ძველი აღთქმა
რიცხვნი
321 და მრავალი საქონელი ჰყავდათ რეუბენის ძეთ და გადის ძეთ. და იხილეს ქვეყანა იაყზერისა და ქვეყანა გილყადისა, და იყო ადგილი საქონლისათვის. 2 და მივიდნენ გადის ძენი და რეუბენის ძენი, და უთხრეს მოსეს და ელეაზარ მღვდელს და თემის მთავრებს: 3 „ყატაროთი, დიბონი, იაყზერი, ნიმრა, ხეშბონი, ელყალე, სებამი, ნებო და ბეყონი – 4 ქვეყანა, რომელიც მოსრა უფალმა ისრაელის თემის წინაშე, ეს ქვეყანა საქონლისათვისაა, და შენს მსახურთ საქონელი ჰყავთ.” 5 და კიდევ უთხრეს: „თუ ვპოვეთ ჩვენ მადლი შენს თვალში, მიეცეს ეს ქვეყანა შენს მსახურთ სამფლობელოდ. ნუ გადაგვიყვან ჩვენ იორდანეს გაღმა.” 6 და უთხრა მოსემ გადის ძეთ და რეუბენის ძეთ: „თქვენი ძმები ომში წავლენ და თქვენ აქ ისხდებით? 7 და რისთვის უცრუებთ გულს ისრაელის ძეთ იმ ქვეყანაში გადასვლაზე, რომელიც მისცა მათ უფალმა? 8 ასე მოიქცნენ თქვენი მამები, როცა გავგზავნე ისინი კადეშ-ბარნეადან ქვეყნის დასაზვერად. 9 და მივიდნენ ისინი ეშქოლის ხეობამდე და იხილეს ქვეყანა, და გული აუცრუეს ისრაელის ძეთ, რათა არ შესულიყვნენ იმ ქვეყანაში, რომელიც მისცა მათ უფალმა. 10 და აღიგზნო რისხვა უფლისა იმ დღეს, და დაიფიცა მან და თქვა: 11 ‘აბა, თუ იხილონ ეგვიპტიდან გამოსულმა კაცებმა, ოცი წლის ასაკიდან და უფროსებმა, ის ქვეყანა, რომელზეც შევფიცე აბრაამს, ისაკს და იაკობს, რადგან არ მომდევენ მე. 12 გარდა ქალებისა – კენიზელი იეფუნეს ძისა – და იესო ნავეს ძისა, რადგან მათ მისდიეს უფალს’. 13 და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე და ახეტიალა იგი უდაბნოში ორმოცი წელიწადი, ვიდრე არ გადაშენდა მთელი თაობა, რომელიც ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში. 14 და აჰა, ახლა თქვენ აღმდგარხართ თქვენი მამების მაგიერ, ცოდვილ კაცთა ნაშიერნო, რათა კვლავ გააძლიეროთ უფლის აღგზნებული მრისხანება ისრაელის მიმართ. 15 თუ ზურგს შეაქცევთ მას, ის კვლავ მიატოვებს მას უდაბნოში, და დაღუპავთ მთელ ამ ხალხს.” 16 და ეახლნენ ისინი მას, და უთხრეს: „ჩვენ აქ ავაშენებთ ცხვრის ფარეხებს ჩვენი საქონლისათვის და ქალაქებს ჩვენი ბავშვებისათვის. 17 ჩვენ თვითონ კი უმალ შევიარაღდებით და წავუძღვებით ისრაელის ძეთ, ვიდრე მათ თავ-თავიანთ ადგილზე არ მივიყვანთ. ხოლო ჩვენი ბავშვები დარჩებიან გამაგრებულ ქალაქებში, ამ ქვეყნის მკვიდრთა გამო. 18 არ დავბრუნდებით ჩვენს სახლებში, ვიდრე არ დაიმკვიდრებს ისრაელის ძეთაგან თითოეული თავის სამკვიდრებელს. 19 რადგან არ დავიმკვიდრებთ მათთან ერთად იორდანეს გაღმა და უფრო შორს, თუ ჩვენ გვერგება ჩვენი სამკვიდრებელი იორდანეს გამოღმა, აღმოსავლეთ მხარეს.” 