18 როცა გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, მან დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა. ბადეებს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. 19 უთხრა მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით.” 20 მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. 21 იქიდან წავიდა და დაინახა სხვა ორი ძმა: იაკობი, ზებედეს ძე და იოანე, მისი ძმა, რომელნიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს ამზადებდნენ, და მოუხმო მათ. 22 მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას.