ლევიანნი
81 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „აიყვანე აარონი და მისი ძენი მასთან ერთად, და შესამოსელნი და საცხებელი ზეთი, და ცოდვის მსხვერპლის მოზვერი, და ორი ვერძი, და კალათი ხმიადებით. 3 და შეკრიბე მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან.” 4 და გააკეთა მოსემ, როგორც უბრძანა უფალმა მას, და შეიკრიბა თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან. 5 და უთხრა მოსემ თემს: „ეს არის სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა შესასრულებლად.” 6 და მიიყვანა მოსემ აარონი და მისი ძენი, და განბანა ისინი წყლით. 7 და შემოსა ის კვართით, და შემოარტყა მას სარტყელი და ჩააცვა მას შესამოსელი, და შემოსა ეფოდით, და შემოარტყა მას ეფოდის სარტყელი, და მიამაგრა იმით ეფოდი მასზე. 8 და დაადო აარონს სამკერდული, და ურიმი და თუმიმი. 9 და მოახვია დოლბანდი თავზე, და დაადვა დოლბანდს მისი წინაპირიდან ოქროს ფირფიტა, წმიდა გვირგვინი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 10 და აიღო მოსემ საცხებელი ზეთი და სცხო კარავს და ყოველივეს, რაც მასშია, და განწმიდა ისინი. 11 და მოასხურა მისგან სამსხვერპლოს შვიდჯერ და სცხო სამსხვერპლოსა და მის ყოველ ჭურჭელს, და მის საბანელს, და მის კვარცხლბეკს მათ განსაწმედად. 12 და დაღვარა საცხებელი ზეთი აარონის თავზე, და სცხო მას განსაწმედად. 13 და მოიყვანა მოსემ აარონის ძენი და შემოსა ისინი კვართით, და შემოარტყა მათ სარტყლები, და დაადგა მათ თავსაბურავები, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 14 და მიიყვანა მოზვერი ცოდვის მსხვერპლისა და დაასხეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ცოდვის მოზვერის თავს. 15 და დაკლა ის და აიღო მოსემ სისხლი და დაადო სამსხვერპლოს რქებს ირგვლივ თავისი თითით, და წარხოცა ცოდვა სამსხვერპლოდან, და სისხლი დაღვარა სამსხვერპლოს საძირკველთან და განწმიდა იგი, რათა შეენდო მისთვის. 16 და აიღო მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა, და აპკი ღვიძლისა, და ორივე თირკმელი მათი ქონით, და დააკმია მოსემ სამსხვერპლოზე. 17 მოზვერი და მისი ტყავი, მისი ხორცი და მისი სკორე დაწვა ცეცხლზე ბანაკს გარეთ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 18 და მიიყვანა ვერძი სრულადდასაწველად და დაასხეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. 19 და დაკლა მოსემ და მოაპკურა სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ. 20 და ვერძი დაჭრა ასო-ასოდ, და დააკმია მოსემ თავი და ნაჭრები, და ქონი. 21 და შიგნეული და კანჭები გარეცხა წყლით. და დაწვა მოსემ მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს სრულადდასაწველი კეთილსურნელებაა, იგი საცეცხლო შესაწირავია უფლისათვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 22 და მოჰგვარა მეორე ვერძი, ავსების ვერძი, და დაასხეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. 23 და დაკლა იგი და აიღო მოსემ მისი სისხლი და სცხო აარონის მარჯვენა ყურის ბიბილოს და მისი მარჯვენა ხელის ცერს, და მისი მარჯვენა ფეხის ცერს. 24 და მოიყვანა აარონის ძენი, და სცხო მოსემ სისხლი მათი მარჯვენა ფეხის ცერს, და მოაპკურა მოსემ ეს სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ. 25 და აიღო ქონი და დუმა, და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა, და ღვიძლის აპკი და ორივე თირკმელი და მათი ქონი, მარჯვენა ბეჭი. 26 და ხმიადების კალათიდან, რომელიც უფლის წინაშეა, აიღო მან ერთი ხმიადის კვერი და ერთი კვერი პურისა, ზეთიანი, და ერთი ნამცხვარი, და დაადო ქონს და მარჯვენა ბეჭს. 27 და დადო ყოველივე ეს აარონის ხელისგულებზე და მის ძეთა ხელისგულებზე და შეარხია ისინი შერხევით უფლის წინაშე. 28 და აიღო მოსემ ისინი მათი ხელებიდან და დააკმია სამსხვერპლოზე სრულადდასაწველითურთ. ეს ავსების მსხვერპლია კეთილსურნელებად, ეს საცეცხლო შესაწირავია უფლისათვის. 29 და აიღო მოსემ მკერდი და მიიტანა და შეარხია იგი შერხევით უფლის წინაშე. ავსების ვერძიდან იყო მოსესთვის ულუფა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 30 და აიღო მოსემ საცხებელი ზეთი და სისხლი, რომელიც სამსხვერპლოზე იყო, და მოასხურა აარონს, მის შესამოსელს და მის ძეთა შესამოსელს მასთან ერთად. და განწმიდა აარონი, მისი შესამოსელი და მისი ძენი და მის ძეთა შესამოსელი მასთან ერთად. 31 და უთხრა მოსემ აარონს და მის ძეთ: „მოხარშეთ ეს ხორცი საკრებულო კარვის შესასვლელთან და იქ ჭამეთ ის პურთან ერთად, რომელიც ავსების კალათშია, როგორც მე ვბრძანე, ‘აარონმა და მისმა ძეებმა ჭამონო ის.’ 32 ხოლო ნარჩენი ხორცისა და პურისა ცეცხლში დაწვით. 33 საკრებულო კარვის შესასვლელს არ გაშორდეთ შვიდ დღეს, ვიდრე არ შესრულდება თქვენი ავსების დღეები. რადგან შვიდ დღეს უნდა ივსებოდეს თქვენი ხელები. 34 როგორც გაკეთდა ამ დღეს, ასე ბრძანა უფალმა კეთება თქვენი შენდობისთვის. 35 და საკრებულო კარვის შესასვლელთან დარჩით შვიდი დღე და ღამე, და დაიმარხეთ უფლის სამარხვო, რათა არ დაიხოცოთ; რადგან ასე მამცნო უფალმა.” 36 და აღასრულეს აარონმა და მისმა ძეებმა ყოველივე, რაც უბრძანა უფალმა მოსეს ხელით.