1 ნეშტთა
121 აჰა ისინი, ციკლაგში რომ მივიდნენ დავითთან, როცა იგი ჯერ კიდევ საულ კიშის ძეს ემალებოდა. ისინი ომში შემწე მოყმეთა შორის იყვნენ. 2 მშვილდისრით შეიარაღებულნი, მარჯვენა-მარცხენით ქვისა და მშვილდისრის მსროლელნი, საულის ძმათაგანნი, ბენიამინიდან. 3 მეთაური ახიყეზერი და იოაში – შემაყა გიბყათელის ძენი, იეზიელი და ფელეტი – ყაზმავეთის ძენი, ბერაქა და იეჰუ ყანათოთელნი, 4 იშმაყია გაბაონელი – ერთ-ერთი მოყმე ოცდაათში და ოცდაათის მეთაური, იერემია, იახაზიელი, იოხანანი, იოზაბედ გედერათელი, 5 ელყუზაი, იერიმოთი, ბეყალია, შემარიაჰუ, შეფატია ხარუფელი, 6 ელკანა, იშიაჰუ, ყაზარელი, იოყეზერი, იაშაბყამი – კორახელნი, 7 იოყელა და ზებადია – იეროხამ გედორელის ძენი. 8 გადელებს ჩამოშორდნენ და დავითთან უდაბნოს საფარში მივიდნენ მამაცი მოყმენი, საომრად გაწვრთნილი ვაჟკაცები, ფარ-შუბით შეიარაღებულნი, სახით ლომის მსგავსნი და მთის არჩვივით სწრაფნი. 9 მეთაური ყეზერი, მეორე – ყობადია, მესამე – ელიაბი, 10 მეოთხე – მიშმანა, მეხუთე – იერემია, 11 მეექვსე – ყათაი, მეშვიდე – ელიელი, 12 მერვე – იოხანანი, მეცხრე – ელზაბადი, 13 მეათე – იერემიაჰუ, მეთერთმეტე – მაქბანაი. 14 ესენი იყვნენ გადის ძეთაგანნი, მხედრობის მეთაურნი. ყველაზე ნაკლები ასსა უფროსობდა, ყველაზე დიდი – ათასს. 15 მათ პირველ თვეში გადალახეს იორდანე, როდესაც ადიდებული მდინარე ნაპირებიდან გადმოდიოდა. მათ აღმოსავლეთით და დასავლეთით განდევნეს ამ ველის მკვიდრნი. 16 ბენიამინისა და იუდას ძეთაგანაც მივიდნენ დავითთან საფარში. 17 და გამოეგება მათ დავითი, და გამოელაპარაკა და უთხრა: „თუ სამშვიდობოდ და დამხმარედ მოხვედით ჩემთან, გიერთგულებთ. თუ იმისთვის მოხვდით, რომ ჩემი მტრის ხელს მზაკვრულად მიმცეთ, აჰა, ჩემი ხელი სუფთაა, დაე, ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა იხილოს ეს და განსაჯოს.” 18 მაშინ სულმა მოიცვა ყამასაი, ოცდაათის მეთაური, და თქვა: „მშვიდობა შენდა, დავით, იესეს ძეო! მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს შემწეთ, რადგან ღმერთია შენი შემწე.” და მიიღო ისინი დავითმა და რაზმის მეთაურობა ჩააბარა. 19 მენაშესაგანაც მიემხრენ დავითს, როდესაც იგი ფილისტიმელებით მიდიოდა საულთან საომრად, მაგრამ არ მიხმარებიან ისინი, რადგან ფილისტიმელთა მთავრები შეითქვნენ და უკან გამოაბრუნეს დავითი, თქვეს: ჩვენდა საზიანოდ საულს, თავის ბატონს, მიემხრობაო. 20 როცა ციკლაგს მივიდა, მენაშესგან შეუერთდნენ: ყადნახი, იოზაბადი, იდიყაელი, მიქაელი, იოზაბადი, ელიჰუ, ცილათი – მენაშელთა ათასისთავები. 