1 „მაშინ ცათა სასუფეველი დაემსგავსება ათ ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად. 2 ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი – გონიერი. 3 უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან. 4 ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით. 5 ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩათვლიმა და დაეძინა. 6 მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: ‘აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად!’ 7 მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავ-თავისი ლამპრები. 8 უგუნურებმა უთხრეს გონივრებს: ‘გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება.’ 9 მიუგეს გონივრებმა და უთხრეს: ‘რომ არც ჩვენ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.’ 10 როცა ისინი წავიდნენ საყიდლად, მოვიდა ნეფე და გამზადებულნიც მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა. 11 შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: ‘უფალო, უფალო, გაგვიღე!’ 12 ხოლო მან მიუგო და უთხრა: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გიცნობთ!’ 13 ჰოდა, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე.