13 თუ შეირთავს ვინმე ცოლს და შევა მასთან, და შემდეგ მოიძულებს მას იგი, 14 ცილს დასწამებს და სახელს გაუტეხავს და იტყვის: „ეს ქალი შევირთე და მივედი მასთან, და ვერ ვპოვე მასში ქალწულობის ნიშნები”, 15 მაშინ ყმაწვილი ქალის მამამ და დედამ გაიტანონ ნიშნები ყმაწვილი ქალის ქალწულობისა ქალაქის უხუცესებთან, კარიბჭესთან, 16 და თქვას ყმაწვილი ქალის მამამ უხუცესებთან: „ჩემი ასული მივეცი მე ამ კაცს ცოლად და მან მოიძულა იგი, 17 და ცილი დასწამა მას და თქვა: ქალწულად ვერ ვპოვეო შენი ასული. და აჰა, ნიშნები ჩემი ასულის ქალწულობისა”. და გაშალონ სამოსელი ქალაქის უხუცესთა წინაშე. 18 და აიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა ქმარი და დასაჯონ იგი, 19 და დააჯარიმონ ასი ვერცხლით და მისცენ ყმაწვილი ქალის მამას, რადგან სახელი გაუტეხა ისრაელიან ქალწულს. და დარჩება ქალი მის ცოლად: ვერ გაუშვებს მას თავისდღეში.