2 კორინთელთა 3:6-18

By
დეკემბერი 21, 2014
6 მან შეგვაძლებინა, ვყოფილიყავით მსახურნი ახალი აღთქმისა, არა ასოებისა, არამედ სულისა. რადგან ასო კლავს, სული კი აცოცხლებს. 7 ხოლო თუ სიკვდილის მსახურება, ქვაზე ასოებით დაბეჭდილი, ისეთი დიდებით იყო, რომ ისრაელის ძეებმა ვერ შეძლეს მოსეს სახის ხილვა მის სახეზე გადმოსული დიდების გამო, 8 რამდენად უფრო დიდი იქნება სულის მსახურების დიდება? 9 რადგან, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო უხვია დიდებით სიმართლის მსახურება, 10 რადგან ის, რაც ამრიგად იყო განდიდებული, აღარ ჩაითვლება დიდებულად სიმართლის მსახურების აღზევებულ დიდებასთან შედარებით. 11 რადგან, თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად მეტი დიდება აქვს მყოვარს. 12 ამიტომ, რაკი ესოდენი იმედი გვაქვს, დიდი გაბედულებით ვმოქმედებთ. 13 და არა ისე, როგორც მოსე, რომელმაც რიდე ჩამოიფარა სახეზე, რომ არ ეხილათ ისრაელის ძეებს წარმავალის დასასრული. 14 მაგრამ დაეხშოთ მათ გონება, რადგან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე რიდე აუხდელი, რადგან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი. 15 მაგრამ დღემდე, როცა მოსეს კითხულობენ, რიდე ადევთ გულზე, 16 ხოლო როცა უფლისაკენ მიიქცევა ვინმე, რიდე ეხდება. 17 უფალი სულია და, სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა. 18 ჩვენ კი ყველანი დაუბურავი სახით ვჭვრეტთ უფლის დიდებას და გარდავისახებით იმავე ხატად დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close