ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
91 შებას დედოფალმა შეიტყო სოლომონის ამბავი და მივიდა იერუსალიმში, რომ გამოცანებით გამოეცადა სოლომონი. მივიდა დიდძალი დოვლათით, აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, მრავლად ოქრო და ძვირფასი თვლები, მივიდა მასთან და ელაპარაკა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა. 2 ყველა კითხვაზე გასცა პასუხი სოლომონმა. არაფერი იყო მეფისთვის დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა. 3 და დაინახა შებას დედოფალმა სოლომონის სიბრძნე, ნახა მისი აშენებული სახლი, 4 მისი სუფრის სასმელ-საჭმელი, მის მსახურთა საცხოვრებელი, მის მსახურეულთა საქმიანობა და შესამოსელი, მისი მწდეები და მათი შესამოსელი, მისი კიბეები, რითაც ის უფლის სახლში ადიოდა, და გაოგნებული დარჩა. 5 და უთხრა მეფეს: „მართალი ყოფილა, რაც ჩემს ქვეყანაში მქონდა გაგონილი შენზე და შენს სიბრძნეზე. 6 სიტყვების არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვიხილე: აჰა, თურმე ნახევარიც არ უთქვამთ ჩემთვის შენს უსაზღვრო სიბრძნეზე. ყველაფერს გადააჭარბე, რაც გაგონილი მქონდა. 7 ბედნიერია შენი ხალხი. ბედნიერნი არიან შენი მსახურნი, მუდამ შენს წინაშე რომ დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს. 8 კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგისურვა, რათა მის ტახტზე დაესვი უფლის, შენი ღმერთის, მეფედ. შენი ღმერთის ისრაელისადმი სიყვარულის გამო დაგაყენა მასზე მეფედ, მის განსამტკიცებლად საუკუნოდ და სამართლისა და სიმართლის გასაჩენად.” 9 და უბოძა მეფეს ასოცი ქანქარი ოქრო, დიდძალი ნელსაცხებელი და ძვირფასი ქვები. არ იყო ისეთი ნელსაცხებელი, შებას დედოფალს მეფე სოლომონისათვის რომ არ ებოძებინა. 10 ხურამისა და სოლომონის მსახურებმა ოფირიდან ჩამოტანილ ოქროსთან ერთად სანდაზოლის ხეები და ძვირფასი ქვებიც ჩამოიტანეს. 11 და გააკეთა მეფემ სანდალოზისაგან საფეხურები უფლის სახლისათვის და სამეფო სახლისათვის; ებნები და ქნარები – მგალობელთათვის. ამის მსგავსი მანამდე არასდროს უნახავთ იუდას ქვეყანაში. 12 და უბოძა მეფე სოლომონმა შებას დედოფალს ყველაფერი მისთვის სასურველი, რაც კი მან ითხოვა, იმაზე მეტი, რაც თვითონ მოართვა მეფეს. უკან გაბრუნდა და წავიდა თავის ქვეყანაში თავის მსახურებიანად. 13 ექვსას სამოცდაექვსი ქანქარი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად. 14 ამას გარდა მოგზაურებს, ვაჭრებს, არაბთა მეფეებს და მხარეთა განმგებლებს შემოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი. 15 და გააკეთა მეფე სოლომონმა ორასი დელამფარი ნაჭედი ოქროსაგან. ექვსასი შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ დელამფარზე. 16 და გააკეთა სამასი ფარი ოქროსაგან ნაჭედი, სამასი შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე. და დააწყო ისინი მეფემ ლიბანის მაღნარის სახლში. 17 და გააკეთა მეფემ სპილენძისაგან დიდი ტახტი და ხალასი ოქროთი მოჭედა. 18 ექვსი საფეხური ჰქონდა ტახტს, ოქროს ფეხსადგამი ჰქონდა ტახტს მიდგმული, საჯდომის ორსავე მხარეს სანიდაყვეები ჰქონდა, ხოლო სანიდაყვეებს თითო ლომი ედგა გვერდით. 19 ექვს საფეხურზე, აქეთ-იქით, სხვა თორმეტი ლომი იდგა. 20 მეფე სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ყველა ჭურჭელი ლიბანის მაღნარის სახლში რჩეული იყო. ვერცხლი და სპილენძი არაფრად მიაჩნდათ სოლომონის დროს, 21 რადგან მეფის ხომალდები ხურამის მსახურებთან ერთად თარშიშს დადიოდნენ, თარშიშული ხომალდები სამ წელიწადში ერთხელ მოდიოდნენ და მოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი, მოჰყავდათ ყაფუზუნები და ფარშევანგები. 22 და განდიდდა მეფე სოლომონი ქვეყნის ყველა მეფეებზე მეტად თავისი სიმდიდრითა და სიბრძნით. 23 ამ ქვეყნად ყველა მეფე ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინა მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა. 24 და ყველას თავისი ძღვენი მოჰქონდა:ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, შესამოსელი, საჭურველი, ნელსაცხებლები, ცხენები და ჯორები, ყოველწლიურად. 25 სოლომონს ოთხი ათასი თავლა ჰქონდა, ჰყავდა ეტლები და თორმეტი ათასი ცხენოსანი, განლაგებული ჰყავდა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან. 26 მისი ხელისუფლება ვრცელდებოდა ყველა მეფეზე ევფრატიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრებამდე. 27 ვერცხლი ქვებს გაუთანაბრა მეფემ იერუსალიმში, ხოლო ნაძვი სიკომორის ხეს, დაბლობში რომ იზრდება. 28 სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და ყველა ქვეყნიდან იყო მოყვანილი. 29 სოლომონის დანარჩენი ამბები – პირველნი და უკანასკნელნი – სწერია ნათან წინასწარმეტყველის მატიანეში, ახია შილონელის წინასწარმეტყველებაში, იეყდო მხილველის ხილვაში, იერობყამ ნაბატის ძეს რომ შეეხება. 30 და იმეფა სოლომონმა იერუსალიმში მთელს ისრაელზე ორმოცი წელი. 31 და განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დამარხეს დავითის, მამამისის, ქალაქში. და მის ნაცვლად რეხაბყამი, მისი ძე, გამეფდა.