18 „აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა; ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამართალს წარმართებს.19 არ იდავებს და არც იყვირებს, ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას. 20 ნაგვემ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე სამართალს გამარჯვებამდე არ მიიყვანს; 21 და მის სახელში ექნებათ იმედი წარმართებს”. 22 მაშინ მოიყვანეს მასთან ბრმა და მუნჯი ეშმაკეული და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა. 23 მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: „ეს ხომ არ არის დავითის ძეო?” 24 ხოლო ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს. 25 იცოდა იესომ, რას ფიქრობდნენ ისინი და უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება; და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ვერ გაძლებს. 26 თუ სატანა სდევნის სატანას, თავისავე წინააღმდეგ გაყოფილა იგი და როგორღა გაძლებს მისი სამეფო? 27 თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მოსამართლენი. 28 მაგრამ თუ მე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო.