ძველი აღთქმა
იობი
311 „აღთქმა დავუდე ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა. 2 და რა არის ღვთის წილხვედრი მაღლიდან, ან სამკვიდრო ყოვლადძლიერისა ზესკნელიდან? 3 განა დაღუპვა არ არის უკეთურისათვის, და ავბედობა ბოროტმოქმედთათვის? 4 განა არ ხედავს ის ჩემს გზებს, და არ ითვლის ყოველ ჩემს ნაბიჯს? 5 თუ სიცრუით მევლოს და სამზაკვროდ ამჩქარებოდეს ფეხი, 6 ამწონოს მე მართალ სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება. 7 თუ გზიდან გადაეხვიოს ჩემს ტერფს, ან თვალებს აჰყოლოდეს ჩემი გული, და ბიწი მოსცხებოდეს ჩემს ხელებს, 8 მაშინ, დაე, მე ვთესო და სხვამ ჭამოს, და ამოიძირკვოს ჩემი მონაგარი. 9 თუ ჩემი გული ოდესმე ცდუნებულიყოს დედაკაცივით, და ჩემი მოყვასის კართან მეთვალთვალოს, 10 მაშინ სხვას უფქვას ჩემმა ცოლმა, და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე. 11 რადგან ეს მრუშობაა და სამსჯავრო დანაშაული. 12 რადგან ის ცეცხლი იქნებოდა აბადონამდე მშთანთქმელი, და ჩემი მოსავალის ფესვებამდე ჩამყოლი. 13 თუ ოდესმე ჩემი მსახურისა და მხევლისთვის სამართალზე უარი მეთქვას, როცა დავა ჰქონიათ ჩემთან, 14 მაშინ რაღა ვქნა, როცა ღმერთი აღდგება? როცა მომკითხავს, რა პასუხი გავცე? 15 განა მან, ვინც დედის მუცელში შემქმნა, მანვე არ შექმნა იგი? განა ჩვენ ერთმა ღმერთმა არ გამოგვსახა საშოში? 16 თუ ოდესმე უარი მეთქვას ღატაკთა სათხოვარზე, ან ქვრივის თვალები გამეწბილებინოს, 17 ან თუ ჩემი პურის ლუკმა მარტოს მეჭამოს და ობლისათვის არ გამეყოს, 18 რადგან ყრმობიდანვე ისე იზრდებოდა ჩემთან, როგორც მამასთან, და დედაჩემის მუცლიდანვე ვუძღვებოდი მას; 19 თუ მენახოს მომაკვდავი უსამოსლოდ ან გლახაკი უმოსასხამოდ, 20 და მის საზარდულს არ დაველოცე და არ გამთბარიყო ჩემი ცხვრის მატყლით, 21 თუ ობოლზე ხელი აღმემართოს, როცა კარიბჭესთან ჩემს შემწეს დავინახავდი, 22 მაშინ ბეჭს მოსწყდეს ჩემი მხარი და მკლავი იდაყვში გადამიტყდეს! 23 რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიმძიმეს ვერ გავუძლებ. 24 განა მიმიჩნევია ოქრო ჩემს სასოდ, ან ბაჯაღლო ოქრო იმედად დამისახავს? 25 განა გამიხარია იმით, რომ დიდძალი სიმდიდრე მაქვს? რომ ჩემმა ხელმა ბევრი მოიხვეჭა? 26 თუ დამენახოს მზე ან მთვარე დიდებულად მოარული, 27 და იდუმალ ცდუნებულიყოს ჩემი გული და ჩემს ბაგეებს ჩემი ხელისთვის ეკოცნოს, 28 ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგანაც მაღლა ღვთის უარმყოფელი ვიქნებოდი. 29 განა გამხარებია ჩემი მოძულის უბედურება? ან მიზეიმია მის ცუდ ამბავზე? 30 არ ჩამიდენინებია ცოდვა ჩემი სასისთვის, და წყევლით არ უთხოვია დაღუპვა მისი სულისა. 31 განა არ უთქვამთ ჩემი კარვის კაცებს: ‘ვინ არ გამძღარა მისი ხორცით?’ 32 მწირს გარეთ არ გაუთევია, კარი ღია მქონდა მგზავრისთვის. 33 განა დამიფარავს ჩემი დანაშაული ადამივით, რომ უბეში შემემალა ჩემი შეცოდება? 34 რადგან მზარავდა ხალხის სიმრავლე და საგვარეულოს ზიზღი მაშინებდა, ვდუმდი და კარში არ გავდიოდი. 35 ნეტავ ვინმე მომისმენდეს მე! აჰა, ესაა ჩემი ნიშანი! ყოვლადძლიერმა პასუხი გამცეს! ნეტავ საჩივრის წიგნი მომცა, ჩემი მოშუღლის ხელით ნაწერი! 36 განა მას ზურგით არ ვატარებდი? გვირგვინივით შემოვიხვევდი, 37 მოვახსენებდი ჩემს ყოველ ნაბიჯს, და როგორც მთავარს, ვეახლებოდი. 38 თუ ჩემზე ჩემს მიწას დაეჩივლოს და ხნულები ატირებულიყვნენ, 39 თუ მუქთად მეჭამოს მისი მოსავალი ან მის მეპატრონეთა სული შემეწუხებინოს, 40 მაშინ ნაცვლად ხორბლისა ეკალი ამოვიდეს, და ნაცვლად ქერისა – ღვარძლი!” ამით დასრულდა იობის სიტყვები.