21 ისინი ეხმარებოდნენ დავითს ურდოთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ყველანი მამაცი მოყმენი და ჯარის მეთაურები იყვნენ. 22 დღიდან დღემდე მოედინებოდნენ, ვიდრე მისი ლაშქარი ღვთის მხედრობასავით არ გაიზარდა. 23 აჰა, რიცხვი საომრად აღკაზმული იმ მეთაურებისა, რომელნიც დავითთან ხებრონში მივიდნენ, რათა უფლის სიტყვისამებრ, საულის სამეფო გადაეცათ მისთვის. 24 იუდას ძენი, ფარ-შუბის მტვირთველნი, ექვსიათას რვაასნი იყვნენ საომრად აღჭურვილნი. 25 სიმონის ძეთაგან შვიდიათას ასი მამაცი მოყმე იყო. 26 ლევის ძეთაგან – ოთხიათას ექვსასი. 27 ხოლო იეჰოიადაყს, აარონელთა წინამძღოლს, თან სამიათას შვიდასი ახლდა. 28 ცადოკს, მამაც ყმაწვილს და მის მამისსახლს, ოცდაორი მეთაური ჰყავდა. 29 საულის ძმები, ბენიამინის ძეთაგან, სამიათასნი იყვნენ. მათგან დიდი წილი საულის სახლში დარჩა. 30 ეფრემის ძენი ოციათას რვაასნი იყვნენ – მამაცი მოყმენი და თავ-თავიანთ მამისსახლთა სახელოვანი ვაჟკაცები. 31 მენაშეს ნახევარტომიდან თვრამეტი ათასნი იყვნენ, რომელნიც სახელებით გამოიხმეს, რათა დავითის გასამეფებლად მოსულიყვნენ. 32 ისაქარის ძეთაგან ორასი მეთაური იყო. რომელთაც იცოდნენ დრო-ჟამთა გულისხმისყოფა და უწყოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა ისრაელს. ყველა მათი ძმა მათი დარიგებით იქცეოდა. 33 ზებულუნიდან გამოდიოდნენ და საომრად იყვნენ დარაზმული ყველანაირი საბრძოლო აღჭურვილობით ორმოცდაათი ათასნი, რათა უორგულოდ დახმარებოდნენ. 34 ნაფთალიდან ათასი სარდალი იყო, ოცდაჩვიდმეტი ათასი ფარ-შუბოსნის თანხლებით. 35 დანიდან იყვნენ ოცდარვა ათას ექვსასნი, საომრად დარაზმულნი. 36 აშერიდან საბრძოლველად ორმოცი ათასი საომრად დარაზმული გიმოდიოდა. 37 იორდანეს გაღმა მხრიდან გამოდიოდნენ: რეუბენიანთაგანნი, გადელნი, მენაშეს ნახევარტომელნი, ყველანაირი საბრძოლო საჭურველით, სულ ასოცი ათასი. 38 ყველა ეს მებრძოლი ვაჟკაცი მწყობრად დარაზმული, წრფელი გულით მოვიდა ხებრონში დავითის გასამეფებლად მთელს ისრაელზე. ასევე მთელი დანარჩენი ისრაელი ერთსულოვანი იყო დავითის გასამეფებლად. 39 სამ დღეს დარჩნენ ისინი იქ, ჭამდნენ და სვამდნენ, რადგან მათ ძმებს ყველაფერი მოემზადებინათ მათთვის. 40 ასევე მათ მეზობლებს ისაქარის, ზებულუნისა და ნაფთალის ტომებიდანაც კი მოჰქონდათ ვირებით, აქლემებით, ჯორებითა და ხარებით სურსათ-სანოვაგე: ფქვილეული, ლეღვი, ჩირი, ღვინო, ზეთი, უამრავი საქონელი და ცხვარი, ეს იმიტომ, რომ სიხარული იყო ისრაელში.