ძველი აღთქმა
რიცხვნი
221 და აიყარნენ ისრაელის ძენი და დაბანაკდნენ მოაბის ველებზე, იორდანეს გაღმა მხარეს, იერიხოს ქვემოთ. 2 და იხილა ბალაკმა, ციფორის ძემ, ყოველი, რაც უყო ისრაელმა ამორეველებს. 3 და ძალზე შეეშინდა მოაბს ამ ხალხისა, რადგან იგი მრავალრიცხოვანი იყო. და დაფრთხა მოაბი ისრაელის ძეთა წინაშე. 4 და უთხრა მოაბმა მიდიანის უხუცესებს: „ახლა გააჩანაგებს ეს კრებული ყოველივეს, რაც ჩვენს გარშემოა, როგორც ხარი აჩანაგებს მინდვრის ბალახს.” ხოლო ბალაკი, ძე ციფორისა, მოაბის მეფე იყო იმჟამად. 5 და გაუგზავნა მოციქულები ბილყამს, ბეყორის ძეს, ფეთორში, რომელიც მდინარესთანაა, თავისი ხალხის ძეთა ქვეყანაში, რათა მოეწვიათ იგი და ეთქვათ: აჰა, ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან. უკვე დაფარა მიწის პირი და ის ჩემს პირდაპირ მკვიდრობს. 6 და ახლა, წადი, დამიწყევლე ეს ხალხი, რადგან იგი ჩემზე ძლიერია. ეგების შევძლო და განვდევნო ამ ქვეყნიდან, რადგან ვიცი: ვისაც აკურთხებ, კურთხეულ იქნება, და ვისაც დაწყევლი, წყეული იქნება.” 7 და წავიდნენ უხუცესები მოაბისა და უხუცესები მიდიანისა. მათ ხელთ ჰქონდათ სამისნო საფასი. და მივიდნენ ბილყამთან, და მოუთხრეს მას სიტყვები ბალაკისა. 8 და უთხრა მათ ბილყამმა: „გაათიეთ აქ ეს ღამე და გაგცემთ პასუხს, როგორც უფალი მეტყვის.” და დარჩნენ მთავრები მოაბისა ბილყამთან. 9 და მივიდა ღმერთი ბილყამთან და ჰკითხა: „ვინ არიან ეს კაცები შენთან?” 10 და უთხრა ბილყამმა ღმერთს: „ბალაკმა, ციფორის ძემ, მოაბის მეფემ, გამომიგზავნა: 11 ‘აჰა ხალხი, რომელიც გამოვიდა ეგვიპტიდან, დაფარა მიწის პირი. ახლა წადი, დამიწყევლე იგი. ეგების შევძლო შებრძოლება მასთან, რომ განვდევნო.’” 12 და უთხრა ღმერთმა ბილყამს: „არ წაჰყვე მათ, არ დაწყევლო ის ხალხი, რადგან კურთხეულია იგი.” 13 და ადგა ბილყამი დილას, და უთხრა ბალაკის მთავრებს: „წადით თქვენს ქვეყანაში, რადგან უფალს არ სურს თქვენთან გამომიშვას.” 14 და ადგნენ მოაბელი მთავრები, და მოვიდნენ ბალაკთან და უთხრეს: „არ ნებავს ბილყამს წამოსვლა ჩვენთან.” 15 და კვლავ გაგზავნა ბალაკმა მთავრები, მრავალნი და მათზე უფრო სახელოვანნი. 16 და მივიდნენ ბილყამთან და უთხრეს მას: „ასე თქვა ბალაკმა, ციფორის ძემ: ‘ნუ იტყვი უარს ჩემთან მოსვლაზე, 17 რადგან ძალიან დიდ პატივს გცემ, და ყველაფერს, რასაც მეტყვი, გავაკეთებ. წამოდი, დამიწყევლე ეს ხალხი.’” 18 „თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, ვერ გადავალ ჩემი ღმერთის ბრძანებას. ვერც მცირეს რასმე გავაკეთებ, ვერც დიდს. 19 და ახლა დარჩით თქვენც აქ ამაღამ, და მე გავიგებ, რას მეტყვის კვლავ უფალი.” 20 და მოვიდა ღმერთი ბილყამთან ღამე, და უთხრა მას: „თუ შენს მისაწვევად მოვიდნენ ეს კაცები, ადექ, გაჰყევი მათ. ოღონდ რასაც მე გეტყვი, იმას გააკეთებ.” 21 და ადგა ბილყამი დილით და შეკაზმა თავისი ვირი და ავიდა მოაბელთა მთავრებთან. 