მეორე რჯული 20

აპრილი 28, 2015
ძველი აღთქმა
მეორე რჯული
201 როცა ომში გახვალ შენი მტრის წინააღმდეგ და დაინახავ ცხენს და ეტლს და შენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ნუ შეუშინდები მათ, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან. 2 და როცა ომს მიუახლოვდებით, მოდგეს მღვდელი და ხალხს ელაპარაკოს, 3 და უთხრას მათ: „ისმინე, ისრაელ, თქვენ დღეს ებმებით ომში თქვენს მტრებთან. ნუ დაგიძაბუნდებათ გული, ნუ შეშინდებით, და ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე, 4 რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მოგყვებათ მტრებთან საბრძოლველად, თქვენს გადასარჩენად.” 5 ზედამდგომელებმა კი ასე უთხრან ხალხს: „ვინც ახალი სახლი აიშენა და არ უკურთხებია, წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სახლს, რომ არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ აკურთხოს იგი. 6 და ვინც ვენახი გააშენა და ვერ მოიწია, წავიდეს და თავის სახლს დაუბრუნდეს, რომ არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ მოისთვლას იგი. 7 და ვინც ქალი დანიშნა და არ შეურთავს, წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სახლს, რომ არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ წაიყვანოს იგი.” 8 და კიდევ ელაპარაკონ ზედამდგომელები ხალხს და უთხრან: „ვინც მშიშარაა და გულდედალი, წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სახლს, რათა არ გაუდნოს თავის მოძმეებს გული თავისი გულივით.” 9 და როცა ზედამდგომელები მორჩებიან ხალხთან ლაპარაკს, მაშინ დანიშნეთ მხედართმთავრები ხალხის მეთაურებად. 10 როცა მიუახლოვდები ქალაქს საომრად, მოუწოდე მას ზავისაკენ. 11 და თუ ზავზე დაგთანხმდეს და გაგიღოს, მთელი ხალხი, ვინც კი იქ აღმოჩნდება, შენს ხარკს დაიდებს და გემსახურება. 12 და თუ არ დაგეზავა და ომი გაგიმართა, ალყა შემოარტყი მას, 13 და ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი. განგმირე ყველა მისი მამაკაცი მახვილის პირით. 14 დაინდე მხოლოდ ქალები და ბავშვები, და საქონელი, რაც იყოს ქალაქში. მისი ნადავლი დაიტაცე და ჭამე შენი მტრის ნადავლი, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა. 15 ასევე მოექეცი შენგან ძალზე დაშორებულ ყველა ქალაქს, რომელიც არ ეკუთვნის ამ ხალხთა ქალაქებს. 16 მხოლოდ იმ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენ სამკვიდროდ, არ აცოცხლო არც ერთი სული. 17 მოსპობით მოსპე ისინი: ხეთელები და ამორეველები, ქანაანელები და ფერიზელები, ხიველები და იებუსელები, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა. 18 რათა არ გასწავლონ ყველა იმ სისაძაგლის კეთება, რასაც ისინი აკეთებდნენ თავიანთი ღმერთებისათვის, და არ შესცოდოთ უფალს, თქვენს ღმერთს. 19 თუ დიდხანს გექნება ქალაქისათვის შემორტყმული ალყა, რათა იომო მის წინააღმდეგ მის ასაღებად, ნუ გაანადგურებ მის ხეებს მათზე ცულის აღმართვით, რადგან მისგან ჭამ, და არ უნდა მოჭრა იგი. მინდვრის ხე ადამიანი ხომ არ არის, რომ ციხე-სიმაგრეში გაგექცეს? 20 მხოლოდ ის ხე, რომელიც იცი, რომ ნაყოფის მომცემი არ არის, შეგიძლია გაანადგურო და მოჭრა, და ააგო სიმაგრე იმ ქალაქის წინააღმდეგ, რომელიც გეომება, ვიდრე დაეცემოდეს.
თავი მეცხრამეტე                                                                                                                              თავი ოცდამეერთე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close