20 და უთხრა მათ მოსემ: „თუ გააკეთებთ ამას, თუ შეიარაღებულნი გახვალთ საომრად უფლის წინაშე, 21 და თითოეული თქვენთაგანი შეიარაღებული გადავა იორდანეს გაღმა უფლის წინაშე, ვიდრე არ განდევნის უფალი თავის მტრებს თავის წინაშე, 22 და დაპყრობილი იქნება ქვეყანა უფლის წინაშე: მერე დაბრუნდებით და უბრალონი იქნებით უფალთან და ისრაელთან, თქვენი სამფლობელო იქნება ის ქვეყანა უფლის წინაშე. 23 თუ ასე არ გააკეთებთ, აჰა, შეგიცოდავთ უფლისათვის, და იცოდეთ, რომ თქვენი ცოდვა გიპოვით თქვენ. 24 აიშენეთ ქალაქები თქვენი ბავშვებისათვის და ფარეხები თქვენი წვრილფეხა საქონლისათვის, და ის, რაც თქვენი პირიდან გამოვიდა, შეასრულეთ”. 25 და უთხრეს მოსეს გადის ძეთ და რეუბენის ძეთ: „შენი მსახურნი ისე მოიქცევიან, როგორც ჩვენი ბატონი გვიბრძანებს. 26 ჩვენი ბავშვები და ჩვენი ცოლები, ჩვენი ჯოგები და მთელი ჩვენი საქონელი დარჩებიან აქ, გილყადის ქალაქებში. 27 და ყოველი შენი შეიარაღებული მსახური გავა ომში, როგორც მეომარი, უფლის წინაშე, როგორც ამბობს ჩვენი ბატონი.” 28 და უბრძანა მათ შესახებ მოსემ ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძეს, და ისრაელის ძეთა ტომების მამისსახლთა მთავრებს. 29 და უთხრა მათ მოსემ: „თუ გადავლენ გადის ძენი და რეუბენის ძენი თქვენთან ერთად იორდანეს გაღმა საომრად შეიარაღებულნი უფლის წინაშე, და დაპყრობილ იქნება ის ქვეყანა თქვენს წინაშე, მაშინ მისცემთ მათ გილყადის ქვეყანას სამფლობელოდ. 30 ხოლო თუ არ გადმოვლენ შეიარაღებულნი თქვენთან ერთად, მაშინ ისინიც მიიღებენ სამფლობელოს თქვენს შორის ქანაანის ქვეყანაში.” 31 და მიუგეს გადის ძეთ და რეუბენის ძეთ: „როგორც უფალმა უთხრა შენს მსახურთ, ისე გავაკეთებთ. 32 ჩვენ გადავალთ შეიარაღებულნი უფლის წინაშე ქანაანის ქვეყანაში და ჩვენი სამკვიდრებლის სამფლობელო, იორდანეს გამოღმა გვექნება.” 33 და მისცა მათ მოსემ, გადის ძეთ და რეუბენის ძეთ, და იოსების ძის, მენაშეს ნახევარტომს, სამეფო სიხონისა, ამორეველთა მეფისა, და სამეფო ყოგისა, ბაშანის მეფისა, ქვეყანა მისი ქალაქებითა და საზღვრებითურთ, ამ ქვეყნის ქალაქები ირგვლივ. 34 ააშენეს გადის ძეთ დიბონი, ყატაროთი, ყაროყერი, 35 და ყაროთ-შოფანი, იაყზერი, იაგბეჰა, 36 და ბეთნიმრა და ბეთხარანი, გამაგრებული ქალაქები ცხვრის ფარეხებითურთ. 37 და რეუბენის ძეთ ააშენეს ხეშბონი, ელყალე და კირიათაიმი, 38 და ნებო და ბაყალ-მეყონი, რომელთაც სახელები შეუცვალეს, და სიბმა; და უწოდეს სახელები ქალაქებს, რომელნიც მათ ააშენეს. 39 და წავიდნენ ძენი მაქირისა, მენაშეს ძისა, გილყადში, და დაიპყრეს იგი, და განდევნეს ამორეველნი, რომელნიც იყვნენ იქ. 40 და მისცა მოსემ გილყადი მაქირს, მენაშეს ძეს, და ის დამკვიდრდა იქ. 41 და იაირი, მენაშეს ძე, წავიდა და დაიპყრო მათი სოფლები, და უწოდა მათ იაირის სოფლები. 42 და წავიდა ნობახი და დაიპყრო კენათი და მისი გარეუბნები და უწოდა მას ნობახი თავისი სახელის მიხედვით.