იერემია 15

ივლისი 10, 2015
ძველი აღთქმა
იერემია
151 და მითხრა მე უფალმა: „თვით მოსე და სამუელიც რომ დადგნენ ჩემს წინაშე, არ იქნება ჩემი სული ამ ხალხთან. გაგზავნეთ ისინი ჩემი პირისაგან და წავიდნენ. 2 და თუ გეტყვიან: ‘სად წავიდეთ?’ უთხარი მათ, რომ ასე თქვა უფალმა: ‘ვინც განწირულია სასიკვდილოდ, მოკვდეს, ვინც განწირულია მახვილისთვის, მახვილისთვის იყოს, ვინც განწირულია საშიმშილოდ, იშიმშილოს, და ვინც განწირულია დასატყვევებლად, დატყვევდეს!’ 3 და მოვიკითხავ მათ ოთხი გვარით,” – სიტყვა უფლისა, – მახვილით –მოსაკლავად, ძაღლებით – სათრევად, ცის ფრინველით და დედამიწის ცხოველით –შესაჭმელად და მოსასპობად. 4 და გავხდი მათ შიშისზარად ქვეყნის ყველა სამეფოსთვის მენაშეს, ხიზკიაჰუს ძის, იუდას მეფის გამო იმაზე, რაც გააკეთა მან იერუსალიმში. 5 რადგან ვინ შეგიბრალებს შენ, იერუსალიმო, და ვინ თანაგიგრძნობს, ვინ შემოუხვევს შენი მშვიდობის საკითხავად? 6 შენ დამტოვე მე,” – სიტყვა უფლისა, – „უკან წახვედი; და მე გამოვიწვდენ შენზე ხელს და დაგღუპავ. დავიღალე მე მიტევებით. 7 განიავებით გავანიავე ისინი ქვეყნის კარიბჭეებში, დავტოვე უშვილოდ, მოვსპე ჩემი ერი, თავიანთი გზებიდან კი არ მობრუნდნენ. 8 გამიმრავლდა მე მისი ქვრივები ზღვის ქვიშაზე მეტად და მოვუყვანე მათ, ჭაბუკის დედას, მძარცველი შუადღისას, მოულოდნელად დავეცი მასზე ძრწოლა და ელდა. 9 საცოდავია შვილის მშობელი, სულს ღაფავს; ჩაესვენა მისი მზე დღისით, შერცხვენილი და შეურაცხყოფილია; მათ ნარჩენს კი მახვილს მივცემ მათი მტრის წინაშე,” – სიტყვა უფლისა. 10 ვაი მე, დედაჩემო, რადგან მშობე მე მთელი ქვეყნის მოცილედ და მოდავედ; არც გამისესხებია და არც ჩემთვის უსესხებიათ, მაგრამ ყველა მწყევლის მე. 11 და თქვა უფალმა: „რომ არ გამეთავისუფლებინე სასიკეთოდ, უბედურობისა და გაჭირვების ჟამს მტერს არ შეგამთხვევდი. 12 განა გატეხავს რკინა ჩრდილოეთის რკინას და სპილენძს. 13 შენს სიმდიდრესა და შენს საუნჯეს საძარცვავად მივცემ, უსასყიდლოდ. ყველა შენი ცოდვის გამო და ყველა შენს საზღვარში. 14 და გადავიყვან შენს მტრებს ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან გაღვივდა ცეცხლი ჩემი რისხვისა, თქვენზე აღეგზნება.” 15 შენ იცი, უფალო! გამიხსენე და მომხედე მე და შური იძიე ჩემს გამო ჩემს მდევნელებზე! შენი სულგრძელობით ნუ წამიყვან მე, იცოდე, შენს გამო ვიტანდი სირცხვილს. 16 შევიგნე მე შენი სიტყვები და შევჭამე ისინი, და შენი სიტყვები სიხარულად მექცა და გულის სიმხიარულედ, რადგან შენი სახელი მქვია მე, უფალო, ღმერთო მხედრობათა. 17 არ ვმჯდარვარ მე მლაღობელთა წრეში და არ მიმხიარულია; შენი ხელის ქვეშ ვიჯექი მარტოდ, რადგან მრისხანებით გამავსე მე. 18 რატომ არის ჩემი ტკივილი განუწყვეტელი და ჩემი ჭრილობა – განუკურნელი, რომ არ მიიღებს წამლობას? მატყუარა, არასაიმედო ხევად მექეცი. 19 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „თუ მოინანიებ, დაგაბრუნებ და ჩემს წინაშე იდგები. და თუ გამოიღებ ძვირფასს უფასურიდან, ჩემი პირივით იქნები. ისინი მობრუნდებიან შენსკენ, მაგრამ შენ არ მიბრუნდები მათკენ. 20 და დაგდებ ამ ხალხის წინ მიუდგომელ სპილენძის გალავნად და შეგებრძოლებიან შენ, მაგრამ ვერ დაგძლევენ, რადგან შენთანა ვარ, შენს სახსნელად და შენს გადასარჩენად!” – სიტყვა უფლისა. – 21 „და გადაგარჩენ ბოროტთა მუჭს და დაგიხსნი სასტიკთა ხელიდან.”
თავი მეთოთხმეტე                                                                                                                      თავი მეთექვსმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close