ლევიანნი 13:2-17

By
იანვარი 14, 2014
2 „თუ ადამიანს, გამოაჩნდება თავისი სხეულის კანზე სიმსივნე, ან ლაქა, და თუ ეს გადაიქცევა მისი სხეულის კანზე კეთროვან წყლულად, მიყვანილ იქნას იგი აარონთან – მღვდელთან, ან ერთ-ერთთან მის ძეთაგან – მღვდელთან. 3 და შეხედავს მღვდელი სხეულის კანის წყლულს და, თუ თმა წყლულზე გათეთრებულია და პირი წყლულისა უფრო ღრმაა სხეულის კანზე, მაშინ ეს წყლული კეთრისაა. და დაინახავს მას მღვდელი და უწმიდურად შერაცხავს. 4 და თუ თეთრი ლაქაა მისი სხეულის კანზე და მისი პირი არააა უფრო ღრმა სხეულის კანზე და მასზე თმა არაა გათეთრებული, მღვდელი განამარტოებს წყლულიანს შვიდი დღით. 5 და ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული დარჩა ხილულად, მაგრამ არ გავრცელდა წყლული ტანზე, მაშინ განამარტოოს იგი შვიდი დღით მეორედ. 6 და ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს მეორედ, და თუ წყლული ნაკლებ შეიმჩნევა და არ გავრცელდა კანზე, მაშინ მღვდელი გამოაცხადებს მას სუფთად. სირსველია ის. და გაირეცხოს მან თავისი სამოსელი და სუფთა იქნება. 7 და თუ სირსველი ძალიან გავრცელდა კანზე მღვდლისგან მისი დათვალიერებისა და მისი სუფთად მიჩნევის შემდეგ, კვლავ უნდა ეჩვენოს მღვდელს. 8 და თუ შეამჩნევს მღვდელი, რომ, აჰა, გავრცელდა სირსველი კანზე, მაშინ შერაცხავს მას მღვდელი უწმიდურად. კეთრია ის. 9 „თუ კეთროვანი წყლული აქვს ადამიანს, მაშინ იგი მიყვანილ უნდა იქნას მღვდელთან. 10 და ნახავს მღვდელი და, თუ სიმსივნე თეთრია კანზე და გათეთრებულია თმა და ცოცხალი ხორცის ხორცმეტობაა სიმსივნეზე, 11 მაშინ ეს ძველისძველი კეთრია მის კანზე და მას მღვდელი უწმიდურად შერაცხავს. არ განამარტოვებს მას, რადგან იგი უკვე უწმიდურია. 12 და თუ კანის დაავადება გამოფურჩქნულია კანზე და ფარავს ეს დაავადება მთელ კანს – თავიდან ფეხებამდე – რის დანახვაც შეუძლია მღვდელს, 13 და დაინახავს მღვდელი, რომ დაფარა დაავადებამ მთელი მისი სხეული, მაშინ მიიჩნიოს მან ავადმყოფი დაავადებისაგან სუფთად, რადგან მთლად გათეთრდა, სუფთაა იგი. 14 როცა გამოჩნდება მასში ცოცხალი ხორცი, იგი უწმიდურია. 15 როცა დაინახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს, მიიჩნევს მას უწმიდურად. ცოცხალი ხორცი უწმიდურია, კეთრია იგი. 16 თუ ცოცხალი ხორცი კვლავ გათეთრდა, მაშინ მივა ის მღვდელთან, 17 და შეხედავს მას მღვდელი და ნახავს, რომ წყლული გათეთრებულია, მაშინ იგი სუფთად მიიჩნევს წყლულს. სუფთაა იგი.

კომენტარის დატოვება

Close
Close