2 ნეშტთა 35

ივნისი 27, 2015
ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
351 გადაუხადა იოშიაჰუმ პასექი უფალს იერუსალიმში. პირველი თვის თოთხმეტში დაკლეს საპასექო კრავი. 2 დააყენა მღვდლები თავ-თავიანთ საქმეზე და ამხნევებდა უფლის სახლის სამსახურისთვის. 3 უთხრა ლევიანებს, რომელნიც მთელ ისრაელს მოძღვრავდნენ და საუფლოდ იყვნენ ნაკურთხნი: “დადგით წმიდა კიდობანი იმ სახლში, სოლომონმა, დავითის ძემ, ისრაელის მეფემ რომ ააშენა. რად გინდათ მისი მხრებით ტარება? ემსახურეთ ახლა უფალს, თქვენს ღმერთს, და მის ერს – ისრაელს. 4 მოემზადეთ თქვენ-თქვენი მამისსახლებისა და დასების მიხედვით, დავითის, ისრაელის მეფის, განაწესის მიხედვით და სოლომონის, მისი ძის, განაწესის მიხედვით. 5 დადექით საწმიდარში თქვენი მოძმეების – ერის შვილების – მამისსახლთა ჯგუფების მიხედვით და ლევიანთა მამისსახლების დასის მიხედვით. 6 დაკალით პასექი, განიწმიდეთ და მოუმზადეთ თქვენს ძმებს, რათა მოსეს ხელით მოცემული უფლის სიტყვის თანახმად მოიქცეთ.” 7 უბოძა იოშიაჰუმ ერის შვილებს და ყველას, ვინც კი იქ იმყოფებოდა, კრავები და თიკნები, ყველაფერი საპასექო მსხვერპლისთვის – რიცხვით ოცდაათი ათასი, და კურატიც სამი ათასი. ეს მეფის ქონებიდან იყო. 8 მისმა მთავრებმა ნებაყოფლობით უბოძეს ხალხს, მღვდლებსა და ლევიანებს. ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა – ღვთის სახლის წინამძღვრებმა – მღვდლებს საპასექოდ მისცეს ორი ათას ექვსასი და სამასი კურატი. 9 ქანანიაჰუმ, შემაყიამ, ნათანელმა და მისმა ძმებმა, ხაშაბიამ, იეყიელმა და იოზაბადმა – ლევიანთა მთავრებმა – ლევიანებს საპასექო მსხვერპლად უძღვნეს ხუთი ათასი და ხუთასი კურატი. 10 ასე დაწესდა სამსახური. მღვდლები თავ-თავიანთ ადგილებზე დადგნენ და ლევიანები – თავიანთი დასების მიხედვით, მეფის ბრძანებისაებრ. 11 და დაკლეს პასექი, მღვდლები ხელით ასხურებდნენ, ლევიანები კი ატყავებდნენ. 12 და გამოაცალკევეს, რაც აღსავლენისთვის იყო, რომ გაენაწილებინათ ერის შვილების მამისსახლთა ჯგუფების მიხედვით, რათა ისე შეეწირათ მსხვერპლი, როგორც მოსეს წიგნში სწერია. ასევე კურატების შეწირვისას. 13 შეწვეს საპასექო კრავი ცეცხლზე, წესის მიხედვით. ქვაბებში, კოჭობებში და კარდალებში მოხარშეს წმიდა საკლავი და მარჯვედ ჩამოურიგეს ყველა ერის შვილს. 14 შემდეგ თავისთვის და მღვდლებისთვის მოამზადეს, რადგან მღვდლები – აარონიანები, მწუხრამდე სწირავდნენ აღსავლენს და ლურთებს, ამიტომაც მოამზადეს ლევიანებმა თავისთვის და მღვდლებისათვის – აარონიანთათვის. 15 მგალობელნი – ასაფიანები – თავ-თავის ადგილზე იმყოფებოდნენ დავითის, ასაფის, ჰემანის და იედუთუნის, მეფის მხილველთაგან დადგენილი წესის მიხედვით, კარისმცველნიც – ყოველ კარში, არ უხდებოდათ თავიანთი სამსახურის მიტოვება, რადგან მათი მოძმე ლევიანები ამზადებდნენ მათთვის, 16 ასე დაწესდა იმ დღეს უფლის ყველა სამსახური, რომ პასექი გადახდილიყო და აღსავლენი აღვლენილიყო უფლის სამსხვერპლოზე, მეფე იოშიაჰუს ბრძანების მიხედვით. 17 შვიდი დღის განმავლობაში იხდიდნენ იმ დროს იქ მყოფი ისრაელიანები პასექს და უფუარობის დღესასწაულს. 18 სამუელ წინასწარმეტყველის დღეების შემდეგ არ გადაეხადათ ისრაელში ასეთი პასექი. ისრაელის არც ერთ მეფეს არ გადაუხდია ასეთი პასექი, იოშიაჰუმ, მღვდლებმა, ლევიანებმა, მთელმა იუდამ, იქ მყოფმა ისრალიენებმა და იერუსალიმის მკვიდრებმა რომ გადაუხადეს უფალს. 19 იოშიაჰუს მეფობის მეთვრამეტე წელს იქნა გადახდილი ეს პასექი. 20 ყოველივე ამის შემდეგ, როგორც კი იოშიაჰუმ მოაწესრიგა უფლის სახლი, მიუხდა ნექო, ეგვიპტის მეფე, ქარქემიშთან საბრძოლველად, მდინარე ევფრატზე, და გამოვიდა იოშიაჰუ მის შესახვედრად. 21 მოციქულები გამოუგზავნა ნექომ და შეუთვალა: “რა საქმე გვაქვს ერთმანეთთან მე და შენ, იუდას მეფევ? დღეს შენს წინააღმდეგ არ წამოვსულვარ, არამედ იმ სახლის წინააღმდეგ, რომელსაც ვეომები. ღმერთმა მიბრძანა, რომ ვიჩქარო, ჩამოეცალე ღმერთს, თან რომ მახლავს, რომ არ დაგღუპოს.” 22 პირი არ იბრუნა მისგან იოშიაჰუმ და შეიმოსა მის წინააღმდეგ საომრად, არ შეისმინა ნექოს სიტყვები, ღმერთის შთაგონებული, და გავიდა მეგიდოს ველზე საბრძოლველად. 23 სტყორცნეს მშვილდოსნებმა მეფე იოშიაჰუს. უთხრა მეფემ თავის მსახურთ: “გამიყვანეთ, რადგან მძიმედ დავიჭერი.” 24 ჩამოსვეს მისმა მსახურებმა ეტლიდან, აიყვანეს მის მეორე ეტლზე და იერუსალიმში წაიყვანეს. მოკვდა იგი და თავის მამა-პაპის სამარხში დაიმარხა. მთელმა იუდამ და იერუსალიმმა დაიტირა იოშიაჰუ. 25 გამართა გოდება იერემიამ იოშიაჰუზე. ყველა მგალობელი კაცი და ქალი დღემდე მოთქვამს იოშიაჰუზე თავის საგოდებლებში. წესად დაუდგინეს ისინი ისრაელს და აჰა, საგოდებლებშია ჩაწერილი. 26 იოშიაჰუს დანარჩენი საქმენი და მისი სიქველენი, უფლის რჯულში ჩაწერილის თანახმად აღსრულებულნი, 27 და მისი საქმენი – პირველნი და უკანასკნელნი – იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი.
თავი ოცდამეთოთხმეტე                                                                                                       თავი ოცდამეთექვსმეტე 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close