ძველი აღთქმა
ლევიანნი
261 „‘არ გაიკეთოთ კერპები, და ქანდაკება და სვეტი არ აღმართოთ თქვენთვის, და ქვა გამოსახულებით არ დადგათ თქვენს ქვეყანაში სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. 2 „‘ჩემი შაბათობები დაიცავით და ჩემი საწმიდრის წინაშე იყავით მოკრძალებულნი. მე ვარ უფალი. 3 „‘თუ ივლით ჩემი წესებით და ჩემს მცნებებს დაიცავთ და აღასრულებთ მათ, 4 მე მოგცემთ თქვენ წვიმებს დროულად და მიწა გამოიღებს თავის მოსავალს, და ხე ველისა მოგცემთ თავის ნაყოფს. 5 და თქვენთან კალოს ლეწვა და რთვლობამდე გასტანს, და რთვლობა თესვამდე გასტანს, და შეჭამთ თქვენ პურს მაძღრისად, და იცხოვრებთ მშვიდად თქვენს ქვეყანაში. 6 „‘და დავამყარებ მშვიდობას ქვეყანაში და დაწვებით უშფოთველად. განვდევნი სასტიკ მხეცებს ქვეყნიდან. და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაში. 7 და განდევნით თქვენს მტრებს და დაეცემიან თქვენს წინაშე მახვილით. 8 ხუთი თქვენგან განდევნის ასს და ასი თქვენგან განდევნის ათი ათასს, და დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე მახვილით. 9 „‘და მოვიხედავ მე თქვენსკენ, და მოგაშენებთ თქვენ და გაგამრავლებთ, და განვამტკიცებ ჩემს აღთქმას თქვენთან. 10 და შეჭამთ შარშანდელ ძველს, და გადაყრით ძველს ახლისათვის. 11 და აღვმართავ ჩემს სავანეს თქვენში, და არ შეგიძულებთ თქვენ ჩემი სული. 12 და ვივლი მე თქვენს შორის და ვიქნები თქვენს ღმერთად, და თქვენ იქნებით ჩემს ხალხად. 13 მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა არ ყოფილიყავით იქ მონებად. და დავწყვიტე აპეურები თქვენი უღლისა და წამოგიყვანეთ თქვენ თავაღმართულნი. 14 „‘თუ არ გამიგონებთ და არ აღასრულებთ ყველა ამ მცნებებს, 15 და თუ ჩემს წესებს შეიზიზღებთ, თუ ჩემს სამართალს შეიძულებთ, რათა არ აღასრულოთ ჩემი ყოველი მცნება, ჩემი აღთქმის დარღვევით, 16 მეც ასევე მოგექცევით თქვენ: მოვავლენ თქვენზე საშინელებას, მღიერებას და ციებ-ცხელებას, რომელნიც ქანცავენ თვალებს და აწამებენ სულს. ამაოდ დათესავთ თქვენს თესლს, და შეჭამენ მას თქვენი მტრები. 17 და მოვაქცევ ჩემს სახეს თქვენზე და განიგმირებით თქვენი მტრების წინაშე, და იბატონებენ თქვენზე თქვენი მოძულენი და გაიქცევით, როცა არავინ დაგიწყებთ დევნას. 18 „‘და თუ მაინც არ გამიგონებთ, შვიდჯერ გავზრდი სასჯელს თქვენი ცოდვებისათვის. 19 და შევმუსრავ თქვენი ძლევამოსილების ამპარტავნებას და გადავაქცევ თქვენს ზეცას, ვითარცა რკინას, და თქვენს მიწას, ვითარცა სპილენძს. 20 და ამაოდ დაილევა თქვენი ძალა და არ გაიღებს თქვენი მიწა თავის მოსავალს, და ხე მიწისა არ გამოიღებს თავის ნაყოფს. 21 „‘და თუ თქვენ მაინც წამოხვალთ ჩემს წინააღმდეგ და არ ისურვებთ ჩემს გაგონებას, შვიდმაგად გავზრდი თქვენს ცემას თქვენი ცოდვებისათვის. 22 და მოვავლენ თქვენზე ველურ ცხოველებს, რომლებიც მოგისპობენ შვილებს, და ამოგიწყვეტენ საქონელს, და შეგამცირებენ და გაუკაცრიელდება თქვენი გზები. 23 „‘და თუ ამითაც არ გამოსწორდებით და წამოხვალთ ჩემს წინააღმდეგ, 24 მეც წავალ თქვენს წინააღმდეგ და გცემთ თქვენ შვიდმაგად თქვენი ცოდვებისათვის. 25 და მოვავლენ თქვენზე შურისმგებელ მახვილს აღთქმის შურისგებისათვის. და თუ დაიმალებით თქვენს ქალაქებში, მაშინ მოვავლენ შავ ჭირს თქვენს შორის და ჩაცვივდებით მტრის ხელში. 