ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
51 შვილო ჩემო, ჩემს სიბრძნეს მოუსმინე და ყური მიაპყარ ჩემს გონიერებას, 2 რათა შეინახო განსჯა და შენმა ბაგეებმა დაიცვან ცოდნა. 3 რადგან გოლეულ თაფლს აწვეთებენ ბაგენი უცხო ქალისა და ზეთივით მოედინებიან სიტყვები მისი, 4 მაგრამ მისი შედეგი მწარეა ნაღველივით და ბასრი, ვით ორლესული მახვილი. 5 მისი ფეხები სიკვდილში ჩადიან, შავეთს არიან ჩაჭიდებულნი მისი ნაბიჯები, 6 რომ ცხოვრების გზა არ გაიკაფოს, მისი გზა-კვალი არეულია, ვერ გაიგებ მას. 7 ახლა კი, შვილებო, მომისმინეთ მე და ნუ უკუიქცევით ჩემი ნათქვამისაგან. 8 მოაშორე მას შენი გზა და მისი სახლის ზღურბლს ნუ მიუახლოვდები, 9 რათა არ მისცე სხვას შენი მშვენება და შენი წლები – დაუნდობელს, 10 რათა არ გაძღნენ სხვანი შენი ძალით და შენი ნაშრომი არ წავიდეს უცხოთა სახლში. 11 და შენ აკვნესდები საბოლოოდ, შენი ხორცისა და შენი ტანის ჩამოხმობისას, 12 და იტყვი: „როგორ შევიძულე დარიგება? შეგონება შეიძაგა ჩემმა სულმა, 13 არ მოვუსმინე ჩემს მასწავლებელთა ხმას და ჩემს მოძღვართ არ მივაპყარ ჩემი ყური, 14 კინაღამ გავნადგურდი სრულიად კრებულში და საზოგადოებაში.” 15 სვი წყალი შენი ბინულიდან და ნაკადები შენი ჭიდან, 16 იდინონ შენმა წყაროებმა ქუჩაში და წყლის ნაკადულებმა –მოედნებზე. 17 მხოლოდ შენი იყოს ისინი და არა შენთან მყოფ უცხოთესლთა. 18 კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი სიყრმის ცოლით, 19 საყვარელი ფურ-ირმითა და მშვენიერი შველით. მისმა მკერდმა დაგაკმაყოფილოს ყოველ ჟამს, მისი სიყვარული გიტაცებდეს მუდამ! 20 რატომ გიტაცებს, შვილო ჩემო, უცხო ქალი და უცხოელის მკერდზე მოხვევა? 21 რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზები და მის ყოველ სარბიელს ის თელავს. 22 საკუთარი ურჯულოებით იქნება უკეთური შეპყრობილი, და მისი ცოდვის ბორკილები დააკავებენ მას. 23 უშეგონებოდ მოკვდება იგი და თავისი უზომო სიბრიყვის წარიტაცება.