ძველი აღთქმა
იერემია
31 ამბობს უფალი: „თუ კაცი გაუშვებს თავის ცოლს, მისგან წავა და სხვა კაცს გაჰყვება, განა კიდევ დაბრუნდება ეს კაცი იმ ცოლთან? განა სიბილწით არ შეიბილწება ის ქვეყანა? შენ კი მეძაობდი მრავალ საყვარელთან და ახლა ბრუნდები ჩემთან!” – სიტყვა უფლისა. – 2 „მიაპყარ შენი თვალები ხრიოკ მაღლობებს და ნახე, სად არ უმრუშიათ შენთან? გზებზე უჯექი მათ, როგორც არაბი უდაბნოში. და შებილწე შენ ქვეყანა შენი სიძვითა და შენი ბოროტებით. 3 და შეკავებული იყო წვიმები და გაზაფხულის წვიმა არ იყო, მაგრამ შენ გქონდა მეძავი ქალის შუბლი – უკუაგდე სირცხვილი. 4 განა ახლახან არ დამიძახე: ‘ჩემო მამავ, ჩემი სიყმაწვილის მეგობარი ხარ შენ. 5 საუკუნოდ შეინარჩუნებს თავის რისხვას? ან სამარადისოდ შეინახავს?’ თქვი ეს და ჩაიდინე ბოროტებანი, როგორც კი შეგეძლო!” 6 და მითხრა მე უფალმა მეფე იოშიას დღეებში: „შენ ნახე, რაც გააკეთა განდგომილმა ისრაელმა? მიდიოდა ის ყველა მაღალ მთაზე და ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ და იქ მეძაობდა. 7 და ვთქვი მე: ‘ყოველივე ამის გაკეთების შემდეგ მობრუნდება ჩემსკენ!’ და არ მობრუნდა. და ნახა ეს მისმა მოღალატე დამ – იუდამ. 8 და დავინახე, რომ ყოველივე იმის გამო, რომ იმრუშა განდგომილმა ისრაელმა, გავუშვი იგი და მივეცი მას გაყრის წერილი, არ შეეშინდა მის მოღალატე დას – იუდას, და წავიდა და ისიძვა მანაც. 9 და თავისი თავქარიანი სიძვით შებილწა მან ეს ქვეყანა და მრუშობდა ის ქვასთან და ხესთან. 10 და მაინც არ მობრუნდა ჩემსკენ მთელი გულით იუდა, მისი მოღალატე და, არამედ მხოლოდ თვალთმაქცურად!” – სიტყვა უფლისა. 11 და მითხრა მე უფალმა: „განდგომილი ისრაელის სული მოღალატე იუდაზე უფრო მართალია. 12 წადი და გამოაცხადე ეს სიტყვები ჩრდილოეთში და თქვი: ‘მობრუნდი, განდგომილო ისრაელო! მე არ დავცემ ჩემს სახეს თქვენზე რისხვით, რადგან შემწყალებელი ვარ მე!’ – სიტყვა უფლისა. – „და არ შეგინახავ ბოროტებას საუკუნოდ. 13 ოღონდ შეიცანი შენი ურჯულოება, რომ შენი უფალი ღმერთის მიმართ ჩაიდინე დანაშაული და გაჰფანტე შენი გზები უცხოებში, ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ და ჩემს ხმას არ მოუსმინეთ!” – სიტყვა უფლისა. – 14 „მობრუნდით, განდგომილო ძენო,” – სიტყვა უფლისა, – „რადგან მე პატრონი ვარ თქვენი, აგიყვანთ თქვენ ერთი ქალაქიდან და ორი გვარიდან და მოგიყვანთ სიონში. 15 და მოგცემთ თქვენ მწყემსებს ჩემი გულისამებრ და დაგმწყემსავენ თქვენ ცოდნითა და გაგებით. 16 და როდესაც გამრავლდებით და ინაყოფიერებთ იმ დღეებში”, – სიტყვა უფლისა, – „აღარ იტყვიან მეტად: ‘კიდობანი უფლის აღთქმისა’ და არ მოუვათ გულში და არ გაიხსენებენ მას, და არ მოისაკლისებენ მას და აღარ გაკეთდება ის. 17 იმ დროს იერუსალიმს უწოდებენ ‘უფლის ტახტს’ და ყველა ხალხები უფლის სახელით შეიკრიბებიან იერუსალიმში და აღარ ივლიან მეტად თავიანთი ბოროტი გულის შეუპოვრობით. 18 იმ დღეებში წავლენ იუდას სახლის ძენი ისრაელის სახლთან ერთად და მივლენ ჩრდილოეთის ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელიც მე დავუმკვიდრე თქვენს მამებს. 19 და მე ვთქვი: ‘როგორ დაგაყენო ძეთა შორის და როგორ მოგცე შენ სანატრელი ქვეყანა, უმშვენიერესი სამკვიდრებელი ხალხებისა?’ და მიწოდებ მე: ‘ჩემო მამავ!’ და არ განდგები ჩემგან. 20 მართლაც, როგორც ცოლი ღალატობს თავის ქმარს, ისე მიღალატეთ თქვენ, ისრაელის სახლო!” – სიტყვა უფლისა. 21 ხრიოკ მაღლობებზე ისმის ხმა, ისრაელის ძეთა მავედრებელი ტირილი, რადგან მათ გაიმრუდეს თავიანთი გზა, დაივიწყეს უფალი, მათი ღმერთი. 22 „მობრუნდით, განდგომილო ძენო, მე განვკურნავ თქვენს განდგომას!” აჰა, ჩვენ მოვედით შენთან, რადგან შენა ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი. 23 მართლაც, მხოლოდ სიცრუეა ბორცვებიდან და ხმაური მთებიდან, მართლაც უფალში, ჩვენს ღმერთშია ისრაელის ხსნა. 24 და სირცხვილი ჭამდა ჩვენი სიყმაწვილიდან ჩვენი მამების ნაჯაფარს, მათ ცხვარსა და მათ ძროხას, მათ ძეთ და მათ ასულთ. 25 დავწვეთ სირცხვილში და ჩვენი შერცხვენა დაგვფარავს ჩვენ, რადგან უფალს, ჩვენს ღმერთს, შევცოდეთ ჩვენ და ჩვენმა მამებმა ჩვენი სიყმაწვილიდან, და დღემდე არ ვუსმენდით უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას.”