ფსალმუნები 9

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

91 გუნდის ლოტბარს, ძის სიკვდილზე. ფსალმუნი დავითისა. გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს. 2 ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო. 3 ოდეს მოიქცევიან ჩემი მტრები უკან, მარცხს განიცდიან და დაიღუპებიან შენს წინაშე. 4 რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე, სიმართლის მსაჯულო. 5 განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე უკუნითი უკუნისამდე. 6 მტერი გაქრა, გაპარტახდა სამუდამოდ და შენ დაანგრიე ქალაქები, მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება. 7 ხოლო უფალი იარსებებს უკუნისამდე. მან მოამზადა სამართლისთვის თავისი ტახტი. 8 და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით. 9 უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს. 10 შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს. 11 უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრს, აუწყეთ მისი საქმენი ერებს. 12 რადგან იძიებს მათ სისხლს, გაიხსენებს მათ, არ დაივიწყებს ტვირთმძიმეთა გოდებას. 13 შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისაგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან, 14 რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება, კარიბჭეში სიონის ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით. 15 ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათს განმზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი. 16 ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი; ბოროტი გაება თავისი ხელებით დაგებულ მახეში. 17 დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი. 18 სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ – დაკარგული უპოვართა იმედი. 19 აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; დაე, გასამართლდნენ ერები შენს წინაშე. 20 უფალო, შიშის ზარი დაეცი მათ; დაე შეიტყონ ერებმა, რომ კაცუნები არიან ისინი. 21 რატომ დგახარ, უფალო, შორს? თვალს მარიდებ გაჭივების ჟამს? 22 ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს. 23 რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს. 24 ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი. 25 გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია შენი სამართალი მისდამი; თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს. 26 თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე”. 27 მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა – სიმრუდე და უკუღმართობაა. 28 ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ. 29 დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად; მოიტაცებს, ოდეს მოიმწყვდევს თავის ბადეში. 30 მოიზნიქება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს. 31 თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, სახე დამალა, რომ არ იხილოს არასოდეს.” 32 აღსდექ, უფალო! ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ ჩაგრულებს. 33 რად უგულებელყო ბოროტმა ღმერთი და გულში თქვა: „შენ არ მოჰკითხავ”? 34 უმზერ შენ, ვინაიდან ხედავ წყენასა და შევიწროებას, რათა სამაგიერო გადაუხადო შენი ხელით, შენ განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ იყავ ობლის შემწე. 35 გადაამსხვრიე ბოროტისა და უკეთურის მკლავი, რომ ეძიონ მისი ბოროტება და ვერ იპოვონ. 36 უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან წარმართნი მისი ქვეყნიდან. 37 უფალო, მოისმინე მორჩილთა ნატვრა; შეამზადე მათი გული, მიაპყარ ყური; 38 გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე.
ფსალმუნი 8                                                                                                  ფსალმუნი 10

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close