ლევიანნი
251 და უთხრა უფალმა მოსეს სინაის მთაზე: 2 „ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ თქვენ, დაისვენოს მიწამ უფლის შაბათს; 3 ექვსი წელი თესე შენი ყანა და ექვსი წელი გასხალი შენი ვენახი, და შეკრიბე მათი მოსავალი. 4 მეშვიდე წელი კი დასვენების შაბათი იყოს მიწისათვის, შაბათი უფლისა: ყანა შენი არ თესო და შენი ვენახი არ გასხლა. 5 ნაგერალი შენი სამკალისა არ მომკა და ყურძენი შენს გაუსხლავ ვაზთაგან არ დაკრიფო; ეს წელიწადი დასვენებისა იყოს მიწისათვის. 6 და იყოს შაბათი მიწისა საჭმელად თქვენთვის, შენთვის და შენი მონისათვის, და შენი მხევლისათვის, და შენი მოჯამაგირისათვის, და შენი ხიზნისათვის, რომელნიც შემოხიზნულნი არიან შენთან. 7 მთელი მისი მოსავალი იყოს საჭმელად შენი საქონლისა და მხეცისათვის, რომელნიც შენს ქვეყანაშია. 8 „‘გადაითვალე შვიდი შაბათობის წელი, შვიდჯერ შვიდი წელი, და იყოს შენთვის დრო ამ შვიდი შაბათობის წლებისა ორმოცდაცხრა წელი. 9 და აუწყე საყვირით მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს. შენდობის დღეს აუწყეთ საყვირით მთელ თქვენს ქვეყანაში. 10 და განწმიდეთ ორმოცდამეათე წელი და გამოაცხადეთ თავისუფლება ქვეყანაში მისი ყოველი მცხოვრებისათვის. ვერძობის წელი იყოს იგი თქვენთვის. და დაუბრუნდით თითოეული თავის სამფლობელოს, და თითოეული თავის საგვარეულოს დაუბრუნდით. 11 ვერძობისა იყოს თქვენთვის ეს ორმოცდამეათე წელი: არ თესოთ და არც მომკათ ნაგერალები, და არ დაკრიფოთ ყურძენი გაუსხლავი ვაზიდან. 12 რადგან ეს ვერძობაა. წმიდა იყოს ის თქვენთვის. ველიდან ჭამდეთ მის მოსავალს. 13 „‘ამ ვერძობის წელს თითოეული დაუბრუნდით თავის სამფლობელოს. 14 „‘და თუ მიჰყიდი რამეს შენს მოყვასს ან იყიდი რამეს შენი მოყვასისაგან, არ დაჩაგროთ ერთმანეთი. 15 ვერძობის შემდგომი წლების ანგარიშით იყიდე შენი მახლობლისგან, მოსავლის აღების წლების ანგარიშით. 16 რაც უფრო მეტი იქნება ეს წლები, მით უფრო გაზრდი მის ფასს, და რაც უფრო ნაკლები იქნება ეს წლები, მით უფრო შეამცირებ მის ფასს, რადგან მოსავალის ანგარიშით მოგყიდის. 17 ნუ დაჩაგრავთ ერთმანეთს; გეშინოდეს შენი ღმერთისა, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. 18 „‘აღასრულეთ ჩემი წესები, და ჩემი სამართალნი დაიცავით და აღასრულეთ ისინი, და იცხოვრებთ ქვეყანაზე მშვიდად. 19 და გამოსცემს მიწა თავის ნაყოფს და ჭამთ მაძღრად და იცხოვრებთ მშვიდად მასზე. 20 და თუ იტყვით, რა ვჭამოთ მეშვიდე წელს, როდესაც არ დავთესავთ და არ მოვკრეფთ ჩვენს მოსავალსო, 21 მოვავლენ ჩემს კურთხევას თქვენთვის მეექვსე წელს და იგი გამოსცემს სამი წლის მოსავალს. 22 და დათესავთ მერვე წელს, მაგრამ ჭამთ ძველი მოსავლიდან მეცხრე წლამდე. ვიდრე მოიწევა მისი მოსავალი, ჭამეთ ძველი. 23 „‘მიწა არ გაიყიდება სამუდამოდ, რადგან ჩემია მიწა. თქვენ ხომ ხიზნები ხართ ჩემთან. 24 თქვენი სამფლობელოს ყოველ მიწაზე ნება დართეთ მიწის გამოსყიდვისა. 25 „‘თუ გაღარიბდეს შენი ძმა და გაყიდოს თავისი სამფლობელო, მაშინ მივიდეს მისი ახლო ნათესავი მასთან და გამოისყიდოს მისი ძმის მიერ გაყიდული. 26 და თუ მას არა ჰყავს გამომსყიდველი, მაგრამ მას აქვს შესაძლებლობა და ჰპოვებს, რაც მას სჭირდება მისი გამოსყიდვისათვის, 27 გამოითვალოს წლები თავისი გასაყიდისა და დაუბრუნოს ნამეტი იმას, ვისაც მიჰყიდა, და დაუბრუნდება თავის სამფლობელოს. 28 თუ ვერ ჰპოვა მისმა ხელმა, რაც უნდა დაუბრუნოს მას, მის მიერ გაყიდული დარჩება მყიდველის ხელში ვერძობის წლამდე, ხოლო ვერძობის წელს გაეცლება იგი და დაუბრუნდება თავის სამფლობელოს. 29 „‘თუ ვინმემ გაყიდოს საცხოვრებელი სახლი გალავნიან ქალაქში, მისი გამოსყიდვა ნებადართულია წლის დასასრულამდე მისი გაყიდვიდან. წლის განმავლობაში შეიძლება მისი გამოსყიდვა. 