მეორე რჯული 4

აპრილი 27, 2015

ძველი აღთქმა
მეორე რჯული

41 და ახლა ისმინე, ისრაელო, წესები და სამართალნი, რომელთაც მე გასწავლით თქვენ შესასრულებლად, რათა იცოცხლოთ და მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ის ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გაძლევთ თქვენ. 2 არ დაამატოთ მას არაფერი, რასაც მე გამცნებთ თქვენ, და არაც მოაკლოთ. რათა დაიცვათ მცნებანი უფლისა, თქვენი ღმერთისა, რომელთაც მე გამცნებთ თქვენ. 3 თქვენმა თვალებმა იხილეს, რაც უყო უფალმა ბაყალ-ფეღორს: რადგან ყველა კაცი, რომელიც მიჰყვა ბაყალ-ფეღორს, მოსრა უფალმა, შენმა ღმერთმა, შენგან. 4 ხოლო თქვენ, რომელნიც მიელტვით უფალს, თქვენს ღმერთს, ცოცხლები ხართ ყველანი დღემდე. 5 შეხედეთ, გასწავლეთ თქვენ წესები და სამართალნი, როგორც მიბრძანა მე უფალმა, ჩემმა ღმერთმა, აღსასრულებლად იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ მიდიხართ დასამკვიდრებლად. 6 დაიცავით და აღასრულეთ, რადგან ესაა თქვენი სიბრძნე და თქვენი გონიერება, სხვადასხვა ხალხების თვალწინ, რომელნიც ყურს მოკრავენ ამ წესებს და იტყვიან: „მხოლოდ ეს ხალხია ბრძენი და გონიერი, დიდი ერია ეს.” 7 რადგან რომელი დიდი ერია, რომელთანაც ისე ახლოს იყვნენ (მისი) ღმერთები, როგორც ახლოსაა ჩვენთან უფალი, ჩვენი ღმერთია ჩვენთან როცა კი ვუხმობთ მას? 8 და რომელი დიდი ერია, რომელსაც ჰქონდეს ისეთი სამართლიანი წესები და სამართალნი, როგორც მთელი ეს რჯულია, რომელსაც მე გაძლევთ თქვენ დღეს? 9 მხოლოდ გაფრთხილდი და გულისყურით დაიცავი თავი, ნუ დაივიწყებ იმ საქმეებს, რომელნიც შენმა თვალებმა იხილეს; და გულიდან ნუ ამოგივარდება სიცოცხლის განმავლობაში. და აცოდინე შენს ძეთ და შენს ძეთა ძეებს, 10 ის დღე, როდესაც იდექი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე ხორებთან, და მითხრა მე უფალმა: „შემიკრიბე ხალხი, და გავაგონებ მათ ჩემს სიტყვებს, რათა ისწავლონ ჩემდამი შიში მთელი იმ დღეების განმავლობაში, ვიდრე მიწაზე ცოცხლობენ, და ასწავლონ თავიანთ ძეებს.” 11 და მიუახლოვდით და დადექით მთის ძირას. და მთა გიზგიზებდა ცეცხლით ზეცის გულამდე, და იდგა წყვდიადი, ღრუბელი და ნისლი. 12 და გელაპარაკებოდათ უფალი შუაგული ცეცხლიდან. სიტყვათა ხმა გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით. მხოლოდ ხმა გესმოდათ. 13 და გამოგიცხადათ მან თავისი აღთქმა, ათი მცნება, რომელიც გიბრძანათ თქვენ შესასრულებლად, და დაწერა ორ ქვის დაფაზე. 14 მე მიბრძანა უფალმა იმ დროს მესწავლებინა თქვენთვის წესები და სამართალნი, რათა შეასრულოთ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ. 15 მტკიცედ გეჭიროთ თქვენს სულებში, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე იმ დღეს, როდესაც უფალი გელაპარაკებოდათ ხორებზე შუაგული ცეცხლიდან, 16 რათა არ წახდეთ და არ გაიკეთოთ ქანდაკება, ხატი რაიმე კერპისა, რომელიც გამოხატავს კაცს ან ქალს, 17 რომელიმე პირუტყვისა, რაც მიწაზეა, ხატი ყოველი ფრთოსანი ფრინველისა, რაც ცაში დაფრინავს, 18 ხატი ყოველგვარი ქვეწარმავლისა მიწაზე, ხატი ყოველგვარი თევზისა, რაც წყლებშია მიწის ქვეშ. 19 რათა, როცა აღაპყრობთ თქვენს თვალებს ცისკენ და იხილავთ მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს, მთელ ციურ ლაშქარს, არ შეცდეთ, თაყვანი არ სცეთ მათ, არ ემსახუროთ მათ, რადგან უწილადა ისინი უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში. 20 ხოლო თქვენ აგიყვანათ უფალმა და გამოგიყვანათ რკინის ბრძმედიდან, ეგვიპტიდან, რომ იყოთ მისთვის მისი წილხვედრი ხალხი, როგორც ამ დღეს. 21 და უფალი განრისხდა ჩემზე თქვენი სიტყვების გამო და დაიფიცა, რომ მე ვერ გადავლახავ იორდანეს და ვერ შევალ კარგ ქვეყანაში, რომელსაც თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ. 22 მე მოვკვდები ამ ქვეყანაში. მე ვერ გადავალ მდინარე იორდანეს გაღმა. ხოლო თქვენ გადახვალთ და დაიმკვიდრებთ იმ კარგ ქვეყანას. 23 გაფრთხილდით, რომ არ დაივიწყოთ უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმა, რომელიც დაგიდოთ თქვენ, და არ გაიკეთოთ კერპები, რაიმე გამოსახულებანი, როგორც გიბრძანათ თქვენ უფალმა, თქვენმა ღმერთმა. 