ძველი აღთქმა
რიცხვნი
141 და აღიმაღლა ხმა მთელმა თემმა და ტიროდა ხალხი იმ ღამეს. 2 და დრტვინავდა ყოველი ისრაელის ძე მოსეზე და აარონზე, და უთხრა მათ მთელმა თემმა: „ნეტავ დავხოცილიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, ან ნეტავი ამ უდაბნოში დავხოცილიყავით! 3 რად შეჰყავს ჩვენი თავი უფალს ამ ქვეყანაში, მახვილით რომ დავეცეთ? ჩვენი ცოლები და ჩვენი ბავშვები ნადავლად იქცევიან. განა უკეთესი არ იქნება ჩვენთვის ეგვიპტეში დაბრუნება?” 4 და უთხრეს ერთმანეთს: „ამოვირჩიოთ მეთაური და დავბრუნდეთ ეგვიპტეში.” 5 და დაემხნენ მოსე და აარონი პირქვე ისრაელის ძეთა მთელი კრებულის წინაშე. 6 და ქვეყნის მზვერავთაგან იესო ნავეს ძემ, და ქალებ იეფუნეს ძემ, შემოიხიეს სამოსელი 7 და უთხრეს ისრაელის მთელ თემს: „ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ეს ქვეყანა ფრიად, ფრიად კარგია. 8 თუ მოწყალეა ჩვენზე უფალი, მაშინ შეგვიყვანს ჩვენ ამ ქვეყანაში და მოგვცემს ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი. 9 ოღონდ უფლის წინააღმდეგ ნუ ამბოხდებით და ნუ შეგეშინდებათ იმ ქვეყნის ხალხისა. რადგან ჩვენ მალე დავძლევთ მათ. გაშორდა მათ მათი მფარველი, ხოლო უფალი ჩვენს შორის არის. ნუ გეშინიათ მათი.” 10 და მთელი თემი ჩაქოლვას უპირებდა მათ. და უფლის დიდება გამოუჩნდა საკრებულო კარავში ყოველ ისრაელის ძეს. 11 და უთხრა უფალმა მოსეს: „როდემდე უნდა ვუძღოდე ამ ხალხს? და როდემდე არ უნდა მერწმუნოს ყველა იმ სასწაულის შემდეგ, რომლებიც მათ შორის მოვახდინე? 12 მოვსრავ მას შავი ჭირით და გავანადგურებ, შენგან კი ერს შევქმნი, მასზე უფრო დიდსა და ძლიერს.” 13 და უთხრა მოსემ უფალს: „გაიგებენ ეგვიპტელნი, რომელთა წიაღიდანაც შენი ძლიერებით გამოიყვანე ეს ხალხი, 14 და ეტყვიან ამ ქვეყნის მცხოვრებთ, რომლებმაც შეიტყვეს, რომ შენ, უფალი, ამ ხალხს შორისა ხარ, რომ შენ, უფალი, პირისპირ ეცხადები და ღრუბელი შენი დგას მათზე, და ღრუბლის სვეტში მიდიხარ მათ წინ დღისით, და ცეცხლის სვეტში – ღამით, 15 და თუ შენ გაჟლეტ ამ ხალხს, როგორც ერთ კაცს, მაშინ იტყვიან ერები, რომლებსაც სმენიათ დიდება შენი: 16 ‘რაკი უფალმა ვერ შეძლო ამ ხალხის მიყვანა იმ ქვეყანაში, რომელიც მან ფიცით აღუთქვა მათ, ამიტომ დაკლა ისინი უდაბნოში’. 17 და ახლა, განდიდდეს ძალა უფლისა, როგორც შენ თქვი: 18 ‘უფალი მრავლის მომთმენი და მრავალმოწყალეა, მიმტევებელია ბრალისა და დანაშაულისა, და არამც და არამც არ გაამართლებს დამნაშავეს, მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს, მესამე და მეოთხე თაობას’. 19 მიუტევე, გთხოვ, ეს დანაშაული ამ ხალხს შენი დიადი მოწყალებისამებრ, როგორც მიგიტევებია ამ ხალხისთვის ეგვიპტიდან ვიდრე აქამდე.” 20 და უთხრა უფალმა მოსეს: „მიმიტევებია შენი სიტყვისამებრ. 21 მაგრამ, ცოცხალი ვარ, და აღივსება უფლის დიდებით მთელი ქვეყანა. 22 ვერც ერთი ამ კაცთაგანი, რომელმაც იხილა ჩემი დიდება და ჩემი სასწაულები, რომელნიც მოვახდინე ეგვიპტეში და უდაბნოში, და ვინც მე ათჯერ გამომცადეს და არ ისმინეს ჩემი ხმა, 23 ვერ იხილავენ ქვეყანას, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს. და ვერც ერთი ჩემი მოძულე ვერ იხილავს მას. 24 მხოლოდ ქალებს, ჩემს მსახურს, რაკი სხვა სული ჰქონდა და ბოლომდე მიერთგულა, შევიყვან იმ ქვეყანაში, სადაც დადიოდა თვითონ, და მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას. 25 ყამალეკი და ქანაანელნი ველზე ცხოვრობენ. ხვალ მობრუნდით და გაემგზავრეთ უდაბნოში მეწამული ზღვის გზით.” 26 და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: 27 „როდემდე უნდა დრტვინავდეს ეს ბოროტი თემი ჩემზე? მოვისმინე ისრაელის ძეთა დრტვინვა, რომლითაც ისინი დრტვინავენ ჩემზე. 28 უთხარი მათ: ‘ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, როგორც ამბობდით ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით თქვენ. 29 ამ უდაბნოში დაიყრება თქვენი გვამები და თქვენი აღრიცხულები მთელი თქვენი რიცხვიდან, ოცი წლის ასაკიდან და უფროსნი, რადგან დრტვინავდით ჩემზე. 30 ვერ შეხვალთ თქვენ იმ ქვეყანაში, რომელზეც აღვმართე ხელი, რათა დამემკვიდრებინეთ მასში, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა, და იესო ნავეს ძისა. 31 და თქვენს ბავშვებს, რომლებზეც ამბობდით: ნადავლად იქცევიანო, შევიყვან იქ, და შეიცნობენ იმ ქვეყანას, რომელიც შეიძულეთ. 32 და თქვენი გვამები დაიყრება ამ უდაბნოში. 33 და თქვენი ძენი იხეტიალებენ უდაბნოში ორმოც წელს და ეწამებიან თქვენი მეძაობისთვის, სანამ არ გაიხრწნება თქვენი გვამები უდაბნოში. 34 იმ დღეთა რიცხვის მიხედვით, ქვეყანას რომ ზვერავდით: ორმოცი დღე, თითო წელი თითო დღეზე. თქვენი ცოდვებისათვის ორმოცი წელი ეწამებით და გამოსცდით ჩემგან მიტოვებას. 35 მე, უფალი, ვამბობ და თუ ასე არ მოვექცევი ამ ბოროტ თემს, რომელიც ამბოხდა ჩემს წინააღმდეგ: ამ უდაბნოში დაასრულებენ თავინთ სიცოცხლეს და აქ მოკვდებიან.” 36 და ის კაცები, რომელნიც მიავლინა მოსემ ქვეყნის დასაზვერად, და დაბრუნდნენ და აღაშფოთეს მის წინააღმდეგ მთელი ეს თემი, იმ ქვეყანაზე ცუდი ხმების დაყრით, 37 დაიხოცნენ სენით იმ ქვეყანაზე ცუდი ხმების დაყრის გამო, უფლის წინაშე დაეცნენ. 38 ხოლო იესო ნავეს ძე, და ქალებ იეფუნეს ძე დარჩნენ ცოცხლები იმ კაცთაგან, რომელნიც წავიდნენ ქვეყნის დასაზვერად. 39 და თქვა მოსემ ეს სიტყვები ისრაელიანთა წინაშე და დამწუხრდა ხალხი ფრიად. 40 და ადგნენ დილაადრიან და გაეშურნენ მთის მწვერვალისაკენ და თქვეს: „წავიდეთ იმ ადგილისაკენ, რომელზეც თქვა უფალმა, რადგან შევცოდეთ ჩვენ.” 41 და უთხრა მოსემ: „რად გადადიხართ უფლის ბრძანებას? აქედან არაფერი გამოვა. 42 ნუ ახვალთ, რომ არ შეიმუსროთ თქვენს მტერთა წინაშე, რადგან უფალი თქვენს შორის არაა; 43 რადგან ყამალეკი და ქანაანელნი იქნებიან თქვენს წინაშე და დაეცემით მახვილით, რადგან უკუიქეცით უფლისაგან, და არ იქნება უფალი თქვენთან. 44 მაგრამ ისინი გაკადნიერდნენ და ავიდნენ მთის წვერზე. ხოლო კიდობანი უფლის აღთქმისა და მოსე არ დაძრულან ბანაკიდან. 45 და ჩამოვიდნენ ყამალეკნი და ქანაანელნი, რომელნიც მკვიდრობდნენ იმ მთაზე, და შემუსრეს და გარეკეს ისინი ხორმამდე.