1 ნეშტთა
281 და შეყარა დავითმა იერუსალიმში ისრაელის ყველა მთავარი. შტოთა მთავარნი, დასების მეთაურები, მეფის სამსახურში მყოფნი, ათასისთავები, ასისთავები, მეფისა და მის ძეთა მთელი საქონ-საყოლის მოურავები, სახლთუხუცესები და ყველა მაგარი ვაჟკაცი. 2 და ფეხზე წამოდგა დავითი და თქვა: „ყური დამიგდეთ, ჩემო ძმებო და ჩემო ხალხო! გულით მეწადა ამეშენებინა განსასვენებელი სახლი უფლის აღთქმის კიდობნისათვის, ჩვენი ღვთის ფერხთა დასადგმელი, და მოვემზადე ასაშენებლად, 3 მაგრამ ღმერთმა მითხრა: ‘ჩემს სახელზე სახლს ნუ ააშენებ, რადგან მეომარი კაცი ხარ და სისხლი გაქვს დაღვრილი.’ 4 და მაინც უფალმა, ისრაელის ღმერთმა, მამაჩემის სახლიდან ამომირჩია, რათა მთელი ისრაელის მეფე გავმხდარიყავი საუკუნოდ. რადგან იუდა ამოირჩია მთავრად, იუდას სახლიდან კი მამაჩემის სახლი ამოირჩია, მამაჩემის ძეთაგან კი ჩემი გამეფება ინება მთელ ისრაელზე. 5 ყველა ჩემს ვაჟს შორის კი, რადგან მრავალი შვილი მომცა უფალმა, ჩემი ძე სოლომონი ამოირჩია, რათა დამჯდარიყო უფლის სამეფოს ტახტზე, ისრაელზე. 6 და მითხრა: ‘შენი ძე, სოლომონი, ააშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან იგი ძედ ამოვირჩიე და მე ვიქნები მისი მამა. 7 უკუნისამდე გავამყარებ მის სამეფოს, თუ იგი მტკიცედ დაიცავს ჩემს მცნებებს და რჯულდებას, როგორც დღემდე იცავდა.’ 8 ახლა კი მთელი ისრაელის, უფლის კრებულის, თვალწინ ჩვენი ღმერთის გასაგონად გეუბნებით: დაიცავით და გამოიკითხეთ უფლის, თქვენი ღმერთის, ყველა მცნება, რათა დოვლათიან ქვეყანას დაეპატრონოთ და თქვენს შემდეგ თქვენს შვილებს დაუმკვიდროთ უკუნისამდე, 9 ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი მთელი გულითა და ხალისიანი სულით ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ მას, იპოვი კიდეც; ხოლო თუ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს. 10 ახლა უყურე, რაკი უფალმა გამოგარჩია უფლის საწმიდრის ამშენებლად, მტკიცედ დეგ და გააკეთე.” 11 და მისცა დავითმა სოლომონს, თავის ძეს, გეგმა კარიბჭისა, მისი სახლებისა, განძთსაცავებისა, ქორედებისა, შიდა ოთახებისა და კიდობნის სახლისა. 12 ასევე ყველაფრის გეგმა, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა უფლის სახლის ეზოებისთვის, ირგვლივ განლაგებული ყველა ოთახისთვის, ღვთის სახლის საგანძურისა და შემოწირულობათა საგანძურისათვის. 13 მღვდელთა და ლევიანთა დასებისთვის, უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმისთვის, უფლის სახლის სამსახურისთვის საჭირო ყველა ჭურჭლისთვის, 14 ოქროულობისთვის, ოქროს წონით, ყველა სამსახურებელი ჭურჭლისთვის, ვერცხლის ყველა ჭურჭლისთვის, წონასთან ერთად, ყველა სამსახურებელი ჭურჭლისთვის. 15 წონა ოქროს სასანთლეებისა და მისი ოქროს ლამპრებისა, თითოეული სასანთლისა და ლამპრების წონასთან ერთად; ასევე ვერცხლის სასანთლეები, მისი სასანთლეებისა და ლამპრების წონასთან ერთად, როგორც თითოეული სასანთლის სამსახურის წესია. 16 ოქროს წონა საკურთხის ტაბლებისათვის და ყველა მაგიდისთვის, ასევე ვერცხლის ტაბლე-ბისთვის. 17 ხალასი ოქრო ჩანგლებისთვის, ჯამებისთვის, ოქროს ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონასთან ერთად, აგრეთვე ვერცხლის ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონასთან ერთად. 18 საკმევის სამსხვერპლოსათვის გასუფთავებული ოქრო წონასთან ერთად, და გეგმა ეტლისა და ოქროს ქერუბიმებისა, რომელთა ფრთებიც გადაშლილი და გადაფარებული იყო უფლის აღთქმის კიდობანზე. 19 „ეს ყველაფერი უფლის ხელით არის ჩაწერილი, მან ჩამაგონა გეგმის ყოველი წვრილმანი,” – [თქვა დავითმა.] 20 და უთხრა დავითმა თავის ძეს სოლომონს: „მტკიცედ დეგ და გამხნევდი, და შეუდექი საქმეს. ნუ შიშობ, და ნუ ძრწი, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთან არის, არ განგიდგება იგი და არ მიგატოვებს, ვიდრე არ შეასრულებ უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმეს. 21 აჰა, მღვდელთა და ლევიანთა დასები, ღვთის სახლის ყოველგვარი სამსახურის გასაწევად. მხარში გიდგანან ყველა საქმეში ბეჯითნი და ყველა სამუშაოს მცოდნენი. მთავრები და მთელი ერი შენს ყველა ბრძანებაზეა.”