საქმეები 10:19-44

By
თებერვალი 2, 2016
19 სანამ პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, უთხრა მას სულმა: „აი, სამი კაცი გეძებს. 20 ადექი, ჩადი და ყოყმანის გარეშე გაჰყევი მათ, რადგან მე გამოვგზავნე ისინი”. 21 ჩავიდა იმ კაცებთან პეტრე და უთხრა: „მე ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ. რისთვის მოსულხართ?” 22 ხოლო მათ უთხრეს: „ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც იუდეველთა მთელი ერი ემოწმება, წმიდა ანგელოზისგან ებრძანა, მიგიხმოს თავის სახლში და მოისმინოს შენი სიტყვები”. 23 მაშინ მიიწვია ისინი პეტრემ და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ. თან ზოგიერთი იაფოელი ძმაც გაიყოლა. 24 კესარიას მეორე დღეს მიაღწიეს. კორნელიუსს თავისი ნათესავები და ახლო მეგობრები შემოეკრიბა და მათ ელოდებოდა. 25 პეტრე რომ შედიოდა, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა. 26 პეტრემ წამოაყენა და უთხრა: „ადექი, მეც ადამიანი ვარ”. 27 მასთან საუბრით შევიდა შინ, სადაც მრავალი დახვდა შეკრებილი. 28 უთხრა: „როგორც იცით, იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან; მაგრამ მე ღმერთმა მაჩვენა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა ბიწიერი ან უწმიდური. 29 ამიტომ, როცა მომიხმეს, უსიტყვოდ მოვედი. ახლა გეკითხებით: რა საქმეზე დამიძახეთ?” 30 მიუგო კორნელიუსმა: „ოთხი დღის წინ ამ საათამდე ვმარხულობდი, მეცხრე საათზე კი შინ ვლოცულობდი და აჰა, ჩემს წინაშე, ელვარე სამოსით შემოსილი კაცი დადგა. 31 მითხრა: კორნელიუს, შესმენილია შენი ლოცვა და მოხსენებულია შენი მოწყალებანი ღვთის წინაშე. 32 ამიტომ გაგზავნე იაფოში და დაუძახე სიმონს, პეტრედ რომ იწოდება; იგი მეტყავე სიმონთან დგას ბინად, ზღვის პირას. 33 მეც მაშინვე გამოვგზავნე შენთან და კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ვდგავართ ღვთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისგან გაქვს ნაბრძანები”. 34 გახსნა ბაგეები პეტრემ და უთხრა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, 35 არამედ ყოველი ერიდან ღებულობს იგი მის მოშიშებს და სიმართლის მოქმედთ. 36 მან მოუვლინა ისრაელიანებს სიტყვა და ახარა მშვიდობა, იესო ქრისტეს მეშვეობით; ის არის ყოველთა უფალი! 37 თქვენ იცით, რა მოხდა გალილეიდან დაწყებული მთელ იუდეაში, იმ ნათლისღების შემდეგ, იოანე რომ ქადაგებდა; 38 როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ეშმაკისგან ყველა გატანჯულს, რადგან ღმერთი იყო მასთან. 39 ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანასა და იერუსალიმში, ბოლოს კი მოკლეს ძელზე დაკიდებით. 40 მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მესამე დღეს და მისცა მას, რომ გამოცხადებოდა, 41 არა მთელ ხალხს, არამედ ღმერთის მიერ წინასწარ ამორჩეულ მოწაფეებს, ჩვენ, რომლებიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. 42 მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ და დავუმოწმოთ ხალხს, რომ ის არის ღვთისგან დანიშნული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად. 43 მასზე ამოწმებს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვათა მიტევებას. 44 პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ეს სიტყვა ესმოდა.

კომენტარის დატოვება

Close
Close