ყველა ისრაელიანი –შვიდი ათასი კაცი. 16 შუადღისას გავიდნენ, როცა ბენ-ჰადადი სვამდა და თვრებოდა ჩარდახქვეშ თავის თანამდგომ ოცდათორმეტ მეფესთან ერთად. 17 პირველად მხარეთა მთავრების მსახურნი გავიდნენ. გაგზავნა ბენ-ჰადადმა და ამბავი მოუტანეს: ხალხი გამოდისო სამარიიდან. 18 და თქვა: „თუ სამშვიდობოდ არიან გამოსულნი, ცოცხლად შეიპყარით. თუ საბრძოლველად არიან გამოსულნი, ასევე შეიპყარით ცოცხლად.” 19 ესენი გამოვიდნენ ქალაქიდან, მხარეთა მთავრების მსახურნი და ლაშქარი, მათ რომ მიჰყვებოდა უკან. 20 ყველამ თავ-თავისი მეტოქე დასცა ძირს. უკუიქცნენ არამელები და დაედევნა მათ ისრაელი. და გაიქცა ცხენით ბენ-ჰადადი, არამის მეფე, მხედრებთან ერთად. 21 და გამოვიდა ისრაელის მეფე და დასცხო ცხენებსა და ეტლებს. და დიდი გამარჯვება მოიპოვა არამზე. 22 და მიუახლოვდა წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს და უთხრა: „წადი, გამაგრდი და იფიქრე, რა უნდა გააკეთო, რადგან წელიწადი შემობრუნდება და დაგესხმის თავს არამის მეფე.” 23 და უთხრეს მისმა მსახურებმა არამის მეფეს: „მთათა ღმერთია მათი ღმერთი, ამიტომაც გვძლიეს. თუ ვაკეზე შევებრძოლებით, უსათუოდ ვძლევთ. 24 აბა, ასე მოიქეცი: თავ-თავის ადგილებს მოაშორე მეფეები და მათ ნაცვლად ერისმთავარნი დააყენე. 25 შეჰყარე იმდენივე ჯარი, რამდენიც დაგეღუპა, იმდენივე ცხენი, რამდენიც გყავდა, და იმდენივე ეტლი, რამდენიც გქონდა. ვაკეზე შევებრძოლოთ მათ და უსათუოდ დავამარცხებთ.” ყურად იღო მათი სიტყვა და ასე გააკეთა. 26 და როცა მობრუნდა წელიწადი, დაათვალიერა თავისი ლაშქარი არამის მეფემ და გაემართა აფეკისკენ ისრაელის ძეებთან საბრძოლველად. 27 და დაეწყვნენ ისრაელის ძენიც, საგზალი მიიღეს და მათ შესახვედრად დაიძრნენ. თხის ორი ჯოგივით დაიბანაკეს ისრაელის ძეთ მათ პირისპირ, ხოლო არამელებმა დაფარეს მიწა. 28 და გამოჩნდა ღვთისკაცი და უთხრა ისრაელის მეფეს: „ასე ამბობს უფალი: ‘რაკი თქვეს არამელებმა უფალზე, მთების ღმერთი არისო და ვაკეების ღმერთი არ არისო, მთელ ამ ურიცხვ ლაშქარს ხელში ჩაგაგდებინებ, რათა იცოდეთ, რომ უფალი ვარ’“. 29 ასე იყვნენ დაბანაკებულნი ერთმანეთის პირისპირ შვიდ დღეს. მეშვიდე დღეს გაიმართა ბრძოლა და გაწყვიტეს ისრაელის ძეთ არამელნი – ასი ათასი ქვეითი ერთ დღეს. 30 დანარჩენები ქალაქ აფეკში გაიქცნენ, დანარჩენი ოცდაშვიდი ათასი კაცი კი კედელმა დაიტანა. ბენ-ჰადადიც გაიქცა და მივიდა ქალაქში და შიდა ოთახში დაიმალა. 31 და უთხრეს მისმა მსახურებმა: „გვსმენია, გულმოწყალენი ყოფილან ისრაელის სახლის მეფეები. წელზე ჯვალოს შემოვიკრავთ, თავზე საბლებს დავიწყობთ და გავალთ ისრაელის მეფესთან. ვინძლო ცოცხლები დაგვტოვოს”. 32 წელზე ჯვალო შემოიკრეს, თავზე საბლები დაიდეს, და მივიდნენ ისრაელის მეფესთან და უთხრეს: „შენი მსახური ბენ-ჰადადი გთხოვს, სიცოცხლე შემინარჩუნეო.” და თქვა: „ჯერ კიდევ ცოცხალია? ჩემი ძმა არის.” 33 და ინიშნეს ეს ამ კაცებმა, არ დაიბნენ და სასწრაფოდ მიუგეს: „შენი ძმა არის ბენ-ჰადადი.” და თქვა მეფემ: „წადით და მოიყვანეთ”. და გამოვიდა მასთან ბენ-ჰადადი და ეტლზე დაისვა იგი მეფემ. 34 და უთხრა: „დაგიბრუნებ იმ ქალაქებს, მამაშენს რომ წაართვა მამაჩემმა. იქონიე ქუჩები დამასკოში, როგორც მამაჩემს ჰქონდა სამარიაში. მე კი, – თქვა ახაბმა, – ხელშეკრულების დადებით გაგისტუმრებ.” დაუდო ხელშეკრულება და გაისტუმრა. 35 და უთხრა ერთმა წინასწარმეტყველთა დასიდან მეორეს, უფლის სიტყვით: „მცემე.” და არ ინდომა ამ კაცმა მისი ცემა. 36 და უთხრა: „რაკი არ გაიგონე უფლის ხმა, აჰა, წახვალ თუ არა ჩემგან, ლომი მოგკლავს.” წავიდა მისგან კაცი, შემოეყარა ლომი და მოკლა კაცი. 37 და მოძებნა სხვა კაცი და უთხრა: „მცემე.” მაგრად სცემა იმ კაცმა და დააწყლულა. 38 და წავიდა წინასწარმეტყველი და დახვდა მეფეს გზაზე, თვალებზე რიდე ჰქონდა აფარებული. 39 და როცა გამოიარა მეფემ, შეჰბღავლა მან მეფეს და უთხრა: „შუაგულ ბრძოლაში იყო შენი მსახური, როცა ვიღაც კაცი გავიდა გვერდზე და მომიყვანა კაცი და მითხრა: ‘უყარაულე ამ კაცს. თუ დაიკარგა, შენი სული მისი სულის წილ იყოს, ანდა ერთი ქანქარი ვერცხლი გადაიხადე.’ 40 და გაერთო საქმით შენი მსახური და აჰა, სადღაა კაცი.” და უთხრა მას ისრაელის მეფემ: „შენ თავად გამოგიტანია განაჩენი შენთვის.” 41 და მყისვე გადაიძრო რიდე თვალთაგან და იცნო ისრაელის მეფემ, შეიცნო მასში ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველი. 42 და უთხრა წინასწარმეტყველმა: „ასე ამბობს უფალი: ‘რაკი ხელიდან გაუშვი ჩემი დარისხებული კაცი, იყოს შენი სული მისი სულის წილ, და შენი ხალხი მისი ხალხის წილ.’“ 43 და წავიდა ისრაელის მეფე შინისაკენ დამწუხრებული და შეშფოთებული და მივიდა სამარიას.
თავი მეცხრამეტე                                                                                                                         თავი ოცდამეერთე

COMMENTS