ძველი აღთქმა
1 მეფეთა
11 იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან, და მისი სახელი იყო ელკანა, ძე იეროხამისა, ძისა ელიჰუსი, ძისა თოხუსი, ძისა ცუფისა – ეფრათელი. 2 და ორი ცოლი ჰყავდა მას ერთის სახელი იყო ხანა, მეორისა – ფენინა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო. 3 ადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან დაწესებულ დღეებში ცაბაოთ უფლისათვის თაყვანისცემად და მსხვერპლის შესაწირად შილოში, სადაც ყელის ორი ვაჟი – ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდლები იყვნენ. 4 იმ დღეს, როცა შესწირავდა მსხვერპლს ელკანა, მისცემდა ხოლმე წილს ფენინას, თავის ცოლს, და მის ვაჟებსა და ასულებს. 5 ხანას კი განსაკუთრებულ წილს აძლევდა, რადგან უყვარდა ხანა, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს. 6 მისი მეტოქე კიდევ უფრო აჭირვებდა მას, აწუხებდა იმის გამო, რომ საშო დაუხშო უფალმა. 7 ასე ხდებოდა კაცი ყოველწლიურად, როცა კი ხანა უფლის სახლში ადიოდა. და ფენინა აწუხებდა მას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა. 8 და უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: „ხანა, რატომ ტირი? რატომ არაფერს ჭამ? გული რატომ გაქვს დამწუხრებული? განა ათ შვილს არ გირჩევნივარ?” 9 ადგა ერთხელ ხანა სმა-ჭამის შემდეგ შილოში. ხოლო ყელი მღვდელი სკამზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან. 10 სულის სიმწარით დაუწყო ქალმა ვედრება უფალს, და ცხარედ ტიროდა. 11 და აღუთქვა და უთხრა: „ცაბაოთ უფალო, თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს მივცემ მას ვიდრე ცოცხალი იქნება, სამართებელი არ შეეხება მის თავს.” 12 და როცა დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ყელი მის ბაგეებს აკვირდებოდა. 13 რაკი ხანა გულში ლაპარაკობდა და მხოლოდ ბაგეებს ამოძრავებდა, ხმა კი არ ისმოდა, მთვრალიაო, იფიქრა ყელიმ. 14 უთხრა ყელიმ: „რამდენ ხანს უნდა იყო მთვრალი? გამოფხიზლდი ღვინისგან.” 15 მიუგო ხანამ და უთხრა: „არა, ჩემო ბატონო. ერთი სულგამწარებული ქალი ვარ. ღვინო და თაფლუჭი არ დამილევია, უფლის წინაშე ვღვრი ჩემს სულს. 16 უღირსი დედაკაცი ნუ გეგონება შენი მხევალი. მხოლოდ დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენ ხანს.” 17 მიუგო ყელიმ და უთხრა: „წადი მშვიდობით და ისრაელის ღმერთმა აგისრულოს სათხოვარი, რასაც მოითხოვ მისგან.” 18 თქვა ქალმა: „ნეტავ, მადლი პოვოს შენმა მხევალმა შენს თვალში.” და წავიდა ქალი თავისი გზით. საჭმელი ჭამა და აღარ ჰქონია სახე უწინდებურად. 19 ადგნენ დილით და თაყვანი სცეს უფალს, დაბრუნდნენ რამას და მივიდნენ თავიანთ სახლში. შეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა ხანა უფალმა. 20 რამდენიმე ხნის შემდეგ დაორსულდა ხანა, შვა ვაჟი და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან უფალს გამოვთხოვეო იგი. 21 წავიდა მისი ქმარი ელკანა მთელი თავისი სახლითურთ უფლისადმი ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად და თავისი აღთქმის აღსასრულებლად. 22 ხანა არ წასულა, უთხრა ქმარს: „როცა ბავშვი ძუძუს მოსწყდება და წამოიზრდება, მაშინ წავიყვან და ის გამოცხადდება უფლის წინაშე და უკუნისამდე იქ დარჩება.” 23 უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: „ისე გააკეთე, როგორც გერჩიოს. დარჩი, ვიდრე ძუძუს მოსწყვეტდე. ოღონდ აგისრულოს უფალმა თავისი სიტყვა.” დარჩა ცოლი და ძუძუს აწოვებდა ბავშვს, სანამ არ მოსწყვიტა. 24 როცა ძუძუს მოსწყვიტა, წაიყვანა იგი უფლის სახლში, შილოში. თან სამი მოზვერი, ერთი ეფა ფქვილი და ერთი ტიკი ღვინო წაიტანა, და მივიდა უფლის სახლში შილოში; ჯერ კიდევ ჩვილი იყო ყმაწვილი. 25 დაკლეს მოზვერი და ყელის მიუყვანა ყმაწვილი. 26 თქვა ქალმა: „იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, აქ რომ ვიდექი შენს ახლოს და უფალს ვევედრებოდი. 27 ამ ყმაწვილის გამო ვევედრებოდი და აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რასაც ვთხოვდი. 28 ამიტომაც უფალს აღვუთქვი იგი, ვიდრე ცოცხალია, უფლისთვის იქნება აღთქმული.” და თაყვანი სცა იქ უფალს.