30 თუ არ იქნა გამოსყიდული მთელი წლის დასასრულამდე, სახლი, რომელიც ქალაქშია, რომელსაც აქვს გალავანი, დარჩება მუდმივად მის მყიდველს მისი თაობებისათვის, არ ჩამოერთმევა მას ვერძობის წელს. 31 მაგრამ სოფლის სახლები, რომლებსაც არა აქვთ გალავანი გარშემო, მიჩნეულ უნდა იქნენ ამ ქვეყნის მინდვრის თანაბრად: მათთვის დასაშვებია გამოსყიდვა და ვერძობის წელს ისინი ჩამოერთმევა. 32 „‘ხოლო სახლები, რომლებიც ლევიანთა კუთვნილ ქალაქებშია, ყოველ დროს შეიძლება გამოსყიდულ იქნან ლევიანთა მიერ. 33 და თუ ლევიანთაგან რომელიმე არ გამოისყიდის, გაყიდული სახლი მათ სამფლობელო ქალაქში გავა ვერძობის წელს, რადგან სახლები ლევიანთა ქალაქებისა მათ მფლობელობაშია ისრაელის ძეთა შორის. 34 მათი ქალაქების ირგვლივ მინდვრები არ გაიყიდება, რადგან ეს მათი საუკუნო სამფლობელოა. 35 „‘თუ შენი ძმა გაღარიბდეს და დავრდომილი მოვიდეს შენთან, დაეხმარე მას, ხიზანია იგი თუ ახალმოსახლე, და იცხოვროს შენთან. 36 არ აიღო მისგან ვახში და სარგებელი და გეშინოდეს შენი ღმერთისა და იცოცხლოს შენმა ძმამ შენთან. 37 შენი ვერცხლი არ მისცე ვახშით და სარგებლით არ მისცე შენი პური. 38 მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა მოგცეთ თქვენ ქვეყანა ქანაანისა და ვიყო თქვენს ღმერთად. 39 „‘თუ გაღარიბდეს შენი ძმა შენთან და მოგეყიდოს შენ, არ დაიმონო იგი მონური შრომით. 40 როგორც დაქირავებული, როგორც ხიზანი იყოს იგი შენთან. ვერძობის წლამდე იმუშაოს შენთან, 41 და განვიდეს შენგან თვითონ და ძენი მისნი მასთან ერთად. და დაუბრუნდეს თავის საგვარეულოს, და თავის მამათა სამფლობელოს კვლავ დაეუფლოს. 42 რადგან ისინი ჩემი მონები არიან, რომელნიც გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. არ უნდა გაიყიდონ ისინი, როგორც მონები იყიდებიან. 43 არ გაბატონდე მასზე სისასტიკით და გეშინოდეს შენი ღმერთისა. 44 „‘შენი მონა და შენი მხევალი, რომლებიც გყავს, თქვენს გარშემო მყოფ ხალხთაგან იყვნენ. მათგან იყიდეთ მონა და მხევალი. 45 და აგრეთვე ხიზანთა შვილებისგან, რომელნიც ხიზნობენ თქვენთან, მათგან იყიდეთ და მათი საგვარეულოსგან, რომლებიც თქვენთანაა, რომელნიც დაიბადნენ თქვენს ქვეყანაში, და ისინი იქნებიან თქვენს საკუთრებად. 46 და დაიმკვიდრებთ თქვენი შვილებისათვის თქვენს შემდეგ საკუთარ სამკვიდროდ, საუკუნოდ დაიმონებთ მათ. ხოლო თქვენს ძმებში, ისრაელის ძეებში, არავინ არ მბრძანებლობდეს სასტიკად ერთმანეთზე. 47 „‘და თუ მწირი ან ხიზანი ჰპოვებს ქონებას შენთან, და ძმა შენი გაღარიბდეს მის წინაშე და მიეყიდოს მწირს, შენს ხიზანს, ან მწირის საგვარეულოს შთამომავალს, 48 გაყიდვის შემდეგ იქნება მისი გამოსყიდვა, ერთ-ერთი მისი ძმათაგანი გამოისყიდის მას, 49 ან ბიძამისი, ან მისი ბიძაშვილი გამოისყიდის მას; ან ვინმემ მისი სანათესაოდან უნდა გამოისყიდოს იგი; ან თუ შესაძლებლობა ექნება, თავად გამოისყიდის თავს. 50 და უანგარიშოს თავის მყიდველს იმ წლიდან, როდესაც მიეყიდა, ვერძობის წლამდე. და ვერცხლი მისი ნასყიდობისა განაწილდეს წლების რიცხვზე. როგორც დროებით დაქირავებული, ისე იყოს მასთან. 51 თუ კიდევ რჩება მრავალი წელი, მაშინ მათი რაოდენობის მიხედვით დააბრუნოს თავისი ნასყიდობის ვერცხლი. 52 და თუ მცირე ხანი დარჩა ვერძობის წლამდე, მაშინ დაითვალოს და წელთა რაოდენობის მიხედვით დააბრუნებს თავის გამოსასყიდს. 53 როგორც დაქირავებული, ისე იყოს იგი მასთან წლიდან წლამდე, და არ მბრძანებლობდეს მასზე სისასტიკით შენს თვალში. 54 „‘და თუ არ იქნა გამოსყიდული ამგვარად, მაშინ ვერძობის წელს გავიდეს თვითონ და მისი შვილები მასთან ერთად. 55 რადგან ჩემთვის მონები არიან ისრაელის ძენი. ისინი ჩემი მონები არიან, რომელნიც მე გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.”