მეორე რჯული 3

აპრილი 27, 2015

ძველი აღთქმა
მეორე რჯული

31 და გადავუხვიეთ, და ავედით ბაშანის გზით. და გამოვიდა ყოგი, ბაშანის მეფე, ჩვენს შესახვედრად მთელ თავის ხალხთან ერთად საბრძოლველად ედრეყში. 2 და მითხრა უფალმა მე: „ნუ გეშინია მისი, რადგან მე ხელში ჩაგიგდე იგი და მთელი მისი ხალხი და მისი ქვეყანა. და ისე მოექეცი მას, როგორც სიხონს მოექეცი, ამორეველ მეფეს, რომელიც ცხოვრობს ხეშბონში.” 3 და ხელში ჩაგვიგდო უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ყოგიც, ბაშანის მეფე, და მთელი მისი ხალხი. და მოვსპეთ იგი ისე, რომ არავინ დარჩენილა ცოცხალი. 4 და დავიპყარით ყველა მისი ქალაქი იმ დროს. არ ყოფილა ქალაქი, მათთვის რომ არ წაგვერთმია: სამოცი ქალაქი, არგობის მთელი მხარე, სამეფო ყოგისა ბაშანში, 5 ყველა ეს ქალაქი გამაგრებული იყო მაღალი გალავნით, კარიბჭეებით და ურდულებით, გარდა მრავალი უგალავნო ქალაქისა. 6 მუსრი გავავლეთ მათ, როგორც მოვექეცით სიხონს, ხეშბონის მეფეს, როცა ერთიანად მუსრი გავავლეთ ყველა ქალაქს, კაცებს, დედაკაცებს და პატარებს. 7 მაგრამ საქონელი და ნადავლი იმ ქალაქებისა დავიტოვეთ ჩვენთვის. 8 და წავართვით იმ დროს ქვეყანა ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გამოღმა, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე. 9 ციდონელები ხერმონს სირიონს უწოდებენ, და ამორეველნი კი სენირს უწოდებენ. 10 და ავიღეთ ყველა ქალაქი ვაკისა და მთელი გილყადი, და მთელი ბაშანი სალქამდე და ედრეყამდე, ყოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში. 11 რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე, იყო დარჩენილი რეფაიმთაგან. აჰა, მისი სარეცელი რკინის სარეცელია, ის რაბათშია ყამონის ძეებთან. ცხრა წყრთაა მისი სიგრძე და ოთხი წყრთაა მისი სიგანე მამაკაცთა წყრთით. 12 და ეს ქვეყანა დავიმკვიდრეთ იმ დროს: ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევზეა, და ნახევარი გილყადის მთისა მისი ქალაქებით მივეცი რეუბენის ძეთ და გადის ძეთ. 13 და დანარჩენი გილყადი და მთელი ბაშანი, სამეფო ყოგისა, მივეცი მენაშეს ნახევარ ტომს, ყველა მიდამო არგობისა მთელი ბაშანით, რომელსაც რეფაიმის ქვეყანა ეწოდება. 14 იაირმა, მენაშეს ძემ, დაიპყრო არგობის მთელი მხარე, გეშურისა და მაყაქათელის საზღვრამდე, და ბაშანს უწოდა თავისი სახელი: სოფლები იაირისა, როგორც ეს ამ დღემდეა. 15 და მაქირს მივეცი გილყადი. 16 ხოლო რეუბენის ძეთ და გადის ძეთ მივეცი გილყადიდან არნონის ხევამდე, ხევის შუამდე და საზღვრამდე, იაბოკის ხევამდე, ყამონის ძეთა საზღვრამდე. 17 და ყარაბა და იორდანე საზღვარია ქინერეთიდან ვიდრე იამ-ყარაბამდე, მარილოვან ზღვამდე, ფისგას ფერდობებამდე, აღმოსავლეთით. 18 და გიბრძანეთ თქვენ იმ დროს ასე: „უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ თქვენ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად. ყველა, ვისაც ბრძოლა შეუძლია, შეიარაღებულები წინ გაუძეხით თქვენს ძმებს, ისრაელის ძეთ. 19 მხოლოდ თქვენი ცოლები და თქვენი პატარები, და ჯოგები – ვიცი, რომ დიდძალი ჯოგები გყავთ –დარჩნენ თქვენს ქალაქებში, რომელნიც თქვენთვის მომიცია. 20 როცა დააბინავებს უფალი თქვენს ძმებს თქვენსავით და დაიმკვიდრებენ ისინიც ქვეყანას, რომელსაც უფალი, ღმერთი თქვენი, აძლევს მათ იორდანეს გაღმა, მაშინ დაბრუნდით ყველანი თავ-თავის სამკვიდროში, რომელიც მოგეცით.” 21 და იესოს ვამცნე იმ დროს: „შენი თვალებია მხილველი ყოვლისა, რა დამართა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ამ ორ მეფეს. იმასვე დამართებს უფალი ყველა სამეფოს, რომელსაც შენ გაივლი. 22 ნუ გეშინია მათი, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის.” 23 და შევევედრე უფალს იმ დროს ასე: 24 „უფალო, ღმერთო ჩემო! შენ დაუწყე შენს მსახურს შენი დიდებისა და შენი ძლიერი ხელის ჩვენება. რომელი ღმერთია ცაზე და მიწაზე, შენს მსგავს საქმეებსა და ძლიერებას რომ სჩადიოდეს? 25 გთხოვ, გადავიდე და ვიხილო ის კარგი ქვეყანა, რომელიც იორდანეს გაღმაა, და ის კარგი მთა და ლიბანი.” 26 მაგრამ განრისხდა უფალი ჩემზე თქვენს გამო და არ ისმინა ჩემი, და მომიგო უფალმა: „კმარა, ამიერიდან ნუღარ დამელაპარაკები ამ საქმეზე. 27 ადი ფისგას მწვერვალზე და გაიხედე დასავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ და აღმოსავლეთისკენ, და დაინახე შენი თვალით, რადგან ვერ გადახვალ ამ იორდანეს გაღმა. 28 და უბრძანე იესოს, და გაამხნევე იგი და გაამაგრე, რადგან ის გაუძღვება ამ ხალხს და დაუმკვიდრებს მათ ქვეყანას, რომელსაც დაინახავ.” 29 და დავდექით ველზე, ბეთ-ფეღორის გასწვრივ.
თავი მეორე                                                                                                                                            თავი მეოთხე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close