2 მეფეთა 10

By
მაისი 14, 2015
ძევლი აღთქმა
2 მეფეთა

101 ამის შემდეგ იყო რომ მოკვდა ყამონელთა მეფე და გამეფდა მისი ძე ხანუნი მის ნაცვლად. 2 და თქვა დავითმა: „წყალობას ვუყოფ ხანუნ ნახაშის ძეს, წყალობისათვის, რომელსაც მომაგებდა მამამისი.” და გაგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ ენუგეშებინა იგი მამის გამო. და მივიდნენ დავითის მსახურნი ყამონის ძეთაა ქვეყანაში. 3 და უთხრეს ყამონის ძეთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: „ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშისმცემლებს? იქნებ იმისთვის გამოგიგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ დაზვეროს ქალაქი, მიათვალ-მოათვალიეროს და დააქციოს?” 4 და აიღო ხანუნმა და ნახევარი წვერი მოჰპარსა დავითის მსახურთ, შემოაჭრა ნახევარი სამოსელი თეძოებამდე და გაისტუმრა. 5 და როცა ეს ამბავი შეატყობინეს დავითს, გაგზავნა ხალხი მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ კაცები. და ბრძანა მეფემ ეთქვათ მათთვის: „იერიხოში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მობრუნდით.” 6 და დაინახეს ყამონის ძეთ, რომ თავი შეაძულეს დავითს; და გაგზავნეს ხალხი ყამონის ძეთ, რომ დაექირავებინათ ბეთ-რეხობისა და ცობას არამელები, ოცი ათასი ქვეითი, მეფე მაყაქასგან ათასი კაცი და იშტობიდან თორმეტი ათასი კაცი. 7 და შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი მამაცთა მთელი ლაშქრითურთ. 8 და გამოვიდნენ ყამონის ძენი და გაეწყვნენ საბრძოლველად კარიბჭის შესასვლელთან. ხოლო ცობისა და რეხობის არამელები, და იშტობელები და მაყაქა ცალკე დადგნენ ველზე. 9 და როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელის ძეებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ. 10 დანარჩენი ხალხი აბიშაის, თავის ძმას, ჩააბარა და მანაც დააწყო ისინი ყამონის ძეთა წინააღმდეგ. 11 და თქვა [იობმა]: „თუ არამელები მძლევენ, შენ მომეშველები; თუ ყამონის ძენი გძლევენ შენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად. 12 გამაგრდი და მტკიცედ ვიდგეთ ჩვენი ხალხისათვის და უფლის, ჩვენი ღმერთის, ქალაქისთვის, და უფალმა ქმნას, რაც ენებოს.” 13 და გავიდნენ იოაბი და მისი ხალხი არამელებთან საბრძოლველად, და უკუიქცნენ მისგან. 14 და როცა ყამონის ძეთ დაინახეს, რომ გარბოდნენ არამელები, თავადაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შეცვივდნენ. და დაბრუნდა იოაბი ყამონის ძეთაგან და მივიდა იერუსალიმში. 15 და დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, და შეიკრიბნენ ერთად. 16 და გადმოაყვანინა ჰადარ-ყეზერმა მდინარის გაღმელი არამელები და ისინიც მოვიდნენ ხელამში. ხოლო შობაქი, ჰადარ-ყეზერის მთავარსარდალი, უძღოდა მათ. 17 შეატყობინეს დავითს და მანაც შეკრიბა მთელი ისრაელი, და გადალახა იორდანე და მივიდა ხელამს. და დაეწყვნენ არამელები დავითის წინააღმდეგ და შეებრძოლნენ. 18 და გაექცნენ არამელები ისრაელს. დახოცა დავითმა არამელთაგან შვიდასი ეტლოსანი და ორმოცი ათასი მხედარი; უგმირა მახვილი შობაქს, მათ სარდალს, და იქვე მოკვდა იგი. 19 და როცა ჰადარ-ყეზერის ქვეშევრდომმა მეფეებმა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ ისრაელს და დაემორჩილნენ. და არამელებმა ვეღარ გაბედეს ყამონის ძეთა დახმარება.

თავი მეცხრე                                                                                                                                   თავი მეთერთმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close