6 ერთხელ, როცა ჩემი სახლიდან დარაბაში გავიჭვრიტე, 7 ბრიყვთა შორის დავინახე, ჭაბუკთა შორის შევნიშნე უგუნური ყმაწვილი, 8 რომელიც ქუჩაზე გადადიოდა მისი სახლის კუთხესთან და იმ ქალის სახლისაკენ წავიდა 9 საღამოს მწუხრში, ღამის სიბნელესა და წყვდიადში. 10 და აჰა, გამოდის ქალი მის შესახვედრად, მეძავის სამოსითა და მზაკვარი გულით. 11 თავხედია ის და თავშეუკავებელი, ფეხი შინ არ უჩერდება: 12 ხან ქუჩაშია, ხან მოედნებზე და ყოველ კუთხესთანაა ჩასაფრებული. 13 აჰა, დაიჭირა, ჰკოცნის და ურცხვი სახით ეუბნება: 14 „სამადლობელო მსხვერპლი მქონდა შესაწირი, დღეს შევასრულე ჩემი აღთქმა, 15 ამიტომ გამოვედი შენს შესახვედრად, შენი სახის საძებრად და გიპოვე კიდეც; 16 საფენები დავაგე ჩემს სარეცელზე, ეგვიპტური ფერადი ქსოვილი; 17 ჩემს საწოლს მური ვაპკურე, ალოე და დარიჩინი. 18 შემოდი, გავძღეთ დილამდე სიყვარულით, დავტკბეთ ალერსით, 19 რადგან ჩემი ქმარი შინ არ არის, შორ გზაზეა წასული, 20 ფულით სავსე ქისა აიღო ხელში და მხოლოდ სავსე მთვარეობისას დაბრუნდება შინ.“ 21 და აცდუნა თავისი სიტყვებით, თავისი დაშაქრული ენით მოხიბლა იგი. 22 მაშინვე გაჰყვა ყმაწვილი, როგორც დასაკლავი ხარი, როგორც შეპყრობილი ცხოველი, 23 სანამ ისარი არ გაუვლის ღვიძლში, ფრინველივით მიისწრაფვის ის მახისკენ და არ იცის, რომ თავს იღუპავს. 24 ახლა კი მისმინეთ, ჩემო შვილებო, მომისმინეთ მე და ყური დაუგდეთ ჩემს ბაგეთა ნათქვამს: 25 ნუ მიბრუნდება თქვენი გული მისი გზებისკენ, ნუ იხეტიალებთ მის ბილიკებზე, 26 რადგან მრავალი განგმირული დასცა მან და რიცხვი არა აქვს მის მსხვეპლთ. 27 მისი სახლი შავეთის გზაა, მკვდართა სავანეში ჩამავალი.