HomeUncategorized

3 მეფეთა 16

ძველი აღთქმა
3 მეფეთა
161 იყო უფლის სიტყვა იეჰუ, ხანანის ძის, მიმართ ბაყაშას წინააღმდეგ: 2 „მიწის მტვერიდან აგამაღლე და ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლად დაგადგინე, მაგრამ რაკი იერობყამის გზას მიჰყვები, აცდუნებ ჩემს ერს, ისრაელს, და მაჯავრებ მათი ცოდვებით, 3 აჰა, მოვსპობ ბაყაშას კვალს და მისი სახლის კვალს, და იმასვე დავმართებ შენს სახლს, რაც იერობყამ ნაბატის ძის სახლს დავმართე. 4 ვინც ქალაქში მოუკვდება ბაყაშას, ძაღლები შეჭამენ იმას. ვინც ველად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან.” 5 ბაყაშას დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, და გმირობანი, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 6 განისვენა ბაყაშამ თავის მამებთან და დაიმარხა თირცაში. მის ნაცვლად ელა, მისი ძე, გამეფდა. 7 წინასწარმეტყველ იეჰუ ხანანის ძის პირით გამოცხადდა უფლის სიტყვა ბაყაშას გამო და მისი სახლის გამო, და ყოველი ბოროტების გამო, რასაც უფლის თვალში აკეთებდა იგი, რომ აჯავრებდა თავის ხელის ნამოქმედარით უფალს, რომ ბაძავდა იერობყამის სახლს, და იმის გამოც, რომ მოსპო იგი. 8 იუდას მეფის, ასას ოცდამეექვსე წელს გამეფდა ელა, ბაყაშას ძე, ისრაელზე თირცაში და იმეფა ორი წელი. 9 აუჯანყდა მისი მსახური ზიმრი, ეტლიონის ერთი ნახევრის მეთაური. ღვინით იყო მთვრალი ელა თირცას სასახლის მოურავის არცას სახლში, 10 და როცა შემოვიდა ზიმრი, ჩასცა მახვილი და მოკლა იგი იუდას მეფის, ასას, ოცდამეშვიდე წელს, და მის ნაცვლად გამეფდა. 11 როგორც კი გამეფდა და დაჯდა მის ტახტზე, მუსრი გაავლო ბაყაშას მთელ სახლს, არავინ დაუტოვა კედელთან მიმშარდავი, არც მისი ნათესავი და არც მისი მეგობარი. 12 და მოსპო ზიმრიმ ბაყაშას მთელი სახლი, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ბაყაშაზე იეჰუ წინასწარმეტყველის პირით, 13 ყველა იმ ცოდვის გამო, რაც ბაყაშამ და ელამ ჩაიდინეს, და იმის გამოც, რომ აცთუნებდნენ ისრაელს და თავიანთი კერპებით აჯავრებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს. 14 ელას დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 15 იუდას მეფის, ასას, ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ზიმრი და იმეფა შვიდ დღეს თირცაში. ამ დროს იყო, რომ შემოადგა ხალხი ფილისტიმელთა გიბეთონს. 16 და როცა შეიტყო მოალყე ხალხმა, რომ აჯანყდა ზიმრი და მოკლა მეფე. მთელმა ისრაელმა იმავე დღეს ბანაკში გაამეფეს ისრაელზე ყამრი, ისრაელის მხედართმთავარი. 17 და დაიძრა ყამრი და მთელი ისრაელი მასთან ერთად გიბეთონიდან და ალყა შემოარტყეს თირცას. 18 როცა დაინახა ზიმრიმ, რომ აღებული იყო ქალაქი, შევიდა სამეფო სახლის პალატში და თავზე გადაიბუგა სამეფო სახლი, და ასე მოკვდა იგი, 19 იმ ცოდვების გამო, რასაც სჩადიოდა, ბოროტს რომ აკეთებდა უფლის თვალში, რომ მიჰყვებოდა იერობყამის გზას და მის ცოდვებს, იერობყამი რომ სჩადიოდა ისრაელის საცთუნებლად. 20 ზიმრის დანარჩენი საქმენი და შეთქმულება, რომელიც მან მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 21 მაშინ გაიყო ისრაელის ერი ორ ნაწილად: ხალხის ერთი ნაწილი თიბნი გინათის ძის მხარეზე იყო, რომ გაემეფებინათ იგი, მეორე ნაწილი ყომრის უჭერდა მხარს. 22 და სძლია ყომრის მომხრე ხალხმა თიბნი გინათის ძის მომხრე ხალხს. მოკვდა თიბნი და გამეფდა ყომრი. 23 იუდას მეფე ასას ოცდამეთერთმეტე წელს გამეფდა ყომრი ისრაელზე და თორმეტი წელი [იმეფა]. ექვს წელს თირცაში მეფობდა იგი. 24 და ყომრიმ იყიდა სემერონის მთა შემერისგან ორ ქანქარ ვერცხლად და გააშენა ეს მთა, და მთის პატრონის, შემერის, სახელზე, თავის გაშენებულ ქალაქს სამარია უწოდა. 25 ბოროტს აკეთებდა ყომრი უფლის თვალში და გადაამეტა ბოროტებაში ყველას, ვინც მის წინ იყო. 26 და მიჰყვებოდა იერობყამ ნაბატის ძის გზას და მის ცოდვებს, რომლითაც აცთუნა იერობყამმა ისრაელი და თავისი კერპებით გააჯავრა უფალი, ისრაელის ღმერთი. 27 ყომრის დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, და გმირობანი, რაც ჩაიდინა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 28 და განისვენა ყომრიმ თავის მამებთან. და დაიმარხა სამარიაში. მის ნაცვლად ახაბი, მისი ძე, გამეფდა. 29 ახაბ ყომრის ძე გამეფდა ისრაელზე ასას, იუდას მეფის, ოცდამეთვრამეტე წელს. იმეფა ახაბ ყომრის ძემ ისრაელზე სამარიაში ოცდაორი წელი. 30 ბოროტს აკეთებდა ახაბ ყომრის ძე უფლის თვალში, ყველაზე უარესად, ვინც მის წინ იყო. 31 და არ იკმარა იერობყამ ნაბატის ძის ცოდვილ გზაზე სიარული და მოიყვანა ცოლად იზებელი, ციდონელთა მეფის ეთბაყალის ასული, და დაიწყო ბაყალის სამსახური და მისი თაყვანისცემა. 32 და აღუმართა სამსხვერპლო ბაყალს ბაყალის სახლში, რომელიც სამარიაში ააშენა. 33 და გააკეთა ახაბმა აშერა და თავის წინამორბედ ისრაელის მეფეებზე უფრო მეტად აჯავრებდა ახაბი უფალს, ისრაელის ღმერთს. 34 მის დროს ააშენა ხიელ ბეთელელმა იერიხო. თავის პირმშოზე, აბირამზე, დაუდო საფუძველი და სეგუბზე, უმცროს ვაჟზე, დაადგინა მისი კარიბჭე, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მას იესო ნავეს ძის ხელით.
თავი მეთხუთმეტე                                                                                                                       თავი მეჩვიდმეტე

COMMENTS