24 მოუხმეთ თქვენი ღმერთის სახელს, და მეც მოვუხმობ უფლის სახელს. და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ღმერთი ის იქნება.“ და მიუგო მთელმა ხალხმა და თქვა: „კეთილი.“ 25 და უთხრა ელიამ ბაყალის წინასწარმეტყველთ: „ამოირჩიეთ რომელიმე მოზვერი, პირველად თქვენ გაამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ.“ 26 და გამოიყვანეს მათ მოზვერი, რომელიც ერგოთ და გაამზადეს. დილიდან შუადღემდე მოუწოდებდნენ ბაყალის სახელს და ეძახდნენ: „ხმა გაგვეცი, ბაყალ!“ მაგრამ არც ხმა იყო საიდანმე და არც – პასუხი. და ხტოდნენ ისინი სამსხვერპლოს წინ, რომელიც მათ ააგეს. 27 შუადღისას დაცინვა დაუწყო მათ ელიამ: „მაგრად უყვირეთ! რადგან ღმერთია იგი; ალბათ ფიქრებშია ან რაიმე უჭირს, ან გზაშია. იქნებ სძინავს კიდეც და ეგრე გაიღვიძებს!“ 28 დიდი ხმით გაჰყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულებისამებრ, ისე ისერავდნენ კანს მახვილებითა და ლახვრებით, რომ სისხლი ჩამოსდიოდათ ტანზე. 29 შუადღე გადავიდა, ისინი კი ისევ ქადაგებდნენ საღამოს მსხვერპლშეწირვამდე; მაგრამ არც ხმა ისმოდა, არც პასუხი, არც ჩქამი. 30 და უთხრა ელიამ მთელ ხალხს: „ახლოს მოდით.“ და მივიდა მასთან მთელი ხალხი. და დაიწყო მან უფლის დანგრეული სამსხვერპლოს აღდგენა. 31 აიღო ელიამ 12 ლოდი, იაკობის ძეთა შტოების რიცხვის მიხედვით, რომლის მიმართაც იყო უფლის სიტყვა: ისრაელი იყოსო სახელი შენი. 32 და ააშენა ლოდებისგან სამსხვერპლო უფლის სახელზე. სამსხვერპლოს გარს შემოავლო ორი საწყაო მარცვლის ტევადობის თხრილი 33 და დააწყო შეშა, შუა გაკვეთა მოზვერი და შეშაზე დააწყო. 34 და თქვა: „აავსეთ წყლით ოთხი ჩაფი და გადაასხით სრულადდასაწველ მსხვერპლსა და შეშას.“ და თქვა: „გაიმეორეთ.“ და გაიმეორეს. და თქვა: „მესამედ გადაასხით.“ მათაც გადაასხეს მესამედ. 35 და ჩამოედინა წყალი ირგვლივ სამსხვერპლოს და წყლით აივსო თხრილი. 36 მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა: „უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისააკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ერთი ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მსახური ვარ და შენი სიტყვისამებრ გავაკეთე ეს ყველაფერი. 37 ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები.“ 38 და გადმოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა სრულადდასაწველი მსხვერპლი, შეშა, ქვები და ტალახი, ამოაშრო წყალი, თხრილში რომ იდგა.