ძველი აღთქმა
იობი
421 და მიუგო იობმა უფალს: 2 „ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია, და შენი განზრახვა არ დაბრკოლდება. 3 ვინაა ეს, განგებას რომ აბნელებს და ვერას გულისხმაჰყოფს? ასე ვლაპარაკობდი და არ გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი. 4 ისმინე და მე ვილაპარაკებ, შეგეკითხები, და მაცოდინე. 5 ყურმოკვრით მქონდა გაგონილი შენზე, ახლა კი ჩემმა თვალმა გიხილა შენ. 6 ამიტომ მძულს ჩემი თავი და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში.” 7 და მას შემდეგ, რაც წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები იობის მიმართ, უთხრა მან ელიფაზ თემანელს: „აღეგზნო ჩემი რისხვა შენს მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემს მსახურ იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე. 8 ახლა კი წაიყვანეთ შვიდი მოზვერი და შვიდი ჭედილა, და მიდით იობთან, ჩემს მსახურთან, და აღავლინეთ თქვენთვის სრულადდასაწველი. და ჩემი მსახური იობი ილოცებს თქვენთვის, რადგან მის ლოცვას მივიღებ, რათა თქვენი უტიფრობისამებრ არ მოგექცეთ, რომ ჩემს მსახურ იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.” 9 და წავიდნენ ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი და ისე მოიქცნენ, როგორც უფალმა უბრძანა მათ. და მიიღო უფალმა იობის ლოცვა. 10 და აღუდგინა უფალმა იობს უწინდელი წარმატება, როცა ილოცა იობმა თავისი მეგობრისათვის. ორმაგად მიუმატა უფალმა ყოველივე, რაც ებადა იობს. 11 და მივიდნენ მასთან ყველა მისი ძმა და ყველა მისი და, და ყველა მისი უწინდელი ნაცნობ-მეგობარი, და ჭამეს მასთან პური მის სახლში. და მათ უთანაგრძნეს მას და ანუგეშეს ყველა იმ უბედურების გამო, რაც უფალმა მოუვლინა მას, და თითოეულმა მისცა თითო ქესიტა და თითო ოქროს ბეჭედი. 12 და აკურთხა ღმერთმა იობის უკანასკნელი დღეები პირვანდელზე მეტად: და ჰყავდა მას თოთხმეტი ათასი ცხვარი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი სახედარი. 13 და ჰყავდა მას შვიდი ძე და სამი ასული. 14 და დაარქვა ერთს სახელად იემიმა, მეორეს – კეციყა და მესამეს – კერენ-ჰაფუქი. 15 და არ მოიძებნებოდნენ იობის ასულებისთანა ტურფა ქალები მთელს ქვეყანაზე. და მისცა მათ მამამ სამკვიდრო მათ ძმათა შორის. 16 და იცოცხლა იობმა ამის შემდეგ ასორმოცი წელი და იხილა მან თავისი შვილთაშვილები, ოთხი თაობა. 17 და მოკვდა იობი დღეებით სავსე.
თავი ორმოცდამეერთე ფსალმუნები