იერემია
41 „თუ მობრუნდები, ისრაელ,” – სიტყვა უფლისა, – „ჩემსკენ მობრუნდები, და თუ მომაშორებ შენს სისაძაგლეებს, მაშინ აღარ იხეტიალებ. 2 და თუ დაიფიცებ: ‘როგორც ცოცხალია უფალი!’ ჭეშმარიტებაში, სამართალსა და სიმართლეში, მაშინ იკურთხებიან მასში ხალხები და მასშივე იქნებიან ქებულნი.” 3 რადგან ასე უთხრა უფალმა იუდას კაცებს და იერუსალიმს: „მოხანით თქვენთვის ანეული და ნუ დათესავთ ეკალთა შორის. 4 წინადაიცვითეთ უფლისათვის და მოიცილეთ წინადაუცვეთლობა თქვენი გულისა, იუდას კაცებო და იერუსალიმის მკვიდრნო, ცეცხლივით არ გამოვიდეს ჩემი გულისწყრომა და არ აგიზგიზდეს ჩაუქრობლად თქვენი ბოროტი ნამოქმედარის გამო.” 5 აუწყეთ იუდაში და იერუსალიმში: „გამოაცხადეთ და თქვით, აახმიანეთ საყვირი ქვეყანაში, იყვირეთ მთელი ხმით და თქვით: შეგროვდით და წავიდეთ გამაგრებულ ქალაქებში. 6 ‘სიონისკენ!’ აღმართეთ ალამი. გაიქეცით, ნუ გაჩერდებით, რადგან უბედურება და დიდი დაღუპვა მომაქვს ჩრდილოეთიდან.” 7 ლომი გამოვიდა თავისი ტევრიდან, და ხალხების მომსპობი დაიძრა, გამოვიდა თავისი ადგილიდან, რათა გაატიალოს შენი ქვეყანა. აოხრდება შენი ქალაქები, გაუკაცრიელდება. 8 ამის გამო შემოირტყით ძაძა, იგლოვეთ და იქვითინეთ: „რადგან უფლის რისხვის ალი არ მიქცეულა ჩვენგან.” 9 „და იქნება იმ დღეს,” – სიტყვა უფლისა, – „ჩაკვდება მეფის გული და მთავართა გული, და შეძრწუნდებიან მღვდლები და წინასწარმეტყველნი გაოცდებიან. 10 და ვთქვი მე: ‘ოი, უფალო ღმერთო! მართლაც შენ მოატყუე ეს ხალხი და იერუსალიმი, რომ უთხარი: ‘მშვიდობა გექნებათ თქვენ!’ მახვილი კი მისწვდა მათ სულს.’ 11 იმ დროს ნათქვამი იქნება ამ ერისა და იერუსალიმის მიმართ: ‘მწველი ქარი მოდის უდაბნოს ხრიოკ მაღლობებიდან ჩემი ერის ასულის გზაზე – არც გასანიავებლად და არც გასაწმედად.’” 12 ქარი, ამათზე ძლიერი, მოვა ჩემთან. ახლა მეც წარმოვთქვამ განაჩენს მათზე. 13 აჰა, ღრუბელივით ამოვა იგი და ქარიშხალივით მისი ეტლები. არწივებზე სწრაფნი არიან მისი ცხენები, ვაი ჩვენ, რადგან გავიძარცვეთ.” 14 გაირეცხე ბოროტისაგან შენი გული, იერუსალიმო, რათა გადარჩე. როდემდე იბუდებენ შენში შენი ბოროტეული ზრახვანი. 15 რადგან ხმა აუწყებს დანიდან და უბედურებას აცხადებს ეფრემის მთიდან. 16 შეახსენეთ ხალხებს, აჰა, გამოაცხადეთ, ალყის შემომრტყმელნი მოდიან შორეული ქვეყნიდან და თავიანთი ხმით აყრუებენ იუდას ქალაქებს. 17 ‘როგორც ველის მცველნი, მის წინააღმდეგ არიან ირგვლივ, რადგან მე აღმიდგა,’ სიტყვა უფლისა. 18 შენმა გზამ და შენმა საქმეებმა მოგიტანა შენ ესენი, ეს არის შენი ბოროტება, რარიგ მწარეა, რადგან მიაღწია შენს გულამდე. 19 შიგანი ჩემი, შიგანი ჩემი! მე ვკანკალებ! მტკივა ჩემი გულის კედლები, მიკვნესის გული! არ დავდუმდები, რადგან საყვირის ხმა მესმის, სულო ჩემო, საბრძოლო ყიჟინა! 20 უბედურება უბედურებას მოსდევს, რადგან გაიძარცვა მთელი ქვეყანა, უცებ გაიძარცვა ჩემი კარვები, წამში – ჩემი ფარდები. 21 როდემდე უნდა ვუყურებდე ალამს, მესმოდეს რქის საყვირის ხმა? 22 რადგან სულელია ჩემი ხალხი, მე არ მიცნობს, ბრიყვი შვილები არიან ისინი. უგნურნი არიან ისინი, მაგრამ ბრძენნი –საბოროტოდ, სიკეთის გაკეთება არ იციან. 23 ვუყურებ ქვეყანას და აჰა, უსახურია და უდაბური, ცას – და არ არის მისგან ნათელი. 24 ვუყურებ მთებს და აჰა, ირყევიან ისინი და ზანზარებს ყველა ბორცვი. 25 ვუყურებ და აჰა, ადამიანი აღარ არის და ცის ყველა ფრინველი გაფრინდა, 26 ვუყურებ და აჰა, ნაყოფიერი მხარე უდაბნოდ იქცა და ყველა მისი ქალაქი გაცამტვერდა უფლის წინაშე, მისი რისხვის ალის წინაშე. 27 რადგან ასე თქვა უფალმა: ‘მთელი ქვეყანა გაუკაცრიელდება, მაგრამ ბოლომდე არ მოვსპობ. 28 ამაზე იგლოვებს ქვეყანა და მაღლა ცა დაბნელდება, რადგან მე წარმოვთქვი, მე ჩავიფიქრე არ ვინანებ და არ დავიხევ მისგან. 29 მხედართა და მშვილდოსანთა ხმაზე გარბის მთელი ქალაქი, შევიდნენ უღრანებში და ავიდნენ კლდეებზე, მთელი ქალაქი მიტოვებულია და კაციშვილი არ ცხოვრობს მასში.” 30 შენ კი, გაძარცვულო, რას გააკეთებ? თუმცა ჩაიცმევ მეწამულს, თუმცა შეიმკობი ოქროს სამკაულებით, თუმცა გაიფართოვებ შენს თვალებს საგრემლით, ამაოდ ლამაზდები – შეგიზიზღეს საყვარლებმა, შენს სულს ეძიებენ. 31 რადგან ხმა მესმა, თითქოს მშობიარე ქალისა, კივილი პირველად მშობიარისა, ხმა სიონის ასულისა. ქვითინით გაიწვდის ის თავის ხელებს: ‘ვაიმე, დაიღალა ჩემი სული მკვლელების წინაშე!’”