22 და აღიგზნო რისხვა ღვთისა, რადგან წავიდა იგი. და დადგა უფლის ანგელოზი გზაზე მის დასაბრკოლებლად. იგი ამხედრებული იყო თავის ვირზე და მისი ორი მსახური იყო მასთან. 23 და იხილა ვირმა უფლის ანგელოზი, მდგომარე გზაზე, და მის ხელში გაშიშვლებული მახვილი, და გადაუხვია ვირმა გზიდან, და წავიდა მინდორზე. ბილყამმა კი ვირს დაუწყო ცემა, რათა მოებრუნებინა გზაზე. 24 და დადგა უფლის ანგელოზი ვენახთა ბილიკზე: ღობე იყო ერთი მხრიდან და ღობე იყო მეორე მხრიდან. 25 და როცა დაინახა ვირმა უფლის ანგელოზი, მიეკრა კედელს, და კედელს მიაჭყლიტა ბილყამის ფეხი. და მან კვლავ დაუწყო ცემა ვირს. 26 და კვლავ გაიარა უფლის ანგელოზმა და დადგა ვიწრო ადგილზე, სადაც არ იყო გზა გადასახვევი არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. 27 დაინახა ვირმა უფლის ანგელოზი და დაწვა ბილყამის ქვეშ. და აღიგზნო რისხვა ბილყამისა და სცემა ჯოხით ვირს. 28 და გაუხსნა უფალმა ბაგე ვირს და უთხრა მან ბილყამს: „რა დაგიშავე, რომ უკვე მესამედა მცემ?” 29 და უთხრა ბილყამმა ჭაკ ვირს: „რადგან აბუჩად ამიგდე მე. ხელში მახვილი რომ მქონოდა, ახლავე მოგკლავდი.” 30 და უთხრა ვირმა ბილყამს: „განა შენი ვირი არა ვარ, რომლითაც დადიხარ მთელი შენი ცხოვრება დღემდე? განა მჩვევია შენთან ასე მოქცევა?” და უპასუხა მან: „არა.” 31 და აუხილა თვალები ბილყამს უფალმა, და იხილა მან უფლის ანგელოზი, მდგომარე გზაზე, და მის ხელში გაშიშვლებული მახვილი. და მუხლი მოიყარა ბილყამმა და თაყვანი სცა პირქვე დამხობილმა. 32 და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „რად სცემე ვირს მესამეჯერ? მე გამოვედი დასაბრკოლებლად, რადგან უსწორმასწოროა ეს გზა ჩემს წინაშე. 33 დამინახა ვირმა და სამჯერ გადაუხვია ჩემგან. რომ არ გადაეხვია ჩემგან, მოგკლავდი, მას კი ცოცხალს დავტოვებდი.” 34 და უთხრა ბილყამმა უფლის ანგელოზს: „შევცოდე მე, რადგან არ ვიცოდი, რომ შენ დგახარ ჩემს გზაზე. და ახლა, თუ ეს ბოროტებაა შენს თვალში, უკან დავბრუნდები.” 35 და უთხრა უფლის ანგელოზმა ბილყამს: „წაჰყევი ამ ხალხს, ოღონდ ის ილაპარაკე, რასაც მე გეტყვი.” და წავიდა ბილყამი ბალაკის მთავრებთან. 36 და გაიგო ბალაკმა, რომ მოვიდა ბილყამი, და გამოვიდა მის შესახვედრად მოაბელთა ქალაქში, რომელიც არნონის საზღვარზეა, მის კიდეზე. 37 და უთხრა ბალაკმა ბილყამს: “ხომ გამოგიგზავნე მოციქულნი მოსაწვევად? რად არ მოდიოდი ჩემთან? ნუთუ არ შემიძლია შენი პატივისცემა?” 38 და უთხრა ბილყამმა ბალაკს: „აჰა, მოვედი შენთან. ახლა კი შემიძლია რაიმეს თქმა? რასაც ჩამიდებს ღმერთი ბაგეებში, იმას ვიტყვი.” 39 და წავიდა ბილყამი ბალაკთან, და მივიდნენ კირიათ-ხუცოთში, 40 და დაკლა ბალაკმა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, და გაუგზავნა ბილყამს და მთავრებს, რომელნიც იყვნენ მასთან. 41 და დილით წაიყვანა ბალაკმა ბილყამი და აიყვანა ბაყალის გორაკებზე, და იხილა იქიდან ხალხის განაპირა ბანაკი.