22 მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა მთელი ეკლესიის თანხმობით გადაწყვიტეს, ამოერჩიათ თავიანთი წრიდან კაცები ანტიოქიაში გასაგზავნად პავლესთან და ბარნაბასთან ერთად: იუდა (რომელსაც ბარსაბა ეწოდა) და სილა – კაცები, რომლებიც წინამძღვრობდნენ ძმებს შორის. 23 დაწერეს თავიანთი ხელით: „ჩვენ, მოციქულები, უხუცესები და ძმები მოგიკითხავთ და გახარებთ ძმებს ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში, წარმართთაგან მოქცეულთ. 24 რაკი გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც ჩვენგან გამოვიდნენ, აგაფორიაქეს თავიანთი სიტყვებით და სული აგიშფოთეს, – რადგან გითხრეს, რაც ჩვენ არ დაგვივალებია, 25 ერთსულოვნად გადავწყვიტეთ კაცების არჩევა თქვენთან გამოსაგზავნად ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად, 26 ადამიანებთან, რომელთაც თავი გადადეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის. 27 ამიტომ გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვიერად. 28 მოიწონა სულიწმიდამ და ჩვენც, რომ ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია. 29 ერიდეთ ნაკერპავს და სისხლს, გაგუდულს და მრუშობას. თუ ამისგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ. იყავით ჯანმრთელად!“ 30 წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, შეკრიბეს სინაგოგა და გადასცეს წერილი. 31 როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით.