HomeUncategorized

საქმეები 11:1-18

1 გაიგეს იუდეაში მყოფმა მოციქულებმა და ძმებმა, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა. 2 და როცა იერუსალიმში ავიდა პეტრე, უსაყვედურეს ზოგიერთებმა წინადაცვეთილთაგან. 3 უთხრეს: „წინადაუცვეთელ ხალხთან შეხვედი სახლში და მათთან ერთად ჭამე”. 4 ხოლო პეტრემ თანმიმდევრულად განმარტება დაიწყო და თქვა: 5 „ქალაქ იაფოში ვიყავი, ვლოცულობდი და აღტაცებაში მოსულმა ჩვენება ვიხილე: რაღაც დიდი ტილოს მსგავსი, უცნაური ჭურჭელი, ოთხი კიდით დაჭერილი დაეშვა ზეციდან და ჩემამდე მოვიდა. 6 შევხედე, დავაკვირდი და შიგ დედამიწის ოთხფეხნი, მხეცნი, ქვეწარმავალნი და ცის ფრინველნი დავინახე. 7 მერე ხმა მომესმა; მითხრა: ადექი პეტრე, დაკალი და ჭამე! 8 მივუგე: არა, უფალო! რადგან ბიწიერი და უწმიდური არასოდეს არაფერი ჩამსვლია პირში. 9 მეორედაც მომმართა ხმამ ზეციდან: ღმერთის მიერ განწმედილს, ბიწიერად ნუ მიიჩნევ! 10 ეს სამჯერ მოხდა; მერე ყველაფერი ისევ ზეცად ამაღლდა. 11 და აჰა, მაშინვე იმ სახლის ჭიშკარს, სადაც მე ვიყავი, კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა. 12 მითხრა სულმა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. წამომყვა ეს ექვსი ძმა და მივედით იმ კაცის სახლში. 13 მან გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში ანგელოზი, რომელმაც უთხრა: გაგზავნე იაფოში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს. 14 ის გეტყვის სიტყვას, რომლითაც გადარჩები შენ და მთელი შენი სახლეულიც. 15 როგორც კი ვიწყე ლაპარაკი, სულიწმიდა ისევე გადმოვიდა მათზე, როგორც ჩვენზე დასაწყისში. 16 მაშინ გამახსენდა უფლის სიტყვა, რომ გვეუბნებოდა – იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი სულიწმიდით მოინათლებითო. 17 თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?” 18 ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ – აჰა, წარმართებსაც მისცაო ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.

COMMENTS