24 რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მშთანმთქმელი ცეცხლია. შურისმგებელი ღმერთია იგი. 25 თუ გეყოლებათ ძენი და ძეთა ძენი, და დაბერდებით ქვეყანაზე, და წახდებით და გააკეთებთ კერპს, რაიმე გამოსახულებას, და ჩაიდენთ ბოროტს უფლის, თქვენი ღმერთის თვალში მის გასაჯავრებლად, 26 თქვენს წინააღმდეგ დავიმოწმებ ცასა და მიწას, რომ დაღუპვით დაიღუპებით მალე იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს. ვერ გაიხანგრძლივებთ დღეებს მასზე, არამედ განადგურებით განადგურდებით. 27 და გაგფანტავთ უფალი ხალხებში, და დარჩებით მცირერიცხოვნად იმ ერებში, სადაც მიგიყვანთ უფალი. 28 და ემსახურებით იქ ადამიანის ხელებით გაკეთებულ ღმერთებს, ხისა და ქვისაგან, რომელნიც ვერ ხედავენ და არ ესმით, ვერ ჭამენ და ვერც იყნოსენ. 29 და როცა დაუწყებ ძებნას იქიდან უფალს, შენს ღმერთს, იპოვი მას, თუ მოძებნი მას მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით. 30 და შენს გაჭირვებაში, როცა ყოველივე ეს გეწევა მომავალ დღეებში, დაბრუნდები უფალთან, შენს ღმერთთან, და გაიგონებ მის ხმას. 31 რადგან მოწყალეა უფალი, შენი ღმერთი. არ მიგატოვებს და არ დაგღუპავს, და არ დაივიწყებს შენი მამების აღთქმას, რომელიც შეჰფიცა მათ. 32 აბა, შეეკითხეთ გარდასულ დღეებს, შენამდე რომ იყო, იმ დღიდან, რაც შექმნა ღმერთმა ადამიანი მიწაზე, ცის კიდიდან ცის კიდემდე, თუ მომხდარა რაიმე მსგავსი ამ დიდი საქმისა, ან თუ გაგონილა მისი სადარი, 33 თუ სმენია რომელიმე ხალხს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღვთის ხმა, როგორც შენ ისმინე, და გადარჩი ცოცხალი? 34 თუ უცდია რომელიმე ღმერთს მისულიყო და გამოეყვანა თავისთვის ხალხი სხვა ხალხის წიაღიდან განსაცდელებით, ნიშნებითა და სასწაულებით, და ბრძოლით, და ძლიერი ხელით, და გაწვდილი მკლავით, და დიდი საშინელებებით, როგორც მოიმოქმედა ყოველივე თქვენთვის თქვენმა ღმერთმა ეგვიპტეში თქვენს თვალწინ? 35 შენ გახილვინა, რათა გცოდნოდა, რომ უფალია ღმერთი, არავინ არის მის გარდა. 36 ციდან მოგასმენინა თავისი ხმა, რათა განესწავლე, და ქვეყანაზე გიჩვენა თავისი დიდი ცეცხლი, და მისი სიტყვანი ისმინე ცეცხლის შუაგულიდან. 37 რაკი შეიყვარა მან შენი მამები და გამოირჩია მათი შთამომავალი მათ შემდეგ, და გამოგიყვანა თავისი დიადი ძალით ეგვიპტიდან, 38 რათა განედევნა შენზე უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერი ხალხები შენი პირისაგან, რათა მიეყვანე და მოეცა შენთვის მათი ქვეყანა სამკვიდროდ. 39 და დღეს შეიცანი და გულში ჩაიბეჭდე, რომ თვით უფალი ღმერთია მაღლა ზეცაში და დაბლა ქვეყანაზე, სხვა არავინაა. 40 დაიცავი მისი წესები და მისი მცნებები, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, რათა კარგად იყოთ შენ და შენი ძენი შენს შემდგომ, და რათა გაიხანგრძლივო დღენი ქვეყანაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამარადისოდ.” 41 მაშინ გამოყო მოსემ სამი ქალაქი იორდანეს გამოღმა, მზის აღმოსავლეთით, 42 რათა იქ გაიქცეს მკვლელი, რომელსაც უნებლიედ შემოაკვდება თავისი მოყვასი, ვისი სიძულვილიც არ ჰქონია არც გუშინ და არც გუშინწინ, გაიქცეს ერთ-ერთში ამ ქალაქთაგან, და გადარჩეს. 43 ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე, რეუბენისა იყო, რამოთი გილყადში – გადისა, ხოლო გოლანი ბაშანში – მენაშესი. 44 ეს არის რჯული, რომელიც დააწესა მოსემ ისრაელის ძეთა წინაშე. 45 და ესენია მოწმობანი და წესები და სამართალნი, რომელნიც უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ ეგვიპტიდან გამოსვლისას, 46 იორდანეს გაღმა, ველზე, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, ამორეველთა მეფის, სიხონის, ქვეყანაში, რომელიც ცხოვრობდა ხეშბონში, და რომელიც შემუსრეს მოსემ და ისრაელის ძეებმა ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას. 47 და დაიმკვიდრეს მისი ქვეყანა და ქვეყანა ყოგისა, ბაშანის მეფისა, ამორეველთა ორი მეფისა, რომელნიც იყვნენ იორდანეს გაღმა მხარეს, მზის აღმოსავლეთით, 48 ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევის ნაპირზეა, სიონის მთამდე. ეს არის ხერმონი. 49 და ასევე მთელი ველი ორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით, ყარაბას ზღვამდე, ფისგას ფერდობების ძირას.
თავი მესამე                                                                                                                                            თავი მეხუთე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close