გამოსვლა 33

აპრილი 22, 2015
ძველი აღთქმა
33 1 და უთხრა უფალმა მოსეს: „წადით ახლა აქედან შენ და შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, იმ ქვეყანაში, რომელიც შევფიცე აბრაამს, ისაკს და იაკობს ასე: ‘შენს შთამომავლობას მივცემ მას.’ 2 წინ წაგიმძღვარებ ანგელოზს და გავრეკავ ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსეველებს. 3 [და ის შეგიყვანთ] ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი. ხოლო მე თვითონ არ ამოვალ შენს შორის, რადგან ქედფიცხელი ხალხი ხარ შენ, რათა შენც არ მოგსპო გზაზე.” 4 და ისმინა ხალხმა ეს მრისხანე სიტყვა და იგლოვეს, და არავინ მორთულა თავისი სამკაულებით. 5 და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘ქედფიცხელი ხალხი ხართ თქვენ. ერთი წამითაც რომ გავიაროთ თქვენს შორის, მოგსპობთ. ახლა მოიხსენი შენი სამკაულები და მე ვიცი, რაც უნდა გიყო შენ.’” 6 და ჩამოიხსნეს ისრაელის ძეთ თავიანთი სამკაულები ხორების მთასთან. 7 და აიღო მოსემ კარავი და გაშალა თავისთვის ბანაკის გარეთ, ბანაკის მოშორებით, და უწოდა მას საკრებულო კარავი. და ყველა, ვინც ეძიებდა უფალს, გადიოდა საკრებულო კარავთან, რომელიც ბანაკს გარეთ იყო. 8 და როცა გამოდიოდა მოსე კარავთან, დგებოდა მთელი ხალხი. და ჩერდებოდა თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან, და თვალს ადევნებდა მოსეს, ვიდრე იგი კარავში შევიდოდა. 9 და როცა შედიოდა მოსე კარავში, ეშვებოდა სვეტი ღრუბლისა და იდგა კარვის შესასვლელთან, და უფალი ელაპარაკებოდა მოსეს. 10 და ხედავდა მთელი ხალხი ღრუბლის სვეტს, კარვის შესასვლელთან აღმართულს. 11 და ელაპარაკებოდა [უფალი] მოსეს პირისპირ, როგორც კაცი ელაპარაკოს თავის მეგობარს, და იგი ბრუნდებოდა ბანაკში. ხოლო მსახური მისი იესო, ძე ნავესი, ჭაბუკი, არ შორდებოდა კარავს. 12 და უთხა მოსემ უფალს: „შეხედე, შენ მეუბნები, ‘გაუძეხი ამ ხალხს,’ და არ მაუწყე, ვის გამოგზავნი ჩემთან ერთად. შენ მითხარი: ‘გიცნობ სახელით და შენ ჰპოვე მადლი ჩემს თვალში.’ 13 და ახლა, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მაუწყე შენი გზები, რომ შეგიცნო შენ, რათა ვპოვო მადლი შენს თვალში; და ნუ დაივიწყებ, რომ შენი ერია ეს ხალხი.” 14 და თქვა: „მე თავად წამოვალ და დაგასვენებ შენ.” 15 და უთხრა მას: „თუ შენ თავად არ წამოხვალ, ნუ გაგვიყვან აქედან. 16 და რით გახდება საცნაური, რომ ვპოვეთ მადლი შენს თვალში მე და შენმა ხალხმა? ხომ იმით, რომ წამოხვალ ჩვენთან და ამით გამორჩეულნი ვიქნებით მე და შენი ხალხი ყველა სხვა ხალხისგან, რაც კი დედამიწის ზურგზეა.” 17 და უთხრა უფალმა მოსეს ეს სიტყვაც: „რაც თქვი, გავაკეთებ, რადგან ჰპოვე შენ მადლი ჩემს თვალში და გიცნობ სახელით.” 18 და უთხრა: „მაჩვენე მე შენი დიდება.” 19 და უთხრა: „მე ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინაშე და წარმოვთქვამ უფლის სახელს შენს წინ და შევიწყალებ, ვინც უნდა შევიწყალო, და შევიბრალებ, ვინც უნდა შევიბრალო”. 20 და თქვა: „ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს, მიხილოს და ცოცხალი დარჩეს”. 21 და თქვა უფალმა: „აჰა ადგილია ჩემთან. დადექი ამ კლდეზე 22 და, როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში ჩაგაყენებ და დაგფარავ ჩემი ხელით, ვიდრე ჩავივლიდე. 23 და როცა მოგაშორებ ჩემს ხელს, იხილავ ჩემს ზურგს, ხოლო ჩემი სახე არ გამოჩნდება”.
თავი ოცდამეთორმეტე                                                                                                        თავი ოცდამეთოთხმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close