HomeUncategorized

3 მეფეთა 15

ძველი აღთქმა
3 მეფეთა
151 იერობყამ ნაბატის ძის მეფობის მეთვრამეტე წელს აბიამი გამეფდა იუდაზე. 2 სამ წელიწადს მეფობდა იგი იერუსალიმში. დედამისი იყო მაყაქა, აბიშალომის ასული. 3 და დადიოდა ყველა იმ ცოდვებით, რასაც მის წინ მამამისი სჩადიოდა, და არ იყო სრულად მინდობილი მისი გული უფლისადმი, როგორც მამამისის, დავითის, გული. 4 უფალმა, მისმა ღმერთმა, დავითის გამო მისცა მას ლამპარი იერუსალიმში, რომ დაუსვა ძე მემკვიდრედ და შეუნარჩუნა იერუსალიმი. 5 რადგანაც სწორს აკეთებდა დავითი უფლის თვალში და არასოდეს უღალატია უფლის მცნებისათვის, გარდა ხეთელი ურიას შემთხვევისა. 6 გამუდმებული ომი იყო რეხაბყამსა და იერობყამს შორის. 7 აბიამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერელი. ომი იყო ამტყდარი აბიამსა და იერობყამს შორის. 8 და განისვენა აბიამმა თავის მამებთან და დამარხეს იგი დავითის ქალაქში. მის ნაცვლად ასა, მისი ძე, გამეფდა. 9 ისრაელის მეფის, იერობყამის მეფობის მეოცე წელს გამეფდა ასა იუდაზე. 10 და ორმოცდაერთ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო მაყაქა, აბიშალომის ასული. 11 სწორს აკეთებდა უფლის თვალში ასა დავითის, მამამისის, მსგავსად. 12 გაყარა მემრუშენი ქვეყნიდან, და ერთიანად მოიშორა კერპები, რომლებიც მის მამებს ჰქონდა გაკეთებული. 13 თავისი დედაც კი, მაყაქა, დედოფლობას მოაშორა, რადგან კერპი ჰქონდათ დადგმული აშერასთვის. აჩეხა ასამ მისი კერპი და კიდრონის ხევში დასწვა. 14 გორაკები კი არ მოუშორებია, თუმცა სრულად იყო ასას გული მინდობილი უფლისადმი მთელი მისი სიცოცხლე. 15 და შეიტანა უფლის სახლში თავისი შეწირული და მამამისის შეწირული ნივთები – ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი. 16 გამუდმებული ომი იყო ასასა და ბაყაშას, ისრაელის მეფეს, შორის. 17 და გავიდა ბაყაშა, ისრაელის მეფე, იუდას წინააღმდეგ და იწყო რამას შენება, რათა არავინ გამოეშვა ასასგან, იუდას მეფისგან, და არავინ შეეშვა მასთან. 18 და აიღო ასამ მთელი ოქრო-ვერცხლი, რაც კი სამეფო სახლის საგანძურებში იყო დარჩენილი, და მისცა ხელში თავის მსახურთ. მიაგზავნა ისინი მეფე ასამ ბენ-ჰადადთან, ტაბრიმონის ძესთან, ხეზიონის ძისა, არამის მეფესთან, დამასკოში რომ იჯდა, და შეუთვალა: 19 „იყოს კავშირი ჩვენს შორის, როგორც ჩვენს მამებს შორის იყო. აჰა, გიგზავნი ძღვნად ოქრო-ვერცხლს; გაწყვიტე კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან, და ჩამომეხსნება.” 20 და დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას და გაგზავნა თავისი მხედართმთავრები ისრაელის ქალაქთა წინააღმდეგ. და დალაშქრეს ყიონი, დანი, აბელ-თებ-მაყაქა, მთელი ქინეროთი და ნაფთალის მთელი მხარე. 21 ეს რომ შეიტყო ბაყაშამ, შეწყვიტა რამას შენება და თირცაში დარჩა. 22 და მოუხმო მეფე ასამ უკლებლივ მთელს იუდას და გაზიდეს რამას ქვები და ხე-ტყე, რასაც სამშენებლოდ იყენებდა ბაყაშა. და ააშენა ამით მეფე ასამ ბენიამინის გებაყი და მიცფა. 23 ასას დანარჩენი საქმენი და ყველა მისი გმირობა, ყველაფერი, რაც გააკეთა, ქალაქები რომ ააშენა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი, გარდა იმისა, რომ სიბერეში ფეხები ასტკივდა. 24 განისვენა ასამ თავის მამებთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის, მამამისის, სახლში. მის ნაცვლად იოშაფატი, მისი ძე, გამეფდა. 25 ისრაელზე იერობყამის ძე ნადაბი გამეფდა ასას, იუდას მეფის, მეორე წელს, და ორი წელი მეფობდა ისრაელზე. 26 ცუდს აკეთებდა იგი უფლის თვალში, და მიჰყვებოდა მამის გზას და მის ცოდვებს, და ისრაელსაც აცდუნებდა. 27 აუჯანყდა მას ბაყაშა, ახიას ძე, ისაქარელი, და მოკლა იგი ბაყაშამ ფილისტიმის გიბეთონში, როცა ნადაბი და მთელი ისრაელი გიბეთონს ედგნენ ალყად. 28 მოკლა იგი ბაყაშამ ასას, იუდას მეფის, მესამე წელს და მის ნაცვლად გამეფდა. 29 გამეფდა თუ არა, მუსრი გაავლო იერობყამის მთელს სახლს. ცოცხალი არავინ დაუტოვა იერობყამს, ვიდრე მთლიანად არ გაანადგურა, უფლის სიტყვისამებრ, როგორც თავისი მსახურის, შილოელი ახიას პირით ბრძანა. 30 იერობყამის ცოდვების გამო, თვითონ რომ შესცოდა და ისრაელიც რომ აცდუნა, როცა გულისწყრომით აავსო უფალი,ისრაელის ღმერთი. 31 ნადაბის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეში არის ჩაწერილი. 32 გამუდმებული ომი იყო ასასა და ისრაელის მეფის ბაყაშას შორის. 33 იუდას მეფის, ასას მესამე წელს გამეფდა ბაყაშა, ახიას ძე, ისრაელზე თირცაში და ოცდაოთხი წელი [იმეფა]. 34 ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, მიჰყვებოდა იერობყამის გზას და მის ცოდვებს, და ისრაელსაც აცდუნებდა.
თავი მეთოთხმეტე                                                                                                                     თავი მეთექვსმეტე

COMMENTS