მალაქია 2

By
სექტემბერი 13, 2015
ძველი აღთქმა
მალაქია

21 „ახლა თქვენთვის არის ეს მცნება, მღვდლებო. 2 თუ არ გაიგონებთ და გულში არ ჩაიდებთ მას, რომ პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდვიათ გულში. 3 აჰა, დაგიკავებთ თესლს და პირისახეზე დაგაყრით საკლავის სკორეს, თქვენი დღესასწაულების სკორეს, და თან წაიღებთ მას. 4 მიხვდებით, რომ მე გამოგიგზავნეთ ეს მცნება ლევიანებთან ჩემი აღთქმის შესანარჩუნებლად, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – 5 ჩემი აღთქმა მასთან სასიცოცხლოდ და სამშვიდობოდ იყო და მე მივეცი ეს მათ ჩემი შიშისათვის. რიდი ჰქონდათ ჩემი და ეკრძალვოდნენ ჩემს სახელს. 6 ჭეშმარიტი რჯული იყო მის პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მის ბაგეებში. მშვიდობით და სიწრფელით დადიოდა ჩემს წინაშე და მრავალი მოაქცია ბოროტებისგან. 7 რადგან მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი. 8 თქვენ კი გადაუხვიეთ გზიდან, ბევრი ააცდინეთ რჯულს და დაარღვიეთ ლევიანთა აღთქმა, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – 9 მეც საძულველად გაგხდით და დაგამცირებთ ყოველი ხალხის თვალში, რადგან არ დაიცავით ჩემი გზები და მიკერძოებას იჩენდით რჯულში. 10 განა ერთი მამა არა გვყავს ყველას? განა ერთმა ღმერთმა არ გაგვაჩინა? მაშ, რატომ ვემუხანათებით ერთმანეთს? რომ შევლახოთ ჩვენი მამების აღთქმა? 11 მუხანათობს იუდა და სისაძაგლე ხდება ისრაელში და იერუსალიმში, რადგან შელახა იუდამ უფლის სიწმიდე, რომელიც უყვარდა, და უცხო ღმერთის ასულს ექმრო. 12 მოიკვეთს უფალი იაკობის კარვებიდან ამის ჩამდენს –მღვიძარს და ხმის გამცემს და ძღვენის მიმტანს ცაბაოთ უფლისადმი. 13 აჰა, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლით აფარვინებთ სამსხვერპლოს, ტირილითა და კვნესით, ისე რომ ვეღარ ხედავს ძღვენს და კეთილგანწყობით ვეღარ იღებს თქვენი ხელიდან. 14 თქვენ ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწამე იყო უფალი შენსა და შენი სიჭაბუკის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო. 15 არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისგან, და თქვენც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყმაწვილის ცოლს. 16 რადგან მძულს გაყრა, – ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, – და თავისი სამოსელის ძალადობით დამფარველი, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ იქნებით ღალატიანები. 17 დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით და ამბობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ამბობთ: ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩანს უფალს და ისინი უყვარსო მას, ან სად არის სამართლის ღმერთიო?”

თავი პირველი                                                                                                                                           თავი მესამე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close