ძველი აღთქმა
მეორე რჯული
61 და აჰა, მცნებები, წესები და სამართალნი, რომელნიც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, რომ გასწავლოთ თქვენ, რათა შეასრულო იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ. 2 რათა გეშინოდეს უფლისა, შენი ღვთისა, რომ დაიცვა ყველა მისი წესი და მისი მცნება, რომელთაც მე გიბრძანებთ, შენ და შენს ძეს, და შენი ძის ძეს, მთელი შენი სიცოცხლის დღეებში, რათა დღეგრძელი იყო. 3 ისმინე, ისრაელ, და დაიცავი შესასრულებლად, რათა კარგად იყო, და რათა გამრავლდე ძალზე, როგორც გითხრა უფალმა, შენი მამების ღმერთმა, [რომ მოგცემს იმ] ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი. 4 ისმინე, ისრაელ: უფალი, ჩვენი ღმერთი, ერთი უფალია. 5 და შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით. 6 და იყოს ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, შენს გულში. 7 ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას. 8 და შეიბი ისინი ნიშნად ხელზე, და იყოს ისინი შუბლსაკრავად შენს თვალებს ზემოთ, 9 და დააწერე ისინი შენი სახლის კარის წირთხლებსა და შენს კარიბჭეებს. 10 და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის გამოც შეჰფიცა თქვენს მამებს – აბრაამს, ისაკსა და იაკობს, რომ შენ მოგცემდა დიდ და კარგ ქალაქებს, რომელნიც შენ არ აგიშენებია, 11 და ყოველნაირი სიკეთით სავსე სახლებს, რომელნიც შენ არ აგივსია, და ამოკვეთილ ჭებს, რომელნიც შენ არ ამოგიკვეთია, ბაღ-ვენახებსა და ზეთისხილის ხეებს, რომელნიც შენ არ გაგიშენებია, და შეჭამ და გაძღები, 12 გაფრთხილდი, რათა არ დაივიწყო უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. 13 გეშინოდეს უფლისა, შენი ღვთისა, და მას ემსახურე, და მის სახელს ფიცულობდე. 14 არ გაჰყვეთ უცხო ღმერთების კვალს, იმ ხალხების ღმერთთაგან, რომელნიც თქვენ ირგვლივ არიან, 15 რადგან უფალი, შენი ღმერთი, რომელიც შენს შორისაა, შურისმგებელი ღმერთია. თორემ აღეგზნება უფლის, შენი ღვთის, რისხვა შენზე და მოგსპობს მიწის პირისაგან. 16 არ გამოსცადოთ უფალი, თქვენი ღმერთი, როგორც გამოსცადეთ მასაში. 17 მტკიცედ დაიცავით უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებები, მისი მოწმობანი და მისი წესები, რომელნიც გიბრძანა შენ. 18 და სწორად და კეთილად მოიქეცი უფლის თვალში, რათა კარგად იყო, რომ მიხვიდე და დაიმკვიდრო კარგი ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს, 19 რომ განდევნოს მთელი შენი მტრები შენი პირისაგან, როგორც ნათქვამი აქვს უფალს. 20 თუ შეგეკითხება ხვალ შენი შვილი და გეტყვის: „რა არის ეს მოწმობანი, წესები და სამართალნი, რომელიც გიბრძანათ თქვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა”? 21 უთხარი შენს შვილს: „მონებად ვიყავით ფარაონთან ეგვიპტეში, და გამოგვიყვანა ჩვენ უფალმა ეგვიპტიდან ძლიერი ხელით. 22 მოუვლინა უფალმა დიდი და საშინელი ნიშნები და სასწაულები და სასჯელები ეგვიპტეს, ფარაონსა და მთელ მის სახლს ჩვენს თვალწინ. 23 და ჩვენ გამოგვიყვანა იქიდან, რათა აქ მოვეყვანეთ, რათა მოეცა ჩვენთვის ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა ჩვენს მამებს. 24 და გვიბრძანა ჩვენ უფალმა აღსრულება ყველა იმ წესისა, რათა გვეშინოდეს უფლისა, ჩვენი ღმერთისა, დღენიადაგ კარგად ვიყოთ, რომ ცოცხალი დავრჩეთ, როგორც ამ დღესა ვართ. 25 და ჩვენ ჩაგვეთვლება სიმართლედ, თუ დავიცავთ შესასრულებლად ყველა ამ მცნებას უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, როგორც მან გვიბრძანა.”