26 ისე შეგიმუსრავთ პურის სახსარს, რომ ათი ქალი გამოაცხობს თქვენს პურს ერთ თონეში, და წონით დაგიბრუნებენ თქვენს პურს. ჭამთ და ვერ გაძღებით. 27 „‘და თუ ამის შემდეგაც არ გამიგონებთ და წამოხვალთ ჩემს წინააღმდეგ, 28 მეც წამოვალ სისასტიკით თქვენს წინააღმდეგ და დაგსჯით თქვენ შვიდმაგად თქვენი ცოდვებისათვის. 29 და შეჭამთ თქვენ ხორცს თქვენი ვაჟებისას, და ხორცს თქვენი ასულებისას შეჭამთ. 30 და გავანადგურებ თქვენ მაღლობებს და და-ვაქცევ თქვენს მზის კერპებს, და დავყრი თქვენს მძორებს თქვენს დანგრეულ კერპებზე, და შეგიძულებთ ჩემი სული. 31 და გარდავაქცევ თქვენს ქალაქებს უდაბნოებად, და ავაოხრებ თქვენს სამსხვერპლოებს, და აღარ ვიყნოსავ თქვენს მსხვერპლთა კეთილსურნელებას. 32 და ავაოხრებ თქვენს ქვეყანას ისე, რომ გაოგნდებიან მისით იქ ჩასახლებული თქვენი მტრები. 33 და გაგფანტავთ ხალხთა შორის და ვიშიშვლებ მახვილს თქვენს კვალდაკვალ, და გადაიქცევა თქვენი ქვეყანა უდაბნოდ და თქვენი ქალაქები ნანგრევებად. 34 მაშინ აინაზღაურებს თავის შაბათებს მიწა თავისი უკაცრიელების მთელ დროს, როცა იქნებით თქვენი მტრების ქვეყანაში, მაშინ დაისვენებს მიწა და დაკმაყოფილდება თავისი შაბათებით. 35 თავისი უკაცრიელების მთელ დროს დაისვენებს იმდენს, რამდენიც არ დაუსვენიათ თქვენს შაბათებში, როცა თქვენ მკვიდრობდით მასზე. 36 „‘და თქვენგან დარჩენილთა გულებში შთავნერგავ სიმხდალეს მათი მტრების ქვეყანაში, და დააფრთხობს მათ შრიალი შერხეული ფოთლისა, და გაიქცევიან, როგორც გარბიან მახვილისაგან, და დაეცემიან, როცა არავინ იქნება მათი მდევნელი. 37 ერთმანეთზე წაიბორძიკებენ, როგორც მახვილისაგან, თუმცა მდევნელი არავინ იქნება. და არ გექნებათ ძალა, რომ გაუძლოთ თქვენს მტერს. 38 და დაიღუპებით ხალხთა შორის და გშთანთქავთ თქვენ მიწა თქვენი მტრებისა. 39 და თქვენგან გადარჩენილნი ჩამოხმებიან თავიანთი ცოდვებისაგან თქვენი მტრების ქვეყანაში, და თავიანთი მამების ცოდვებისთვისაც ჩამოხმებიან. 40 „‘და აღიარებენ თავიანთ დანაშაულს და თავიანთი მამების ბრალს თავიანთ მუხთლობაში, როდესაც მე მიმუხთლეს, და კიდევ იმაში, რომ წავიდნენ ჩემს წინააღმდეგ, 41 და მეც წავალ მათ წინააღმდეგ, და მივიყვან მათი მტრების ქვეყანაში. მაშინ მოითრგუნება მათი წინადაუცვეთილი გული, მაშინ იგემებენ თავიანთი დანაშაულისათვის. 42 და გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან და ჩემს აღთქმას ისაკთან, და ჩემს აღთქმას აბრაამთან გავიხსენებ, ქვეყანასაც გავიხსენებ. 43 და როცა მიწა მიტოვებული იქნება მათგან და დაკმაყოფილდება თავისი შაბათებისთვის მათგან გაუკაცრიელების დროს, და იგემებენ თავიანთი დანაშაულისთვის, რადგან სამართალი ჩემი შეიზიზღეს და ჩემი წესები შეიძულა მათმა სულმა. 44 და მაინც მათი მტრების ქვეყანაში ყოფნისას არ გავაბეზრებ მათ და არ შევიძულებ იმ ზომამდე, რომ მოვსპო ისინი და დავარღვიო ჩემი აღთქმა მათთან. რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი. 45 და გავიხსენებ მათთვის აღთქმას წინაპრებთან, რომელნიც გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან ხალხთა თვალწინ, რათა ვიყო მათთვის ღმერთად. მე ვარ უფალი.’” 46 ესენია წესები და სამართალნი და რჯულნი, რომელნიც დაადგინა უფალმა ისრაელის ძეთა და თავის შორის სინაის მთაზე, მოსეს ხელით.