ძველი აღთქმა
რიცხვნი
151 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როდესაც შეხვალთ თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ თქვენ, 3 და მიიტანთ შესაწირავს უფლისათვის, სრულადდასაწველს ან მსხვერპლს მსხვილფეხა საქონელთაგან ან ცხვართაგან – აღთქმის ან სამოწყალოს აღსასრულებლად თქვენს დღესასწაულებში, რათა აკმიოთ კეთილსურნელება უფლისათვის, მსხვილფეხას შესწირავთ თუ წვრილფეხა საქონელს, 4 შესწიროს შემწირავმა თავისი შესაწირავი უფალს: შესაწირავი წმიდა ხორბლის ფქვილისა – ეფის მეათედი ნაწილი, აზელილი მეოთხედ ჰინ ზეთში. 5 და ღვინო საღვრელი მეოთხედი ჰინი მოამზადოს სრულადდასაწველისათვის, ან დასაკლავი მსხვერპლისთვის, თითოეული კრავისათვის. 6 ხოლო ვერძისათვის მოამზადოს პურეული შესაწირავი წმიდა ხორბლის ფქვილიდან ეფის ორ მეათედ ნაწილად, აზელილი ჰინის მესამედ ზეთთან, 7 და საღვრელი ღვინო ჰინის მესამედი ნაწილით შესწიროს კეთილსურნელებად უფალს. 8 და თუ მოამზადებს მოზვერს სრულადდასაწველად ან დასაკლავ მსხვერპლად, აღთქმის აღსასრულებლად, ან სამშვიდობო მსხვერპლად უფლისათვის, 9 მაშინ მოზვერთან ერთად შესწიროს ძღვენი წმიდა ხორბლის ფქვილიდან ეფის სამ მეათედ ნაწილად, აზელილი ნახევარ ჰინ ზეთში. 10 და მიიტანე საღვრელი ღვინო ნახევარი ჰინი შესაწირავად, კეთილსურნელებად უფლისათვის. 11 ასე გაკეთდეს თითოეული ზვარაკის და თითოეული ვერძისათვის, ან კრავისათვის ცხვართა და თხათაგან. 12 შესაწირავთა რაოდენობისამებრ, რომლებსაც თქვენ მოიტანთ, ასე მოამზადეთ თითოეულისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით. 13 ყოველმა მკვიდრმა ასე გააკეთოს ეს, როცა მოიტანს შესაწირავს კეთილსურნელებად უფლისათვის. 14 და თუ იცხოვრებს ხიზანი თქვენს შორის თქვენს თაობებში, მოიტანოს საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად უფლისათვის: როგორც თქვენ გააკეთებთ, ისე გააკეთოს. 15 თქვენთვის, უფლის კრებულისათვის და ხიზნისათვის, რომელიც ხიზნობს თქვენთან, ერთი წესია, მარადიული წესი თქვენი თაობებისათვის: როგორც თქვენ ხართ, ისევე იყოს ხიზანიც წინაშე უფლისა. 16 ერთი რჯული და ერთი სამართალი იქნება თქვენთვის და ხიზანისათვის, რომელიც ხიზნობს თქვენთან.” 17 და უთხრა უფალმა მოსეს: 18 „განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელშიც მე შეგიყვანთ, 19 როდესაც შეჭამთ იმ ქვეყნის პურს, შესწირეთ შესაწირავი უფალს. 20 პირველგამომცხვარი თქვენი ცომისა – კვერი შესწირეთ შესაწირავად. როგორც კალოს შესაწირავი, ისე შესწირეთ იგი. 21 თქვენი პირველგამომცხვარი ცომისა მიეცით უფალს შესაწირავი თქვენს თაობებში. 22 და თუ შეცდებით და ვერ შეასრულებთ ამ მცნებას, რომელიც უფალმა უთხრა მოსეს, 23 ყოველივეს, რაც გამცნოთ უფალმა მოსეს ხელით იმ დღიდან, რაც გიბრძანათ, და შემდგომ თქვენს თაობებში, 24 და თუ თემის უყურადღებობით მოხდა ეს შეცდომა, მთელმა თემმა მოამზადოს ერთი ნორჩი მოზვერი სრულადდასაწველად, კეთილსურნელებად უფლისათვის, და მისი ძღვენი და მისი საღვრელი წესისამებრ, და ერთი თიკანი ცოდვისათვის. 25 და შეუნდობს მღვდელი ისრაელის ძეთა მთელ თემს, და მიუტევებს მათ, რადგან ეს შეცდომაა, და ისინი მიიტანენ თავიანთ საცეცხლო შესაწირავს უფლის წინაშე თავიანთი შეცდომისათვის. 26 და მიეტევება ისრაელის ძეთა მთელ თემს და ხიზანს, რომელიც ხიზნობს მათ შორის, რადგან მთელი ხალხი შეცდომაშია. 27 და თუ ერთი სული შესცოდავს შეცდომით, შესწიროს ერთწლიანი დედალი თხა ცოდვისათვის. 28 და შეუნდობს მღვდელი შემცდარ სულს, უფლის წინაშე შეცდომით შემცოდეს, მის შესანდობად და მიეტევება მას. 29 მკვიდრისთვის ისრაელის ძეთაგან და ხიზნისთვის, რომელიც თქვენს შორის ხიზნობს, ერთი რჯული გქონდეთ შეცდომით ჩამდენისათვის. 30 ის კი, ვინც თავხედურად მოიქცევა, მკვიდრთაგან იქნება ის თუ ხიზანთაგან, უფალს გმობს იგი, და მოიკვეთოს ის სული თავისი ხალხიდან, 31 რადგან სიტყვა უფლისა შეურაცხყო და მისი მცნება დაარღვია. შემუსვრით შეიმუსროს ის სული, მისი ცოდვა მასზეა.” 32 და როცა ისრაელის ძენი უდაბნოში იყვნენ, იპოვეს კაცი, რომელიც აგროვებდა შეშას შაბათ დღეს. 33 და მათ, ვინც შეშის შეგროვებისას ჰპოვეს იგი, მიიყვანეს მოსესთან, აარონთან და მთელ თემთან. 34 და ჩასვეს ის საპატიმროში, რადგან არ იყო გარკვეული, როგორ მოქცეოდნენ. 35 და უთხრა უფალმა მოსეს: „სიკვდილით მოკვდეს ეს კაცი. ქვებით ჩაქოლოს იგი მთელმა თემმა ბანაკის გარეთ.” 36 და გაიყვანა იგი მთელმა თემმა ბანაკის გარეთ და ჩაქოლა იგი ქვებით, და მოკვდა იგი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 37 და უთხრა უფალმა მოსეს ასე: 38 „განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ, რომ მათ გაიკეთონ ფოჩები თავიანთ სამოსლის კიდეებზე თავიანთ თაობებში და ჩაატანონ სამოსლის კიდის ფოჩებში ცისფერი ძაფი. 39 და იყოს ის თქვენთვის ფოჩად, და მის დანახვაზე გაიხსენეთ ყოველი მცნება უფლისა და აღასრულეთ ისინი, არ აჰყვეთ თქვენს გულსა და თქვენს თვალს, რომელნიც გიზიდავენ მრუშობისაკენ, 40 რათა გახსოვდეთ და აღასრულებდეთ ყოველ ჩემს მცნებას, და იყოთ წმიდები თქვენი ღვთისათვის. 41 მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანათ თქვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენთვის ღმერთი. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.”