14 მე ვუთხარი მას: “უფალო ჩემო, შენ იცი”. და მან მითხრა: “ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები. გაირეცხეს თავიანთი სამოსელი და გაათეთრეს ისინი კრავის სისხლით. 15 ამიტომ არიან ღვთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში. და ტახტზე მჯდომარე გაშლის თავის კარავს მათზე. 16 აღარ მოშივდებათ, აღარც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და არავითარი პაპანაქება. 17 ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, აძოვებს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებზე მიიყვანს, და მოსწმედს მათ ღმერთი თვალთაგან ყველა ცრემლს”.