მეორე რჯული 5

აპრილი 27, 2015

ძველი აღთქმა
მეორე რჯული

51 და მოუწოდა მოსემ მთელს ისრაელს, და უთხრა მათ: ისმინე, ისრაელ, წესები და სამართალნი, რომელსაც მე ვიტყვი დღეს თქვენს გასაგონად. და შეისწავლეთ ისინი და ეცადეთ მათი შეასრულება. 2 უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, დაგვიდო აღთქმა ხორებში. 3 ჩვენს მამებთან კი არ დადო უფალმა ეს აღთქმა, არამედ ჩვენთან, ყველა ჩვენგანთან, ვინც აქ ცოცხლები ვართ დღეს. 4 პირისპირ გელაპარაკებოდათ უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან. 5 მე კი ვიდექი უფალსა და თქვენს შორის იმ დროს, რათა მეუწყებინა თქვენთვის სიტყვა უფლისა, რადგან გეშინოდათ ცეცხლისა და არ ასულხართ მთაზე. და მითხრა: 6 „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. 7 არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს წინაშე. 8 არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა, და რაც წყალშია მიწის ქვეშ. 9 თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო მათ, რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემი მოძულეების მესამე და მეოთხე თაობას. 10 და წყალობის მქმნელი ათასეულთათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის. 11 არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ამაოდ, რადგან დაუსჯელი ვერ გადაურჩება უფალს მისი სახელის ამაოდ წარმომთქმელი. 12 დაიცავი შაბათის დღე, რათა წმიდა ჰყო იგი, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა. 13 ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყოველი შენი საქმე, 14 ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის, შაბათია, არა საქმე არ აკეთო, არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მსახურმა, არც შენმა მხევალმა, არც შენმა ხარმა, არც შენმა სახედარმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენს კარზეა, რათა დაისვენოს შენმა მსახურმა და შენმა მხევალმა შენსავით. 15 გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტელთა ქვეყანაში, და გამოგიყვანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან ძლიერი ხელით და გაწვდილი მკლავით. ამისათვის გიბრძანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დაიცვა დღე შაბათისა. 16 პატივი ეცი მამაშენს და დედაშენს, როგორც გიბრძანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დღეგრძელი იყო და კარგად იყო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენ. 17 არა კლა. 18 არ იმრუშო. 19 არ იქურდო. 20 არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ. 21 არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, და არ ინატრო შენი მოყვასის სახლი, არც მისი ყანა, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არაფერი, რაც შენი მოყვასისაა.” 22 ეს სიტყვები გითხრათ უფალმა მთელ თქვენს კრებულს მთაზე, ცეცხლის, ღრუბლის და ნისლის შუაგულიდან დიდი ხმით, და მეტი არაფერი დაუმატებია. და დაწერა ისინი ორ ქვის დაფაზე, და მომცა მე. 23 და როცა მოისმინეთ თქვენ ხმა წყვდიადიდან, ხოლო მთა ცეცხლში იწვოდა, მაშინ მოხვედით ახლოს თქვენი ტომის ყველა მთავარი და თქვენი ერის უხუცესები. 24 და მითხარით: „აჰა, გვიჩვენა ჩვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, თავისი დიდება და თავისი სიდიადე, და მისი ხმა გვესმა ჩვენ ცეცხლის შუაგულიდან. ამ დღეს ვიხილეთ ჩვენ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ადამიანი ცოცხალი დარჩა. 25 და ახლა რისთვის დავიხოცოთ? ხომ გვშთანთქავს ეს დიდი ცეცხლი, თუ ჩვენ კვლავ მოვისმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის, ხმას, მაშინვე დავიხოცებით. 26 რადგან ვინაა ის ხორციელი, რომ მოესმინოს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღვთის ხმა და ჩვენსავით ცოცხალი დარჩენილიყოს? 27 შენ მიუახლოვდი და მოისმინე ყველაფერი, რასაც იტყვის უფალი, ჩვენი ღმერთი, და მოგვიყევი ჩვენ ყველაფერი, რასაც შენ გეტყვის უფალი, ჩვენი ღმერთი, და ჩვენ მოგისმენთ და შევასრულებთ.” 28 ისმინა უფალმა თქვენი ლაპარაკის ხმა, მე რომ მელაპარაკებოდით, და მითხრა უფალმა: „ვისმინე ამ ხალხის ლაპარაკის ხმა, შენ რომ გელაპარაკებოდა. ყველაფერი კარგია, რაც ილაპარაკეს. 29 ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და დაეცვათ ყველა ჩემი მცნება ყოველდღე, რათა კარგად ყოფილიყვნენ ისინი და მათი ძენი უკუნისამდე. 30 წადი, უთხარი მათ, დაბრუნდნენ თავიანთ კარვებში. 31 ხოლო შენ აქ დადექი ჩემთან, და მე გეტყვი ყველა მცნებას და წესებს, და სამართალს, რომელიც უნდა ასწავლო მათ, რათა მათ შეასრულონ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე დასამკვიდრებლად ვაძლევ მათ.” 32 ისე უნდა დაიცვათ შესასრულებლად, როგორც უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გიბრძანათ. ნუ გადაუხვევთ ნურც მარჯვნივ და ნურც მარცხნივ. 33 იარეთ ყველა გზით, რომელიც გამცნოთ თქვენმა ღმერთმა, რათა იცოცხლოთ და კარგად იყოთ, და დღეგრძელნი იყოთ ქვეყანაში, რომელსაც დაიმკვიდრებთ.
თავი მეოთხე                                                                                                                                          თავი მეექვსე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close